თბილისის მერი გიგი უგულავა თბილისის საკრებულოს მიმართავს და 2013 წლის ბიუჯეტის გაზრდას ითხოვს. მისი თქმით, ცვლილება რამდენიმე მიმართულებას შეეხება.
იგეგმება საბავშვო ბაღების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, ავტობუსების პარკის განახლება, შემოერთებულ ტერიტორიებზე მოსახლეობის სასმელი წყლით უზრუნველყოფა. მერიის პრესსამსახურის ცნობით, მერია მზად არის, დევნილთა სამინისტროს თანადაფინანსებით დევნილთა საცხოვრებლებში გაზის მრიცხველები დაამონტაჟოს.
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი მუსხელიშვილმა, საპასუხოდ განაცხადა, რომ ცვლილებებს კომისია და ფრაქციები შესწავლიან და მხოლოდ მას შემდეგ გადაწყდება, დაუჭერენ თუ არა მხარს. "თუ მერია რამე კარგს ფიქრობს, ჩვენ აუცილებლად დავუჭერთ მხარს, მაგრამ ეს დოკუმენტი ჯერ განხილვის საგანი არ ყოფილა უმრავლესობის რიგებში. დოკუმენტი შემოვიდა დღეს და კომისიები სწავლობენ მას. ალბათ, 2 დღეში გაგვაცნობენ დეტალურად", - აღნიშნავს მუსხელიშვილი.
ცვლილებების შედეგად, ბიუჯეტის მოცულობა 17 მილიონი ლარით გაიზრდება და 740 მლნ ლარით განისაზღვრება. თბილისის მერმა განაცხადა,რომ საკრებულოს ყველა ფრაქციასთან თანამშრომლობისთვისა და თითოეული საკითხის განხილვისთვის მზადაა.





