ახალაიას საქმე

პროკურორი: ახალაიას პროცესზე ადვოკატებმა ბრალდების არგუმენტები ვერ გააბათილეს

ბაჩო ახალაია
wikipedia.org

თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას, სასამართლო პროცესი ხვალ განახლდება. დღეს ბრალდების მხარემ დასკვნითი სიტყვა წარმოადგინა. დასკვნითი სიტყვით ასევე გამოვიდნენ ბაჩო ახალაიასა და კიდევ სამი პირის - დავით ჩუბინიძის, დავით გიორგაშვილისა და ვლადიმერ ზანგიევის ადვოკატები.

სასამართლო პროცესზე პროკურორმა შუქრი ზაალიშვილმა თქვა, რომ ადვოკატებმა ბრალდების არგუმენტები ვერ გააბათილეს.

"მოწმეთა ჩვენებები და აუდიო-ვიდეო ჩანაწერები არსებობს, რომლებიც უტყუარად ადასტურებენ, რომ ბაჩანა ახალაიამ და სხვა ბრალდებულებმა ჩაიდინეს ის დანაშაულები, რაც წარდგენილა ბრალდებაში. დღეს სამმა ადვოკატმა წარმოადგინა დასკვნითი სიტყვა და მათ ვერ გააბათილეს ბრალდების არგუმენტები. რაც შეეხება რეინჯერების კურსს, დაზარალებულებს საერთოდ არ გაუვლიათ ეს კურსი. არ არსებობს პროგრამა და დოკუმენტი, და ეს იყო მოგონილი იმისათვის, რომ შეენიღბათ ცემის და წამების ფაქტები", - აღნიშნა ზაალიშვილმა.

პროცესს დაზარალებული მხარე არ ესწრებოდა. პროკურორ შუქრი ზაალიშვილის თქმით, ისინი სასამართლოში ახლობლებთან ერთად მივიდნენ, რამაც ბრალდებულების უკმაყოფილება გამოიწვია. ზაალიშვილმა კი დაზარალებულებს სთხოვა, დარბაზში არ შესულიყვნენ.

სასამართლოში 2012 წლის აგვისტოში მომხდარი ფაქტი განიხილებოდა. ბრალდების მხარის მტკიცებით, ამ დროს, ბაჩო ახალაიას ორგანიზებით, პოლიტიკური შეხედულებების გამო 7 ადამიანი აწამეს. განხორციელდა დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობა, ასევე თავისუფლების უკანონო აღკვეთა.

კომენტარები