საქართველო NATO-ში

მაკკეინი და გრეჰემი: საქართველოს NATO-ში მიღება უნდა დავაჩქაროთ

Scrape TV

რესპუბლიკელმა სენატორებმა ჯონ მაკკეინმა და ლინდსი გრეჰემმა 8 აგვისტოს განცხადება გამოაქვეყნეს, რომელშიც საქართველოს NATO-ში გაწევრიანების დაჩქარებას უჭერენ მხარს - ეს სენატორების მიერ შეთავაზებული, რუსეთის მიმართ "რეალისტური მიდგომის" ნაწილი უნდა გახდეს.

"ჩვენ მხარს ვუჭერთ პრეზიდენტ ობამას გადაწყვეტილებას, გააუქმოს პრეზიდენტ პუტინთან დაგეგმილი შეხვედრა მოსკოვში [ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი] ედვარდ სნოუდენისთვის თავშესაფრის მინიჭების გამო. მაგრამ, ახლა ჩვენ უნდა გავცდეთ სიმბოლურ აქტებს და გადავდგათ ნაბიჯები რუსეთთან ურთიერთობების მიმართ უფრო რეალისტური დამოკიდებულების შესამუშავებლად. ეს ნიშნავს რუსეთის მთავრობისთვის იმის დემონსტრირებას, რომ მის ქმედებებს ამერიკული ინტერესების წინააღმდეგ თავისი შედეგები მოჰყვება", - აღნიშნულია სენატორების განცხადებაში.

"პირველი, რაც უნდა გავაკეთოთ, მნიშვნელოვნად უნდა გავაფართოოთ მაგნიტსკის აქტის სია, რომელშიც ადამიანის უფლებათა დარღვევებზე პასუხისმგებელი პირები შედიან, რომლებიც რუსეთში დღემდე დაუსჯელები არიან. უნდა მივიყვანოთ ბოლომდე ევროპაში ანტისარაკეტო დაცვის პროგრამის ყველა ფაზა და NATO-ს გაფართოების ახალ ოპერტიულ რაუნდზე გადავიდეთ, საქართველოს [მიღების] ჩათვლით", - აცხადებენ მაკკეინი და გრეჰემი.

გარდა ამისა, სენატორების განცხადებით, აშშ-მა სათანადო რეაგირება უნდა მოახდინოს რუსეთის ხელსუფლების ოპონენტების, მაგალითად - მიხაილ ხოდორკოვსკისა და ალექსეი ნავალნის დაპატიმრებაზე.

ასევე, მაკკეინი და გრეჰემი მოუწოდებენ აშშ-ის მთავრობას, დააჩქაროს ტრანსატლანტიკური საინვესტიციო და სავაჭრო პარტნიორობის შექმნა, რაც აშშ-ის ევროპელი პარტნიორებისთვის უფრო ხელმისაწვდომს გახდის ნავთობისა და გაზის მზარდ ამერიკულ ექსპორტს და შეამცირებს მათ დამოკიდებულებას რუსულ ენერგომატარებლებზე.

"და, შესაძლოა, ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ჩვენ ღიად უნდა დავუჭიროთ მხარი იმ მრავალ ადამიანს რუსეთში, ვინც სულ უფრო ხშირად ბედავს, მშვიდობიანი საშუალებებით მოითხოვოს მეტი თავისუფლება, ანგარიშვალდებულება და კანონის უზენაესობა", - ნათქვამია სენატორების განცხადებაში.

კომენტარები