საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 8 აგვისტოს საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მიცემულ ინტერვიუში აგვისტოს ომამდე და ომის დროს განვითარებული მოვლენები გაიხსენა და განაცხადა, რომ რუსეთს საქართველოს მთავრობის დამხობა და "საქართველოს განადგურება" სურდა.
"ფართომასშტაბიანი ინტერვენცია იყო დაწყებული. 8 აგვისტოს რა ინფორმაციაც მოგვცეს ჩვენი მეგობარი ერთ-ერთი ევროპული ქვეყნის სადაზვერვო სამსახურებმა, მიზანი იყო ქართული ხელმძღვანელობის განადგურება, საქართველოს ჯარის განადგურება მთლიანად და თბილისზე წამოსვლა. კონდოლიზა რაისს უთხრა ლავროვმა პირდაპირ სატელეფონო საუბარში, რომ მიზანი იყო სააკაშვილის მოშორება და საქართველოს სრული განადგურება. ტეფტი, ამერიკის ელჩი, ძალიან გაბედული კაცია, ჩემთან რომ მოვიდა ამის სათქმელად, ხელები უკანკალებდა. ომის შესახებ პირველად გამაფრთხილა 2006 წელს რუსეთის მაღალი თანამდებობის პირმა და თქვა, რომ პუტინს უნდა ომი, ემზადება ომისთვის, გიჟიაო. მას უცხოეთში შევხვდი", - განაცხადა სააკაშვილმა.
პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ 2008 წლის ბუქარესტის სამიტის შემდეგ ჯორჯ ბუშს სთხოვა, სოჭში პუტინთან შეხვედრის დროს საქართველოს მხარდაჭრა საჯაროდ დაეფიქსირებინა. "მერე მე ველაპარაკე ადამიანებს, რომლებიც იყვნენ იმ შეხვედრაზე. პუტინმა ღიად ილაპარაკა, რომ იქნება ომი. ჩანაწერებიც არსებობს და ვიცნობ იმ ხალხს, ვინც ეს ჩანაწერები ნახა, ოქმები ხომ არის, ბუშმა პრაქტიკულად არაფერი უპასუხა", - განაცხადა სააკაშვილმა.
მისი თქმით, ომის დროს ამერიკელებმა მას ევაკუაცია შესთავაზეს, თუმცა მან ამაზე უარი თქვა და მხოლოდ ამის შემდეგ გამოაცხადა აშშ-მა სამხედრო-ჰუმანიტარული ოპერაციის დაწყება საქართველოში.
მიხეილ სააკაშვილმა ექვსპუნქტიანი შეთანხმების გაფორმების დეტალებზეც ისაუბრა. "როცა აქ ჩამოვიდა კუშნერი, ჩამოიტანა ძალიან კარგი დოკუმენტი, სადაც იყო ყველაფერი ძალიან კარგად დაწერილი. შემდეგ სარკოზი ჩაფრინდა მოსკოვში, იქ პუტინმა უყვირა, თქვა, რომ სააკაშვილი ერთი ადგილით უნდა დავკიდოო, ჰალსტუხზე ეჯაჯგურა, რასაც სარკოზი მომიყვა. სარკოზი აქ რომ ჩამოვიდა, დოკუმენტი იყო შეცვლილი, ექვსპუნქტიან დოკუმენტზე ერთი პუნქტი იყო დამატებული, სადაც ეწერა, რომ სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის სტატუსი გაირკვევა მომავალში ღია საერთაშორისო მოლაპარაკებების შედეგად. პრაქტიკულად, ჩვენ ვიღებდით მოდელს, რომლითაც ჩვენ თვითონვე უნდა მოგვეწერა ხელი, რომ ეს ტერიტორიები ჩვენი არ არის და თუ მოვაწერდით, ეს გადაიზრდებოდა 20-30-წლიან პროცესში, სადაც ეს ტერიტორიები ჩვენი აღარ იქნებოდა. ეს იყო რაღაც სახის ახალი კოსოვოს შემოთავაზება", - განაცხადა პრეზიდენტმა.
"სარკოზი გვეუბნება - არ მოაწერთ ხელს, რა გიყოთო. ბუშმა ჯარისკაცები არ გამოაგზავნა, ჩვენ ჯარისკაცები არ გვყავს, არ აწერ ამას ხელს, ხვალ რუსები იქნებიან თბილისშიო, პუტინმა გვითხრა, რომ მოდიან თბილისში. ვუთხარი, რომ მე საქართველოს მთლიანობის დარღვევას ხელს არ მოვაწერდი. მითხრეს, რომ მაშინ იქნებიან თბილისში და მოგკლავენ შენ. ჩემი მოკვლა ყველაზე ნაკლებად მაღელვებს-მეთქი, მაგრამ იყვნენ თბილისში - დავხვდებით-მეთქი. ვართ ასეთ გაწევ-გამოწევაში. ეს გრძელდება ორსაათ-ნახევარი. სარკოზი ამასობაში რეკავს და უხსნის, რომ მიშა ხელს არ აწერსო. უთხრეს მედვედევს სძინავსო, ეს იყო საღამოს ცხრა თუ ათ საათზე, ადრე იძინებდა მაშინ ზოგიერთი ჩვენი ნაცნობივით ვითომ. მერე უცებ რეკავს ტელეფონი ჩემს კაბინეტში მედვედევის კაბინეტიდან, სარკოზის ითხოვდნენ, სარკოზი ხმას არ იღებს და უცებ ისმის - კარგით, შეგიძლიათ ეს პუნქტი ამოიღოთო", - განაცხადა სააკაშვილმა.
სანამ პუტინის მთავრობა არსებობს, რომლის მიზნები არის გაცხადებული, ჩვენი ამოცანა უნდა იყოს მშვიდობის შენარჩუნება და დაჩქარებული ინტეგრაცია ევროატლანტიკურ სტრუქტურებში, - აღნიშნა პრეზიდენტმა. "ნებისმიერი მცდელობა პუტინის მთავრობასთან გარიგებებში შესვლის, საქართველოსთვის სახელმწიფოებრიობის გრძელვადიანი დაკარგვის რისკის მატარებელი იქნება... პუტინთან მოლაპარაკება არის შეუძლებელი, ამას ვამბობ ადამიანი, რომელმაც მასთან ყველაფერი სცადა... ამ კაცს სხვა ფსიქოლოგია აქვს, მისი აზრით, ჩვენ ვართ მისი ქონება", - განაცხადა სააკაშვილმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ "პუტინის მთავრობის დღეები დათვლილია", რადგან რუსეთს ახლო მომავალში არაერთი კრიზისი ელოდება.





