საქართველო-რუსეთი

ალასანია: საქართველოს მთავრობას რუსეთთან დაკავშირებით ილუზიები არ აქვს

ალექსანდრე ისკანდაროვი / ტაბულა

საქართველოს ახალ მთავრობას არ გააჩნია რაიმე ილუზიები რუსეთის ხელსუფლების პოზიციასთან დაკავშირებით - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ ტელეკომპანია იმედის ეთერში, რუსეთის პრემიერმინისტრის დმიტრი მედვედევის განცხადებების კომენტირებისას განაცხადა.

ირაკლი ალასანიას თქმით, რუსეთის ხელისუფლების რიტორიკა აგვისტოს ომის შემდეგ არ შეცვლილა და მოსკოვი საქართველოს აგრესორად წარმოჩენას ცდილობს. თუმცა მისი მცდელობები წარუმატებელია, ვინაიდან საერთაშორისო თანამეგობრობა მხარს საქართველოს და მის ტერიტორიულ მთლიანობას უჭერს.

"ახალ ქართულ მთავრობას არასდროს გვქონია ილუზია, რომ ამ საკითხზე რუსეთის პოლიტიკური ელიტის შეხედულებები ასე სწრაფად შეიცვლებოდა", - განაცხადა ალასანიამ და აღნიშნა, რომ მედვედევის ინტერვიუს გარშემო ატეხილი "აჟიოტაჟით" გაკვირვებულია.

ამავე დროს, ალასანიას აზრით, ახალი ხელისუფლება რუსეთის მიმართ სწორ პოლიტიკას ახორციელებს. "მე ვიზიარებ იმ აზრს, რომ უნდა გავაგრძელოთ ეკონომიკური, ადამიანური, კულტურული ურთიერთობების გაფართოება, რადგან ეს ჩვენ მოგვცემს შანსს, რომ ნაკლები სამხედრო რიტორიკის პირობებში გავაგრძელოთ ჩვენი სახელმწიფოს შენება და მეტი სივრცე დაგვრჩება ოსებთან და აფხაზებთან ურთიერთობების აღსადგენად", - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.

კომენტარები