2008 წლის აგვისტოს ომი

სააკაშვილი: საქართველო არ იყო მზად ომისთვის

საქართველო მზად არ იყო ომისთვის. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია რუსთავი 2-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, ეს რუსეთმა ძალიან კარგად იცოდა. "ამ დროს ჩვენი ყველაზე ბრძოლისუნარიანი ბრიგადა იყო ერაყში. ჩვენ არ ვიყავით მზად ომისთვის. ჩვენ ამ დროს არ გვაქვს საჰაერო სისტემა საკმარისი. სისტემები გვქონდა ნაყიდი ისრაელიდან და ჩამოდიოდა წლის ბოლოს და გადაგვიფარავდა მთელ ცას. ჩვენ 200 დანადგარი გვქონდა შეკვეთილი ბულგარეთში, რომელიც იქნებოდა ძალიან მაგარი დახმარება. გზაში იყო სამხედრო-საველე ჰოსპიტალი, რომელიც მოდიოდა გერმანიიდან და შემდეგ მათ უკან წაიღეს. ამერიკელებთან ბოლო ეტაპზე ვიყავით მოლაპარაკების და შეთანხმება გვქონდა, რომ სტინგერებს მოგვცემდნენ. რუსებმა ძალიან კარგად იცოდნენ, რომ ამდენი რაღაც გვაკლდა", - განაცხადა სააკაშვილმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, სხვადასხვა მხარის მიერ მრავალგზის გაფრთხილების მიუხედავად, რატომ არ იყო საქართველო მზად ომისთვის, მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა: "ისტერიულად ვემზადებოდით, მაგრამ დრო არ იყო საკმარისი".

 

კომენტარები