საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო

საერთაშორისო გამჭვირვალობა გიორგი მარგველაშვილს მიმართავს

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო კოალიცია ქართული ოცნების საპრეზიდენტო კანდიდატს, გიორგი მარგველაშვილს, მიმართავს. არასამთავრობო ორგანიზაცია მარგველაშვილის მინისტრის პოსტიდან გადადგომას დადებითად აფასებს. თუმცა, მოუწოდებს, წინასაარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება არ დაუშვას.

"სწორედ როგორც "ახალი პოლიტიკური სტანდარტების" დამკვიდრებისკენ გადადგმული ნაბიჯი ახსნა გიორგი მარგველაშვილმა განათლებისა და მეცნიერების მინისტრობიდან გადადგომა, მაშინ, როდესაც მოქმედი კანონმდებლობა ამას არ ავალდებულებდა. პრეზიდენტობის მომავალი კანდიდატის ეს გადაწყვეტილება უდავოდ მისასალმებელია. თუმცა მარგველაშვილის ერთგულება მის მიერვე გაცხადებული პოლიტიკის მიმართ ეჭვქვეშ დააყენა ბოლო პერიოდში მისი საჯარო გამოჩენის სპეციფიკამ. მხედველობაში გვაქვს მისი დასწრების ფაქტი იუსტიციის სამინისტროს მიერ ორგანიზებულ შრომის კოდექსის ბეჭდური ვერსიის პრეზენტაციაზე და ახმეტის მუნიციპალიტეტის მიერ ორგანიზებულ თუშეთობის დღესასწაულზე ომალოში, სადაც მარგველაშვილმა ვერტმფრენით იმგზავრა. ჩვენთვის უცნობია, არის თუ არა სატრანსპორტო საშუალება სახელმწიფო საკუთრებაში", - წერია მიმართვაში.

გიორგი მარგველაშვილი კულტურისა და რეინტეგრაციის სამინისტროების მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებსაც ესწრებოდა. ორგანიზაციის აზრით, პრეზიდენტობის კანდიდატის მსგავსი ქმედება კანონდარღვევებს წარმოშობს.

პარლამენტის მიერ საარჩევნო კოდექსში მიღებული ცვლილების თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებულ ღონისძიებებზე აგიტაცია ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებად ითვლება. აგიტაციად კი შეიძლება ნებისმიერი საჯარო ქმედება ჩაითვალოს, რომელიც პირის არჩევას ხელს უწყობს ან  უშლის. საარჩევნო მიზნების მქონე პირის საჯარო ღონისძიებაზე დასწრება არის მისთვის სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე პლატფორმის დათმობა. ასევე ამ ქმედებით, კანდიდატი ზოგავს საკუთარ ფინანსებს.ეს კი,შესაძლოა, განხილულ იქნას, როგორც სახელმწიფო ორგანოს მხრიდან გაღებული უკანონო შემოწირულობა.

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო მიმართვის დასასრულს აღნიშნავს, რომ გიორგი მარგველაშვილი ამ დროისთვის საპრეზიდენტო კანდიდატად ოფიციალურად რეგისტრირებული არ არის. თუმცა, წინასაარჩევნო კამპანია, ფაქტობრივად, დაწყებულია. რეგისტრაცია კი მხოლოდ ფორმალურ პროცედურას წარმოადგენს.

 

 

 

კომენტარები