პატრიარქის ვიზიტი მოსკოვში

გივი თარგამაძე: არ მომწონს პატრიარქის ვიზიტი რუსეთში

გივი თარგამაძე მიიჩნევს, რომ პატრიარქის რუსეთში ვიზიტი "მძიმე საყურებელია", - ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელმა გაზეთ კვირის პალიტრასთან ინტერვიუში თქვა.

ინტერვიუში თარგამაძე ციხის სკანდალსა და თვალთვალზეც საუბრობს. მისი თქმით, ციხეში წამება სისტემური პრობლემა არ იყო:

"ეს იყო ერთი ჯგუფის ავადმყოფ თავში დაბადებული სისასტიკე და არა სისტემური პრობლემა. ბოლო ორი ჩანაწერი და ციხის ვიდეოფირი განსხვავდება. ციხის ვიდეოფირი არადამაჯერებელი, დადგმული იყო. ყველაფერი მეგის ქარდავამ და მისმა ჯგუფმა გააკეთეს. როცა ქარდავა ციხეში მუშაობდა, ბაჩო ახალაიამ სისასტიკის გამო გაათავისუფლა. ჩვენი დანაშაულია, რომ ისევ სისტემაში დავაბრუნეთ".

თარგამაძის თქმით, ნინო ბურჯანაძის მოსმენა გამართლებული იყო:

"რომ მცოდნოდა, ვინმე მიღებდა, ხომ მოვკლავდი. მაგრამ ნინო ბურჯანაძეს რომ უღებდნენ, უსმენდნენ და ყველაფერს რომ შვრებოდნენ, მიხაროდა. ეს ხალხი ქვეყნის მტერია, ბურჯანაძის რეიტინგით ბორისოვიც კი დაინტერესდა გორში ყოფნისას. როცა ამდენი მოღალატე გყავს ქვეყანაში, მთავრობაშიც და სამღვდელოებაშიც, ეს საფრთხე არ არის?" - ამბობს დეპუტატი.

კითხვაზე, გულისხმობს თუ არა სამღვდელოებაში პატრიარქსაც, თარგამაძე პასუხობს:

"ვაცხადებ, არ მომწონს პატრიარქის ვიზიტი რუსეთში, ეს მძიმე საყურებელია. ჩვენი ქვეყნის დაუძინებელ მტერთან დიალოგს რომ ცდილობენ, ეს მაშინებს ზუსტად".

კომენტარები