ზურა ჯაფარიძე

ზურა ჯაფარიძის პასუხი ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროებს

ზურაბ ჯაფარიძე
netgazeti.ge

საპარლამენტო უმცირესობის ”ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ზურა ჯაფარიძემ, თავისი ოფიციალური Facebook გვერდზე განცხადება გაავრცელა, სადაც პასუხი გასცა ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროების ერთობლივ განცხადებას ივნისის თვის ეკონომიკურ და ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროინდელ ”მოჩვენებით” ეკონომიკურ ზრდებზე.

”ტაბულა” ზურა ჯაფარიძის განცხადებას  უცვლელად გთავაზობთ.

 

ფინანსთა სამინისტრო

ეკონომიკის სამინისტრო

თქვენი ერთობლივი განცხადება წავიკითხე და რამდენიმე კომენტარი მაქვს (ფრჩხილებში): "ივნისის თვის ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასების მაჩვენებელი, არ არის საბოლოო და ის კიდევ ორჯერ დაზუსტდება. ეს მხოლოდ წინასწარი შეფასებაა და არ შეიცავს რიგ მონაცემს, მათ შორის სოფლის მეურნეობის მაჩვენებლებს. ჩვენი მოლოდინით სოფლის მეურნეობა მხოლოდ ივნისში მშპ-ს დაახლოებით 1%-1.5%-იან ზრდას გამოიწვევს, რასაც სტატისტიკის ეროვნული სამსახურიც ადასტურებს და რაც ნიშნავს, რომ ზრდა არა ნეგატიური არამედ პოზიტიურია."

(სოფლის მეურეობის წილი მთლიან მშპ-ში 8-9%-ა. რა შეიძლება მომხდარიყო სოფლის მეურნეობაში ისეთი, რომ მშპ 1-1.5%-ით გაეზარდა?)

"ამასთან, 2013 წლის პირველ ექვს თვეში, ჯამურად, საქართველოს ეკონომიკა კი არ შემცირდა, არამედ, მინიმუმ 1.8%-ით გაიზარდა."

(და რა? ეს უნდა გვიხაროდეს? 1.8%-იანი ზრდით საშუალო ევროპულ დონეს დავეწევით 2 საუკუნის შემდეგ :))

"2013 წლის პირველ შვიდ თვეში გადასახადების მობილიზების კუთხით ბიუჯეტში საგადასახადო შემოსავლები არათუ ნაკლებია, არამედ, აღემატება 2012 წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელს (2013 წლის იანვარ-ივლისში ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლებმა შეადგინა 3 785 მლნ ლარი, რაც 2012 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 32 მლნ ლარით აღემატება; სახელმწიფო ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლებმა კი, შეადგინა 3 558 მლნ ლარი რაც 28 მლნ ლარით აღემატება 2012 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს). გამომდინარე იქიდან, რომ 2013 წლის ბიუჯეტში შემოსავლები აღემატება ხარჯებს და ხარჯვით ნაწილში ბიუჯეტს არანაირი პრობლემა არ აქვს, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ხელისუფლება შეუფერხებლად შეასრულებს ჩვენი თანამოქალაქეების წინაშე აღებულ ყველა ვალდებულებას, როგორც სოციალური, ასევე, ყველა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტის დაფინანსების მიმართულებით."

(აქ ორი უსინდისობაა ერთად: 1. 2012 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარება, როდესაც ბიუჯეტის შემოსავლებზეა საუბარი, უადგილოა. შედარება უნდა გაკეთდეს 2013 წლის გეგმასთან, რადგან 2013 წლის საბიუჯეტო ვალდებულებების შესრულება 2013 წლის შემოსავლების გეგმაზეა დამოკიდებული და არა 2012 წლის მაჩვენებლებზე; 2. შვიდ თვეში ჯამურად რა ხდება არ აჩვენებს ტენდენციას. ტენდენციას აჩვენებს ყოველთვიური შემოსავლები. ამ მხრივ კი, თუ სახელმწიფო ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლებს გადავხედავთ, ვნახავთ რომ კატასტროფული გაუარესების ტენდენციაა. საგადასახადო შემოსავლები კლებულობს არა უბრალოდ წლევანდელ გეგმასთან შედარებით, არამედ 2012 წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებაშიც: აპრილი - მინუს 1.3%, მაისი - მინუს 4.3%, ივნისი - მინუს 12.8%)

"დღეს საქართველოს ეკონომიკა გადის სტრუქტურული გაჯანსაღების პროცესს. წინა ხელისუფლების პირობებში სახელმწიფოს უხეში ინტერვენციით, გაუმართლებელი ხარჯებით, ხელოვნურად მიიღწეოდა ეკონომიკური ზრდის მოკლევადიანი შედეგები, რომელიც არანაირად არ აისახებოდა მოსახლეობის კეთილდღეობაზე."

(ეს ტექსტი სრული აბსურდია. სახელმწიფოს უხეში ინტერვენცია, ისევე როგორც გაუმართლებელი ხარჯები, ეკონომიკის "ხელოვნურ" ზრდას კი არა, ეკონომიკის ზრდის შენელებას იწვევს. "მოკლევადიანი შედეგები" რას ნიშნავს გაუგებარია, საქართველოს ეკონომიკა სტაბილურად იზრდებოდა 9 წლის განმავლობაში საშუალოდ 7-8%-ით და ვარდნა დაფიქსირდა მხოლოდ რუსეთის აგრესიისა და მსოფლიო ფინანსურ-ეკონომიკური კრიზისის დროს. "არანაირად არ აისახებოდა მოსახლეობის კეთილდღეობაზე" ასევე უაპელაციო ბოდვაა, მაგალითად ასაკით პენსიონრების (ერთ-ერთი ყველაზე მოწყვლადი ჯგუფი, 860,000-ზე მეტი მოქალაქე) მსყიდველუნარიანობა 2003-დან 2012 წლამდე გაიზარდა მინიმუმ 4.5-ჯერ)

"სწორედ არასაწარმოო ინფრასტრუქტურული პროექტები (პარლამენტის ახალი შენობა ქუთაისში, ბათუმი თაუერი, ანბანის კოშკი და ა.შ.), ასევე, ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელთა განხორციელება ტექნიკურ-ეკონომიკური სარგებლიანობის შესწავლის გარეშე დაიწყო (მაგალითად თბილისის შემოვლითი რკინიგზა) და რომლებზეც მილიარდზე მეტი დაიხარჯა, ქმნიდა ეკონომიკური ზრდის მხოლოდ მოკლევადიან, მყისიერ ეფექტს და არ ემსახურებოდა ეკონომიკის გაჯანსაღების პროცესს."

(ცალკე აღებული ინფრასტრუქტურის ხარჯებზე დაბრალება როგორც ეკონომიკის ზრდის, ისე ეკონომიკის შენელების, აზრს მოკლებულია. შეიძლება ვისაუბროთ რამდენად მიზანშეწონილია ზოგადად სახელმწიფოს მიერ ბევრი თანხების ხარჯვა. თუ ამას აკრიტიკებს დღევანდელი მთავრობა, მაშინ უნდა ამცირებდეს გადასახადებს და შესაბამისად ხარჯებს. რაც მისასალმებელი იქნებოდა. მაგრამ სახეზე გვაქვს საპირისპირო ტენდენცია. "არასაწარმოო ინფრასტრუქტურული პროექტები" რას ნიშნავს? გზა "საწარმოოა"? თუ ახლი პარლამენტის სანახავად ტურისტი მივა, ეს პროექტი "საწარმოო" გახდება? გარდა ამისა აქ ორი ტყუილია: 1. "მოკლევადიანი" ეფექტი - ამაზე ზემოთ უკვე დავწერე; 2. ინფრასტრუქტურული ხარჯები ბიუჯეტში არ შემცირებულა, ანუ ამ მხრივ საბიუჯეტო პრიორიტეტები არ შეცვლილა და შესაბამისად ამ ფაქტორზე ეკონომიკური ზრდის გამინუსების დაბრალება ან უცოდინრობაა ან უსინდისობა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, თუ პარლამენტისა და ანბანის კოშკის მშენებლობით შესაძლებელია საშუალოდ 7-8%-იანი ზრდის მიღწევა 9 წლის განმავლობაში, ავაშენოთ ყველა ქალაქსა და სოფელში, Why not? :))

"ეკონომიკური ზრდის ხელოვნური, არასწორი მეთოდებით პროვოცირების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული გზა იყო ყოფილი ხელისუფლების უმაღლესი ორგანოების „მითითებით“ ბიზნესის მიერ განხორციელებული, არაპროფილური, ძვირადღირებული და ეკონომიკურად დაუსაბუთებელი პროექტები, რამაც ეს ბიზნესები ხშირ შემთხვევაში გაკოტრებამდე მიიყვანა."

(რა გამოდის? ,,ეკონომიკურად დაუსაბუთებელი პროექტების" სახელმწიფოს მხრიდან "მითითებით" კეთება, რაც იწვევდა "ბიზნესის ხშირ შემთხვევაში გაკოტრებას", ზრდიდა ეკონომიკას? ვინ წერს ასეთ აბსურდს ამ სამინისტროებში? წერას რომ თავი დავანებოთ, გამოქვეყნებამდე არავინ კითხულობს? ასეთი რაღაცეები ხდებოდა, მაგრამ ეს ეკონომიკას კი არ ზრდიდა, არამედ ანელებდა).

"მოჩვენებითი ეკონომიკური წარმატების მისაღწევად „ნაციონალური“ მთავრობის „კრეატიული“ გადაწყვეტილებით იქმნებოდა საშუამავლო ფირმები (მაგალითად საშუამავლო ნავთობკომპანიები), რომლებიც ასრულებდნენ ბაზრის კონტროლის ფუნქციას, არ ქმნიდნენ რეალურ ღირებულებას და მხოლოდ ბერავდნენ ბრუნვებს. აღნიშნული საშუამავლო ფირმები დღეს აღარ არსებობენ და ბუნებრივია, მაჩვენებლებზე ესეც აისახა."

("მოჩვენებითი ეკონომიკური წარმატება" რას ნიშნავს? 7-8%-იანი ზრდა მოჩვენებითი იყო? ანუ მსოფლიო ბანკის, საერთაშორისო სავალუტო ფონდის ან აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ვებგვერდებზე დღესაც "მოჩვენებითი" ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები დევს საქართველოზე? არ გინდათ მიწეროთ რომ სიცრუეში ცხოვრობენ? "რეალური ღირებულების შექმნა" რას ნიშნავს? სად კითხულობთ ასეთ ტერმინებს? საერთოდ რა ლიტერატურით ხელმძღვანელობთ? თუ ეს საშუამავლო ფირმები აღგავეთ პირისაგან მიწისა, ამას ეკონომიკაზე დადებითი გავლენა არ უნდა მოეხდინა? მაშინ საიდან ვარდნა?)

"ამასთან, მანამდე არსებული კომპანიების გარკვეული ნაწილი კორუფციული გარიგებების შედეგად ახერხებდა მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გამოცხადებულ ტენდერებში გამარჯვებას ან ტენდერის გარეშე რამდენიმე ასეული მილიონი ლარის დაკვეთის მიღებას. აღნიშნული კორუფციული გარიგებები ბათილად იქნა ცნობილი და მიმდინარეობს ძიება, ხოლო დაწყებული პროექტების გაგრძელებისთვის საჭირო გახდა კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების სრული დაცვით ახალი ტენდერების გამოცხადება, რამაც დროში გააჭიანურა ზოგიერთი პროექტის განხორციელება."

(ანუ აღიარებთ რომ ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაში გაქვთ შეფერხება და ფიქრობთ, რომ ეს არის ეკონომიკური ვარდნის მიზეზი? და რა ვერ გამოიძიეთ ამისთანა 10 თვეში? 1 კომპანია მაინც შეგიძლიათ დაასახელოთ, რომელიც კორუფციულ გარიგებაში მონაწილეობდა? 1 ჩინოვნიკი მაინც შეგიძლიათ დაასახლოთ, რომელიც დებდა ასეთ კორუფციულ გარიგებებს? 10 თვე გავიდა და ასეთი ტიპის საქმე არც ერთ სასამართლოში არ იხილება დღემდე)

"ზემოთ ჩამოთვლილი ძალადობრივი ეკონომიკური გადაწყვეტილებების არაეფექტურობა უკვე შარშან ივლისიდან გამოჩნდა, როდესაც ზრდის ტემპებმა და პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა კლება დაიწყო."

(შარშან ივლისიდან? მშპ-ს რეალური ზრდა 2012 წელს კვარტლების მიხედვით: I- 6.7%, II-8.2%, III-7.5. ცნობისათვის, ივლისი მესამე კვარტალია. მეოთხე კვარტალი იყო - 2.8%. ზრდის ტემპის შენელება არის ეს.

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ნამდვილად შემცირდა 2012 წლის მესამე კვარტალში)

"იმის გამო რომ ბიზნესმა რეალურად იგრძნო თავისუფლება, ხოლო ახალმა ხელისუფლებამ წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით არ გააგრძელა ბიზნესზე ძალადობა, მიმდინარე წლის მარტიდან რეალური ტენდენცია მზარდია, ეკონომიკა გამოდის „ნაციონალური შოკიდან“ და დაიწყო ეკონომიკის სტრუქტურული გაჯანსაღების შეუქცევადი, მდგრადი პროცესი. შემდეგი ეტაპი, ჯანსაღი, ბუნებრივი ზრდაა. ამ ეტაპზე უკვე გაუმჯობესებულია საგარეო სავაჭრო სალდო ექსპორტის ზრდის და იმპორტის შემცირების ხარჯზე."

(მარტიდან მზარდი ტენდენციაა? აპრილი იყო 4.6%-იანი ზრდა, რაც, მაღალი ალბათობით, გამოწვეული იყო სოფლის მეურნეობაში გადასროლილი მილიონებით (ზემოთ რომ ''ხელოვნურ ზრდაზე" საუბრობდით, იმის კლასიკური მაგალითი), მაისში იყო - 0.2%, ხოლო ივნისში მინუს 0.8%. რომც დავიჯეროთ ის აბსურდი, რაც ივნისის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელში სოფლის მეურნეობის წილის არ გათვალისწინებასთან დაკავშირებით დაწერეთ, ივნისის ზრდა 0,7%-ზე მეტი არ გამოდის. აპრილის 4.6%-დან 0.7%-მდე ჩამოსვლა რა კრიტერიუმით არის "მზარდი ტენდენცია"?

"ნაციონალური შოკი" იყო 9 წლის განმავლობაში საშუალოდ 7-8%-იანი წლიური ზრდა. უფრო კორექტული ხომ არ იქნება ჯერ ამ მაჩვენებლის მეოთხედი მაინც აჩვენოთ წლის ბოლოსთვის და შემდეგ აკრიტიკოთ წინა ხელისუფლების ეკონომიკური პოლიტიკა?

საგარეო სავაჭრო სალდოს გაუმჯობესების მოყვანა ეკონომიკის გაჯანსაღების ტენდენციის საჩვენებლად 1.აბსურდია, რადგან თავისთავად სალდო მინუსში იქნება თუ პლიუსში ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს 2. სალდო "უმჯობესდება" იმის ხარჯზე, რომ იმპორტი მცირდება (ანუ ვღარიბდებით) და ექსპორტი იზრდება ავტომობილების რეექსპორტის ხარჯზე, რაც "ნაციონალური შოკის" დამსახურებაა და არა თქვენი პოლიტიკის. თუმცა სალდოზე აპელირება უდავოდ წინ გადადგმული ნაბიჯია სალაროს ქვითრების შემდეგ)

მადლობა ყურადღებისთვის

კომენტარები