ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროები საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებს ერთობლივი განცხადებით ეხმაურებიან და პირობას დებენ, რომ ხელისუფლება აღებულ ვალდებულებებს შეუფერხებლად შეასრულებს.
ნოდარ ხადურისა და გიორგი კვირიკაშვილის უწყებებში მიიჩნევენ, რომ ივნისის თვეში მშპ-ის ზრდის მონაცემები არა ნეგატიური, არამედ - პოზიტიურია:
"ივნისის თვის ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასების მაჩვენებელი, არ არის საბოლოო და ის კიდევ ორჯერ დაზუსტდება. ეს მხოლოდ წინასწარი შეფასებაა და არ შეიცავს რიგ მონაცემს, მათ შორის სოფლის მეურნეობის მაჩვენებლებს. ჩვენი მოლოდინით, სოფლის მეურნეობა მხოლოდ ივნისში მშპ-ის დაახლოებით 1%-1.5%-იან ზრდას გამოიწვევს, რასაც სტატისტიკის ეროვნული სამსახურიც ადასტურებს და რაც ნიშნავს, რომ ზრდა არა ნეგატიური, არამედ პოზიტიურია. ამასთან, 2013 წლის პირველ ექვს თვეში, ჯამურად, საქართველოს ეკონომიკა კი არ შემცირდა, არამედ, მინიმუმ, 1.8%-ით გაიზარდა.
2013 წლის პირველ შვიდ თვეში გადასახადების მობილიზების კუთხით ბიუჯეტში საგადასახადო შემოსავლები არათუ ნაკლებია, არამედ აღემატება 2012 წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელს (2013 წლის იანვარ-ივლისში ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლებმა შეადგინა 3 785 მლნ ლარი, რაც 2012 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 32 მლნ ლარით აღემატება; სახელმწიფო ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლებმა კი, შეადგინა 3 558 მლნ ლარი, რაც 28 მლნ ლრით აღემატება 2012 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს). გამომდინარე იქიდან, რომ 2013 წლის ბიუჯეტში შემოსავლები აღემატება ხარჯებს და ხარჯვით ნაწილში ბიუჯეტს არანაირი პრობლემა არ აქვს, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ხელისუფლება შეუფერხებლად შეასრულებს ჩვენი თანამოქალაქეების წინაშე აღებულ ყველა ვალდებულებას, როგორც სოციალური, ასევე ყველა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტის დაფინანსების მიმართულებით", - ნათქვამია განცხადებაში.
ხადურისა და კვირიკაშვილის უწყებები ასევე აღნიშნავენ, რომ საქართველოს ეკონომიკა სტრუქტურული გაჯანსაღების პროცესს გადის. განცხადებაში ნათქვამია ისიც, რომ წინა ხელისუფლების დროს ეკონომიკური ზრდა ხელოვნურად მიიღწეოდა:
"წინა ხელისუფლების პირობებში სახელმწიფოს უხეში ინტერვენციით, გაუმართლებელი ხარჯებით, ხელოვნურად მიიღწეოდა ეკონომიკური ზრდის მოკლევადიანი შედეგები, რომელიც არანაირად არ აისახებოდა მოსახლეობის კეთილდღეობაზე. სწორედ არასაწარმოო ინფრასტრუქტურული პროექტები (პარლამენტის ახალი შენობა ქუთაისში, ბათუმი თაუერი, ანბანის კოშკი და ა.შ.), ასევე, ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელთა განხორციელება ტექნიკურ-ეკონომიკური სარგებლიანობის შესწავლის გარეშე დაიწყო (მაგალითად, თბილისის შემოვლითი რკინიგზა) და რომლებზეც მილიარდზე მეტი დაიხარჯა, ქმნიდა ეკონომიკური ზრდის მხოლოდ მოკლევადიან, მყისიერ ეფექტს და არ ემსახურებოდა ეკონომიკის გაჯანსაღების პროცესს.
ეკონომიკური ზრდის ხელოვნური, არასწორი მეთოდებით პროვოცირების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული გზა იყო ყოფილი ხელისუფლების უმაღლესი ორგანოების "მითითებით" ბიზნესის მიერ განხორციელებული, არაპროფილური, ძვირადღირებული და ეკონომიკურად დაუსაბუთებელი პროექტები, რამაც ეს ბიზნესები ხშირ შემთხვევაში გაკოტრებამდე მიიყვანა. მოჩვენებითი ეკონომიკური წარმატების მისაღწევად "ნაციონალური" მთავრობის "კრეატიული" გადაწყვეტილებით იქმნებოდა საშუამავლო ფირმები (მაგალითად, საშუამავლო ნავთობკომპანიები), რომლებიც ასრულებდნენ ბაზრის კონტროლის ფუნქციას, არ ქმნიდნენ რეალურ ღირებულებას და მხოლოდ ბერავდნენ ბრუნვებს. აღნიშნული საშუამავლო ფირმები დღეს აღარ არსებობენ და, ბუნებრივია, მაჩვენებლებზე ესეც აისახა", - ნათქვამია განცხადებაში.
ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროებში მიიჩნევენ, რომ კომპანიების გარკვეული ნაწილი წარსულში კორუფციული გარიგებების შედეგად იმარჯვებდა მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გამოცხადებულ ტენდერებში. უწყებების ცნობით, ხსენებული კორუფციული გარიგებები გაბათილდა და ახალი ტენდერების გამოცხადება გახდა საჭირო, რამაც დროში გააჭიანურა ზოგიერთი პროექტის განხორციელება.
"ზემოთ ჩამოთვლილი ძალადობრივი ეკონომიკური გადაწყვეტილებების არაეფექტურობა უკვე შარშან ივლისიდან გამოჩნდა, როდესაც ზრდის ტემპებმა და პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა კლება დაიწყო. იმის გამო, რომ ბიზნესმა რეალურად იგრძნო თავისუფლება, ხოლო ახალმა ხელისუფლებამ წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით არ გააგრძელა ბიზნესზე ძალადობა, მიმდინარე წლის მარტიდან რეალური ტენდენცია მზარდია, ეკონომიკა გამოდის "ნაციონალური შოკიდან" და დაიწყო ეკონომიკის სტრუქტურული გაჯანსაღების შეუქცევადი, მდგრადი პროცესი. შემდეგი ეტაპი, ჯანსაღი, ბუნებრივი ზრდაა. ამ ეტაპზე უკვე გაუმჯობესებულია საგარეო სავაჭრო სალდო ექსპორტის ზრდის და იმპორტის შემცირების ხარჯზე", - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, საქსტატის მონაცემებით, 2013 წლის ივნისში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი, აგვისტოს ომისა და გლობალური ფინანსური კრიზისის შემდეგ პირველად - უარყოფითია. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 2013 წლის ივნისში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპი 0.8%-ით შემცირდა.
ამასთან, ფინანსთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცემები აჩვენებს, რომ სახელმწიფო შემოსავლები აპრილის თვეში 1.3%-ით, მაისის თვეში - 4.3%-ით, ხოლო ივნისში - 12.8%-ით შემცირდა. ამ მონაცემების მიხედვით, 2013 წლის აპრილში სახელმწიფო ბიუჯეტმა შემოსავლის სახით 6.5 მილიონი ლარით ნაკლები მიიღო, ვიდრე 2012 წლის იმავე პერიოდში. 2013 წლის მაისში შემოსავლებმა 25.9 მილიონით, ხოლო ივნისში - 67.3 მილიონით დაიკლო.





