კათოლიკოს-პატრიარქი

საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია: პატრიარქის განცხადება მიუღებელია

Georgia's Orthodox Patriarch Ilia II leads a midnight Christmas service at the Holy Trinity Cathedral in Tbilisi
David Mdzinarishvili / REUTERS

საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის განცხადებას გამოეხმაურა სტალინის შესახებ, რომელიც ილია მეორემ ერთ-ერთი რუსულენოვანი გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.

კერძოდ, პატრიარქმა აღნიშნა, რომ "სტალინი გამოჩენილი პიროვნებაა, ასეთები იშვიათად იბადებიან. მას გაცნობიერებული ჰქონდა რუსეთის მსოფლიო მნიშვნელობა... ის მორწმუნე იყო, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, მე ასე ვფიქრობ".

საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიას, "როგორც ორგანიზაციას, რომელიც საბჭოთა ტოტალიტარული წარსულის შესწავლასა და საბჭოთა მემკვიდრეობის პოლიტიკური, სამართლებრივი და მორალური პასუხისმგებლობის გააზრებაზე მუშაობს", ასეთი განცხადება მიუღებლად მიაჩნია.

ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ პატრიარქის განცხადება არის ისტორიული ფაქტების ფალსიფიკაცია: "საკმარისია გადავხედოთ კომუნისტური რეჟიმის მსხვერპლთა რაოდენობას. მათ შორის იყო მასობრივი რეპრესიების შედეგად განადგურებული ქართული სამღვდელოებაც".

გარდა ამისა, იოსებ სტალინის ნებისმიერი ფორმით რეაბილიტაციის მცდელობა არის მილიონობით რეპრესირებული ადამიანისა და მათი შთამომავლების შეურაცხყოფა, - აღნიშნულია განცხადებაში.

საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია ასევე აცხადებს, რომ საქართველოში დემოკრატიული და ადამიანზე ორიენტირებული ჰუმანური საზოგადოების ჩამოყალიბება შეუძლებელია საბჭოთა ტოტალიტარული წარსულის სრულფასოვანი გააზრებისა და მისგან გათავისუფლების გარეშე. ასეთი განცხადებები კი, სამწუხაროდ, მხოლოდ და მხოლოდ აფერხებს ამ პროცესს, - აღნიშნავენ განცხადების ავტორები.

"თუ გავითვალისწინებთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის დიდ ავტორიტეტს, საბჭოთა დიქტატორის განმადიდებელი მითების დამკვიდრება განსაკუთრებით არასასურველია ბოლო დროს სტალინის ძეგლის აღდგენასთან დაკავშირებული პოლიტიკური გადაწყვეტილებების ფონზე", - აღნიშნავს ორგანიზაცია და ხაზს უსვამს ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის საქართველოში საბჭოთა პერიოდის ისტორიის ფუნდამენტური შესწავლისა და ანალიზის მნიშვნელობას.

ლაბორატორია მოუწოდებს მეცნიერებს, პოლიტიკურ წრეებს, მედიას და მთლიანად ქართულ საზოგადოებას, გამოიკვლიონ და გაიაზრონ საბჭოთა პერიოდის სისტემური დანაშაული და ამით პატივი სცენ სტალინური სისტემის მსხვერპლთა ხსოვნას.

საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია 2010 წელს შეიქმნა. მისი ამოცანები საბჭოთა წარსულის კვლევა, დისკუსიებისა და სემინარების მოწყობა და საგამომცემლო საქმიანობაა. მის წევრებს შორის არიან ისტორიკოსი ლაშა ბაქრაძე, კავკასიის სახლის გამგეობის წევრი გიორგი შაიშმელაშვილი, მეცნიერები ირაკლი ხვადაგიანი, დავით გოგიშვილი და ანა მარგველაშვილი.

კომენტარები