ახალაიას საქმე

სასამართლომ ახალაია რამდენიმე ბრალდებაზე უდანაშაულოდ ცნო

The trial of former Defense Minister Bacho Akhalaia.
Reuters

თბილისის საქალაქო სასამართლომ თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია მისთვის წაყენებულ რამდენიმე ბრალდებაზე უდანაშაულოდ ცნო და აღმკვეთი ღონისძიება პატიმრობა გააუქმა. ახალაიასა და მასთან ერთად ბრალდებული სამხედროების მიმართ, არაადამიანური მოპყრობისა და ზვიად აბესაძისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის საქმეზე, გადაწყვეტილება მოსამართლემ დღეს, 1 აგვისტოს გამოაცხადა.

ახალაიასთან ერთად, ამ საქმეზე ბრალდებული იყო კიდევ შვიდი პირი - გაერთიანებული შტაბის ყოფილი უფროსი გიგი კალანდაძე, მე-4 ქვეითი ბრიგადის ყოფილი მეთაური ზურაბ შამათავა, სად-ის წარმომადგენელი გაგა მკურნალიძე, სერჟანტი ალექსანდრე გორდაძე, მერაბ კიკაბიძე, მანუჩარ დარასელია და გიორგი კინწურაშვილი.

დარასელია და კინწურაშვილი ძებნაში არიან, ხოლო კალანდაძე, გორგაძე, კიკაბიძე და შამათავა გირაოთი არიან პატიმრობიდან გათავისუფლებული. სასამართლომ აღნიშნული შვიდი პირიც უდანაშაულოდ ცნო.

თავდაცვის ყოფილი მინისტრი კიდევ ორ სისხლის სამართლის საქმეზეა ბრალდებული - სპეცრაზმელთა პოლიტიკური ნიშნით წამებისა ("რეინჯერების საქმე") და ე.წ. ციხის ბუნტის საქმეებზე.

"რეინჯერების საქმის" არსებითი განხილვა სასამართლოში ამჟამად მიმდინარეობს, "ციხის ბუნტის" საქმის არსებითი განხილვა 9 სექტემბრისთვის დაინიშნა. ამ პროცესების დასრულებამდე ბაჩო ახალაია პატიმრობაში რჩება.

პროკურატურა დღევანდელი განაჩენის გასაჩივრებას ერთი თვის ვადაში აპირებს. 

"მე ვერ გეტყვით, რით იხელმძღვანელა მოსამართლემ, მან 26 დაზარალებულის და 94 მოწმის ჩვენება საერთოდ უგულებელყო, იგნორირება გაუკეთა, ფაქტობრივად, იმ ადამიანების ტანჯვა-წამების ფაქტებს. ყველა თქვენგანმა იხილა, თუ როგორ აცხადებდნენ დაზარალებულები, თუნდაც, სენაკის ეპიზოდზე, რომ 3 დღე-ღამის მანძილზე რა მდგომარეობაში და რა ვითარებაში ამყოფეს. მოსამართლემ საერთოდ დახუჭა ამ გარემოებებზე და დაზარალებულთა ჩვენებებზე თვალი", - ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა ამ საქმის პროკურორმა ირაკლი ნადარეიშვილმა.

 

კომენტარები