შეწყალება

საია: პრეზიდენტის უფლებამოსილება არ არის ნასამართლობის მოხსნა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია პრეზიდენტის მიერ თენგიზ გუნავას შეწყალებასთან დაკავშირებით ვრცელ განცხადებას ავრცელებს. ორგანიზაციის თქმით, მიხეილ სააკაშვილმა სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილი გუბერნატორი ფორმალური თვალსაზრისით კანონიერად გაათავისუფლა სასჯელის მოხდისგან, თუმცა მისთვის ნასამართლობის მოხსნა კანონდარღვევით მოხდა.

"მოცემულ შემთხვევაში, პრეზიდენტის აქტის გამოცემის მომენტში თენგიზ გუნავა არ იყო სასჯელმოხდილი და, შესაბამისად, მისთვის ნასამართლობის მოხსნის შესაძლებლობას სისხლის სამართლის კოდექსი არ ითვალისწინებდა. აღსანიშნავია, რომ ამ შესაძლებლობას არც "შეწყალების გამოყენების წესის შესახებ" პრეზიდენტის 2004 წლის ბრძანებულება ითვალისწინებს. უფრო მეტიც, ეს ბრძანებულება ერთმანეთისგან მიჯნავს მსჯავრდებულის შეწყალებას და სასჯელმოხდილი პირისათვის ნასამართლობის მოხსნას. გარდა ამისა, საქართველოს კანონმდებლობა ერთმანეთისგან  განასხვავებს მსჯავრდებულსა და სასჯელმოხდილ პირს. როგორც აღინიშნა, შეწყალება ნასამართლობის მოხსნის ფორმით, შეიძლება განხორციელდეს სასჯელმოხდილი პირის მიმართ, რაც, ცხადია, არ ნიშნავს იმას, რომ ნასამართლობის მოხსნა დასაშვებია იმ მსჯავრდებულთა მიმართაც, ვისაც სასჯელი არ მოუხდია. მსგავსი რამ საქართველოს კანონმდებლობაში, უბრალოდ, არ წერია.

აქვე ხაზგასმით უნდა აღინიშნოს ერთი მნიშვნელოვანი დეტალი: პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლებამოსილება არის მსჯავრდებულის შეწყალება და არა სასჯელმოხდილი პირისათვის ნასამართლობის მოხსნა. ნასამართლობის მოხსნას ითვალისწინებს სისხლის სამართლის კოდექსი, თუმცა, როგორც აღინიშნა, მხოლოდ სასჯელმოხდილი პირების მიმართ. ნასამართლობის მოხსნის კუთხით პრეზიდენტის N277 ბრძანებულების ფართო განმარტების შემთხვევაშიც კი ის არ შეიძლება გასცდეს კანონით დადგენილ ჩარჩოებს", - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 30 ივლისს, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი თენგიზ გუნავა შეიწყალა და ნასამართლობაც მოუხსნა. გუნავა სამართალდამცავებმა პირველად 2012 წლის ნოემბერში იარაღთან და ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაულისთვის დააკავეს. იგი სასამართლომ 10 ათას ლარიანი გირაოს გადახდის შედეგად გაათავისუფლა. გუნავა მაშინ აცხადებდა, რომ მას იარაღი და ნარკოტიკები ჩაუდეს. დეკემბერში შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ გუნავას საქმესთან დაკავშირებით ხუთი თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლა. მეორედ გუნავა სამართალდამცავებმა ნოემბრის ბოლოს დააკავეს, თუმცა ისევ გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა. სახელმწიფო თანხების გაფლანგვისთვის თენგიზ გუნავას სასამართლომ  4-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. პრეზიდენტმა მისი შეწყალების საკითხთან დაკავშირებით ვრცლად ისაუბრა გუშინ, 30 ივლისს, პოლონეთის სეიმის წევრთან, ყოფილ პრემიერ იაროსლავ კაჩინსკისთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები