საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, რუსი ოკუპანტების ბოლო ქმედებები - საოკუპაციო ზოლზე გადაადგილების გამკაცრება და წითელუბნიდან საქართველოს მოქალაქის გატაცება, გასაკვირი არ არის. პოლონეთის სეიმის წევრთან, ყოფილ პრემიერ იაროსლავ კაჩინსკისთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე მიხეილ სააკაშვილმა რუსეთთან ძველი და ახალი ხელისუფლების ურთიერთობებზე ისაუბრა.
"თუ ვინმეს ეგონა, რომ პუტინს რაიმე შეურაცხყოფა მივაყენე - ომამდე "შენი ჭირიმე, შენ გენაცვალე"-ს გარდა მასთან სხვა ენით მე არ მილაპარაკია. მაგრამ ომის შემდეგ ოკუპანტისთვის ენის მოჩლექვა და ფეხების დაკოცნა არ არის ღირსების საქციელი. ომამდე შესაძლებელი იყო, ვყოფილიყავით ზედმეტად დიპლომატიური, რათა ომი თავიდან აგვეცილებინა", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მისი თქმით, ამჟამად მას უხსენებენ, რომ 2004-2005 წლებში პუტინზე კარგად ლაპარაკობდა."რა თქმა უნდა, ვილაპარაკებდი - ომი არ ყოფილა ოფიციალურად ამ დროს. რა თქმა უნდა, რუსეთი ჩადიოდა ყველაფერს საქართველოს წინააღმდეგ, მაგრამ მას ეს არასდროს ოფიციალურად არ განუცხადებია და სანამ ეს ზღვარი იყო გადალახული, ყველაფერი უნდა გვექნა, რომ ეს ზღვარი არ გადალახულიყო", - განაცხადა პრეზიდენტმა.
მაგრამ, მისი თქმით, "როდესაც დღეს, შენი ქვეყნის ოკუპანტზე ლაპარაკობ, რომ პუტინი არის კარგი კაცი, მას ქართველებისთვის სიკეთე უნდა, თვალებში ცრემლები ადგება, როდესაც საქართველოს ახსენებ და ასე შემდეგ, ეს ძალიან ჰგავს საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ისტორიის შემადგენელ სამარცხვინო ნაწილს, რასაც ქართულ ენაზე ჰქვია ღალატი. სხვა განმარტება, როდესაც ამას ჩადიხარ შენი ქვეყნის თავისუფლების მტერთან, არ არსებობს".
"მე მინდა ყველას მოვუწოდო, რომ შორს დაიჭირონ თავი ამ ღალატისგან. საქართველო აუცილებლად გამოვა ამ სიტუაციიდან და აუცილებლად გადარჩება. ახლა არის კრიტიკული მომენტი იმისთვის, რომ რაღაც ისეთი არ დავკარგოთ, რასაც ვერ დავიბრუნებთ. ერთ-ერთი ასეთი არის საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა", - განაცხადა სააკაშვილმა და აღნიშნა, რომ არ შეიძლება, "ერთდროულად გინდოდეს საერთაშორისო მხარდაჭერა და კაცობრიობის ერთ-ერთი მთავარი მტრის და შენი ქვეყნის დამაქცევარის ძეგლს დგამდე უკან. არ შეიძლება გინდოდეს მხარდაჭერა და ერთდროულად ქვეყანას დემოკრატიის მთავარ საფუძველს აცლიდე".
მისი თქმით, რუსეთი თავის გეგმას ასრულებს და მისი ქმედებები პიროვნულ ფაქტორზე არ არის დამოკიდებული.
"ახლა ხომ მაინც ყველა მიხვდა, რომ მთავარი პრობლემა პიროვნული არ ყოფილა. შევარდნაძე ზუსტად ისევე ეზიზღებოდა რუსეთს, როგორც - მე. შევარდნაძისგან განსხვავებული ფიგურა იყო გამსახურდია, თუმცა ისიც იყო რუსეთის მტერი", - განმარტა პრეზიდენტმა.
მან პრემიერმინისტრ ბიძინა ივანიშვილის რუსულ კაპიტალზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ რუსეთიდან საკუთარი კაპიტალი წარმატებით მხოლოდ ორმა ადამიანმა გაიტანა - "პუტინის ჩვეულებრივმა მოლარე" აბრამოვიჩმა და ბიძინა ივანიშვილმა. "ეს ფაქტია და ჩემი პროვოკაცია არ არის. ბიძინა ივანიშვილს ორი მილიარდი დოლარი გადაუხადეს არჩევნების წინ", - განაცხადა სააკაშვილმა.
"ხო მაინც არ ჩათვალა რუსეთმა, რომ უნდა გაუგოროს კოჭი? რადგან რუსეთს აქვს თავისი გეგმები. რუსეთმა პირიქით ჩათვალა, რომ 2 მილიარდი რომ გვაქვს მიცემული, საქართველომ იქით უნდა დაუთმოს ყველაფერი. როცა აქვს მოცემული, ელოდება, რომ შენც რამეს მისცემ და არ ელოდება იმას, რომ აღშფოთებას გამოხატავ. ყველაფერი ლოგიკურია", - აღნიშნა პრეზიდენტმა.
თუმცა, მან მზადყოფნა გამოთქვა, "მიუხედავად ამ 2 მილიარდისა", მიუხედავად "პუტინის საჯაროდ გაცხადებული დავალებისა, ჩემი პოლიტიკიდან და ალბათ საერთოდ ცხოვრებიდან მოშორების" თაობაზე, პიროვნული ფაქტორი დაივიწყოს და ამაზე თვალი დახუჭოს იმისთვის, რომ "საქართველოს დამოუკიდებლობის მთავარ პოსტულატებს არ შევეხოთ".
.





