ციხის კადრები

ვლადიმერ ბედუკაძე მიხეილ სააკაშვილს უჩივის

timer.ge

ციხის სკანდალური კადრების ავტორმა, ვლადიმერ ბედუკაძემ, საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა.

ბედუკაძე მოითხოვს, პრეზიდენტმა მის მიმართ მასმედიის საშუალებებით გამოთქმული ბრალდებები უარყოს. კერძოდ, როგორც ბედუკაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელის შეტანის შემდეგ განაცხადა, იგი ითხოვს პრეზიდენტის იმ პოზიციების უარყოფას, რომლის მიხედვით, ბედუკაძემ ციხის სკანდალური კადრები გაყიდა ან მის გაყიდვას აპირებდა.

"მან მრავალგზის მიწოდა სადისტი, მოძალადე და ჯალათი. ვითხოვ, იგივე მასმედიის საშუალებებით უარყოს ჩემს მიმართ გამოთქმული პოზიციები. უარყოფა კი ფაქტობრივად ბოდიშს ნიშნავს", - განაცხადა ვლადიმერ ბედუკაძემ.

მისი ადვოკატის, ელზა ჯმუხაძის განცხადებით, სარჩელი, რომლითაც ბედუკაძე სასამართლოს მიმართავს, უხარვეზოა და სასამართლოს არ გააჩნია საფუძველი, რომ იგი წარმოებაში არ მიიღოს.

ამასთან, როგორც ადვოკატმა განმარტა, თუკი პრეზიდენტი, როგორც მოპასუხე მხარე, სასამართლოში არ გამოცხადდება და ბრალდების მხარეს არ უპასუხებს, თბილისის საქალაქო სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ ბრალდების მხარის მტკიცებულებები რეალურია და, შესაბამისად, პრეზიდენტს ბრალდებების უარყოფა მოუწევს. 

კომენტარები