კანონპროექტი

ბურჯანაძე: პარლამენტმა უნდა შეაჩეროს ადამიანების გამოსახლება

Nino Burjanadze

დღეს, 29 ივლისს, დემოკრატიული მოძრაობის ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ საგანგებო ბრიფინგი გამართა და აღსრულების გადავადების კანონპროექტის განხილვების შეჩერება გააპროტესტა. ბურჯანაძემ სახიფათო უწოდა იმ ტენდენციას, როდესაც პრემიერმინისტრ ბიძინა ივანიშვილის "ერთი სიტყვა" საკმარისი აღმოჩნდა პარლამენტში კანონპროექტის განხილვის შესაჩერებლად.

"საქართველოს ათიათასობით მოქალაქე დარჩა იმედის გარეშე", - განაცხადა ბურჯანაძემ და განმარტა, რომ კანონპროექტი, რომელიც 2014 წლის 1 თებერვლამდე აღსრულების გადავადებას ითვალისწინებდა, დროებით მაინც დაეხმარებოდა გამოსახლების საფრთხის წინაშე მდგომ ადამიანებს.

"პირველი ოქტომბრის არჩევნებამდე ქართული ოცნება ამ ადამიანებს ჰპირდებოდა მათი პრობლემის მოგვარებას. დღეს ვხედავთ, რომ სურათი სულ სხვაა. დაპირება არ სრულდება, პარლამენტი დაკავებულია გაუგებარ კანონპროექტებზე მუშაობით, გართულია კოჰაბიტაციით ნაციონალურ რეჟიმთან. ამ დროს კი ვერ ხერხდება ისეთი კანონპროექტების მომზადება, რომლებზეც ადამიანის ბედი პირდაპირაა დაკავშირებული. უნდა დამთავრდეს ის პროცესი, როცა ვითომდა შემრიგებლობა და კოჰაბიტაცია საქართველოს მოქალაქეების მხრებზე და ნერვებზე გადადის. უნდა დასრულდეს ის ვითარება, როცა ნაციონალური მოძრაობის მითვისებული ბიზნესების წყალობით ადამიანები გამოსახლების საფრთხის წინაშე დგანან, ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები კი ლაღად დადიან. პარლამენტმა ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ მიიღოს კანონპროექტის ისეთი ვარიანტი, რომელიც ადამიანების გამოსახლებას შეაჩერებს. ამის ვალდებულება აქვს ქართულ ოცნებას და დღევანდელ ხელისუფლებას", - განაცხადა ბურჯანაძემ.

შეგახსენებთ, რომ საუბარია ორ კანონში - სააღსრულებო წარმოებათა შესახებ და საქართველოს სამოქალაქო კოდექსში - შესატან ცვლილებებზე, რომელიც კრედიტორების სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციაზე 2014 წლის 1 თებერვლამდე მორატორიუმის გამოცხადებას ითვალისწინებდა. პრემიერმინისტრის, მთავრობის წევრებისა და სამოქალაქო სექტორის კრიტიკის შემდეგ, პარლამენტში აღნიშნული კანონპროექტის განხილვა შეჩერდა.

კომენტარები