საპრეზიდენტო არჩევნები

პრემიერი: ჩემი ანალიზით, პირველივე ტურში მარგველაშვილი გაიმარჯვებს

https://www.facebook.com/OfficialBIDZINAIVANISHVILI?fref=ts

პრემიერმინისტრი წინასაარჩევნოდ კანდიდატებისთვის თანაბარი გარემოს უზრუნველყოფის პირობას სდებს.

„მე ყოველდღიურ რეჟიმში მივადევნებ თვალყურს, რომ არ მოხდეს - პირველად, საქართველოს ისტორიაში - ხელისუფლების რესურსების გამოყენება რომელიმე კანდიდატის მიმართ. რა თქმა უნდა, განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ იქნება ხელსუფლების კანდიდატი, რომ არავის დარჩეს არათუ შთაბეჭდილება, არამედ ეჭვიც კი, რომ სახელისუფლებო რესურსები იქნება გამოყენებული მის მიმართ. ეს არის ჩვენთვის ძალიან პრინციპული, რამეთუ ევროპელებიც, ამერიკელებიც და ჩვენი საზოგადოებაც ამას დიდი ყურადღებით დააკვირდება და ჩვენთვის პრინციპულია, რომ ჭეშმარიტად თავისუფალი არჩევნების პრეცედენტი შევქმნათ. ყველა კანდიდატს უნდა მივცეთ თანაბარი უფლებები და პირობები და ამას შევძლებთ." - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია აჭარასთან საუბრისას.

პრემიერმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ გიორგი მარგველაშვილს ბევრი დადებითი თვისება აქვს და სწორად პიროვნულმა თვისებებმა განაპირობა კანდიდატად მისი შერჩევა.

ივანიშვილმა საპრეზიდენტო არჩევნებში მეორე ტურის ალბათობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი აზრით, ეს მოსალოდნელი არ არის:

„ჩემი ანალიზით, პირველივე ტურში გაიმარჯვებს გიორგი მარგველაშვილი. რადგან თვითონ ძალიან საინტერესო პიროვნებაა, კოალიცია ქართული ოცნებაც საკმაოდ პოპულარულია დღეს, შესაბამისად, მივიღებთ ესეთ შედეგს, რომ მარგველაშვილი გაიმარჯვებს პირველ ტურში, დამაჯერებლად.''

მისივე თქმით, „მთავარია, კანდიდატებს არ დარჩეთ შთაბეჭდილება, რომ მათ არ ქონდათ საშუალება, ნორმალურად განეხორციელებინათ საარჩევნო პროცესი."

კომენტარები