ევროპის სახალხო პარტია

ჰოკმარკი: ივანიშვილის განცხადებები კანონის უზენაესობას არ შეესაბამება

ევროპის სახალხო პარტიის წარმომადგენელმა და ევროპარლამენტარმა, გუნარ ჰოკმარკმა, Europeanvoice-ზე სტატია გამოაქვეყნა. ის ეჭვქვეშ აყენებს საქართველოს დემოკრატიულობას და მიმდინარე მოვლენების გამო აღშფოთებას გამოთქვამს.

"ოპოზიციის ლიდერი, ყოფილი პრემიერმინისტრი და ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების კანდიდატი - ვანო მერაბიშვილი, წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. ოპოზიციის სხვა ლიდერებზე კი სამართლებრივ დევნას ახორციელებენ, აკავებენ და პროკურატურაში კითხავენ. საქართველოს პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე ჩემს აზრს არ ეთანხმება. 9 ივლისს იგი მე და სხვა ევროპის სახალხო პარტიის წარმომადგენლებს "თავს დაგვესხა". ჩვენ ღიად ვისაუბრეთ დემოკრატიის საფრთხეებზე და იმაზე, თუ როგორ ეპყრობიან ოპოზიციის წევრებს საქართველოში. ჯაფარიძემ გვითხრა, რომ ფაქტების დამდგენი მისიის მივლინების გარეშე ასე არ უნდა მოვქცეულიყავით. თუმცა, გასულ წელს საქართველოში ჩვენ დელეგაციები გავგზავნეთ. ჩვენ სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლებთან შეხვედრებს ვაგრძელებთ. მივესალმები იმ ფაქტს, რომ საქართველოს ხელისუფლებას ევროპასთან დაახლოება სურს, თუმცა პოლიტიკური ოპონენტების მიმართ სამართლებრივად სწორად უნდა მოიქცნენ", - წერს ჰოკმარკი სტატიაში.

 ჰოკმარკი აღშფოთებას გამოსთქვამს თედო ჯაფარიძის წერილთან დაკავშირებით, რომელშიც ჯაფარიძე აღნიშნავს: "ქართული ოცნების პასუხისმგებლობაა ის, რომ ამომრჩეველმა ორი ხელისუფლების ქმედებებს შორის განსხვავება დაინახოს. წარსული დანაშაულებისთვის არა მხოლოდ ყოფილი, არამედ მოქმედი მაღალჩინოსნებიც უნდა დაისაჯონ".

ევროპის სახალხო პარტიის წარმომადგენელი ამას არ ეთანხმება: "მოქმედი ან ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავება წარსულში ჩადენილი კანონდარღვევისთვის ხელისუფლების ამოცანა არ უნდა იყოს. ხელისუფლების ამოცანაა კანონის უზენაესობის დაცვა და დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის შექმნა. არავინ დგას კანონზე მაღლა და კანონი სამთავრობო ინსტრუმენტად ოპოზიციის წინააღმდეგ არ უნდა გამოიყენონ".

ევროპარლამენტარი ბიძინა ივანიშვილის განცხადებებსაც გამოეხმაურა, რომელიც საქართველოს პრემიერმინისტრმა ფრანგულ გამოცემა Le Monde-თან საუბრისას გააკეთა.  

ივანიშვილს ჰკითხეს, მოსალოდნელი იყო თუ არა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაკავება. პრემიერმინისტრმა კი უპასუხა: "მე არ მაქვს სურვილი ადამიანები განვსაჯო, სააკაშვილის ჩათვლით. ის პრეზიდენტია. მე ვაფრთხილებდი, შეწყვიტე ტყუილი, სხვანაირად იმოქმედე. თუ ოპოზიცია ისევ განაგრძობს ხალხის მოტყუებას, პროკურატურის წინ დასაკითხთა რიგი გაიზრდება".

ჰოკმარკი ამ განცხადებასთან დაკავშირებით წერს, რომ ეს კანონის უზენაესობასა და დემოკრატიას არაფრით შეესაბამება.  

"ჩვენ მივესალმებოდით აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე ასოცირების შესახებ შეთანხმებას, მაგრამ ჯერ საქართველოში სასწრაფო ცვლილებები  უნდა გატარდეს. საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობაზე დებატები გვესაჭიროება. ძალაუფლების გადამეტება და სამართლებრივი ინსტიტუტების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება მიუღებელია", - აღნიშნავს სტატიაში გუნარ ჰოკმარკი.

 

კომენტარები