ბიენალე

55–ე წარმოსახვითი ბიენალე

ყოველ ორ წელიწადში ერთხელ, ხელოვნებით დაინტერესებული პირებისა თუ პროფესიონალების სრული კონცენტრაცია ადრიატიკის ზღვაში გაშენებული ქალაქისკენაა მიმართული. ორ წელიწადში ერთხელ, ივნისიდან ნოემბრის ჩათვლით, ექვსი თვის განმავლობაში, ვენეცია თანამედროვე ხელოვნების დედაქალაქი ხდება და მსოფლიოს დანარჩენ ნაწილს თანამედროვე არტის ბოლო ტენდენციებსა და სიახლეებს აცნობს.

წელს ვენეცია მასპინძლობს ხელოვნების 55-ე ბიენალეს, რომელსაც სახელი „ენციკლოპედიური სასახლე" ამჯერად არტკურატორმა და კრიტიკოსმა – მასიმილიანო ჯონიმ შეურჩია.

ეს სახელი იტალიელ-ამერიკელი ხელოვანის, მარინო აურიტის იდეას უკავშირდება, წარმოსახვითი მუზეუმის – ენციკლოპედიური სასახლის შექმნის თაობაზე, რომელშიც კაცობრიობის მთელი ცოდნა და გამოცდილება, ყველაზე დიდი აღმოჩენების ამბები მოიყრიდა თავს. აურიტის გეგმა განუხორციელებელი დარჩა, თუმცა მისმა იდეამ ვენეციის 55-ე ბიენალეს კურატორი შთააგონა და საერთაშორისო ექსპოზიციის მთავარი კვლევის საგნად ადამიანის წარმოსახვა, სიზმრები, ჩვენებები და გრძნობები დაასახელა.

მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული ბიენალე 115 წელს ითვლის და ვიზუალური არტის, კინოს, არქიტექტურის, ბალეტის, მუსიკის, თეატრის შემქმნელებსა და მოყვარულებს აერთიანებს. მისი დაარსების პირველადი მიზანი მსოფლიო ხელოვნებაში მიმდინარე ტენდენციების გამოვლენა და მათი ავტორების ვენეციაში მოწვევა გახლდათ იმ ნამუშევრების წარმოსადგენად, რომლებსაც საზოგადოება ჯერ კიდევ არ იცნობდა.
წელს ხელოვნების ბიენალეს ქართული პავილიონი არა მხოლოდ წარმომადგენლობითი სიმრავლით, ორიგინალური გადაწყვეტილებებითაც გამოირჩევა.

გერმანული პავილიონი ვენეციის ბიენალეზე
Giardini-ის ტერიტორიაზე მუდმივი პავილიონის არქონა ამჯერად ქართველმა ხელოვანებმა ყველაზე მოხერხებულად გამოიყენეს და ქართული ექსპოზიციების სამასპინძლოდ, ვენეციურ სახლს თბილისურ ყაიდაზე მიაშენეს ხის კონსტრუქცია და ხისავე გრძელი კიბეც დაურთეს. „კამიკაძე ლოჯიის" ეს ორიგინალური იდეა გიო სუმბაძეს ეკუთვნის. ნაგებობა ერთდროულად პოსტსაბჭოური საქართველოს ისტერიულ მიშენებებსა და ძველ თბილისურ „იტალიურ" ეზოებს მოგვაგონებს და დამთვალიერებლებში ისეთივე ცნობისმოყვარეობას აღძრავს, როგორც ეს ევროპული ქვეყნებიდან ჩამოსულ ტურისტებს მოსდით ხოლმე თბილისური მიშენებული ლოჯიების დანახვისას. ავტორების განმარტებით, ნაგებობა ფორმით, არსითა თუ ქართული გვარივით მჟღერი სახელი „კამიკაძეთი", ქართველთა რომანტიკულ და თვითმკვლელ ბუნებასთან ჰპოვებს პარალელებს. გიო სუმბაძის გარდა, ვენეციის 55-ე ბიენალეზე ქართულ მხარეს ჯგუფი ბულიონი, ნიკოლოზ ლუტიძე, თეა ჯორჯაძე და გელა პატაშური, ეი არაკავა და სერგეი ჩერეპნინი წარადგენენ. ქართული პროექტის კურატორი კი პოლონელი იოანა ვარშაა.

იმ ხელოვანების სია, რომელთა შემოქმედებასაც ვენეცია ბიენალეს ფარგლებში მასპინძლობდა, ძალიან გრძელი, მრავალფეროვანი და მრავლისმთქმელია: კლიმტი, რენუარი, ბრაკი, მარგრიტი, შაგალი, მარინა აბრამოვიჩი, მოდილიანის, პიკასოსა და კურბეს რეტროსპექტული გამოფენები, ტომაზო მარინეტის ფუტურისტული მანიფესტები, ტარკოვსკისა თუ ფელინის კინო. სტრავინსკის, ბრიტენის, პროკოფიევის მუსიკა...
1895 წლიდან ვენეციის ხელოვნების ბიენალეს საგამოფენო სივრცეს ქალაქის ჩრდილო-აღმოსავლეთის ნაწილი, არსენალე მასპინძლობს. არსენალე ვენეციის შუა საუკუნეებში დაარსებული ქალაქის მთავარი ინდუსტრიული უბანია. ამ მხარეში აგებულ სამხედრო გემებსა და დამზადებულ იარაღს უმადლიან ვენეციელები ომებისას მოპოვებულ დიდ გამარჯვებებს. ადგილი, რომელზეც ქალაქის მთავარი გემსაშენის სახელოსნოები მდებარეობდა, დღეს თანამედროვე არტის საექსპოზიციო პავილიონებს უჭირავს.

პირველივე წელს Giardini di Castello-ში, არსენალეს ბაღებში გამართულ ექსპოზიციებს, რომლის საპატიო სტუმრებიც მეფე უმბერტო I და დედოფალი მარგერიტა დი სავოია იყვნენ, იმ დროისთვის გაუგონარი რაოდენობის ხალხი – 224 000 დამთვალიერებელი ეწვია. ვიზიტორების რიცხვი წლიდან წლამდე იზრდება და სულ უფრო მატულობს იმ ხელოვანების, კრიტიკოსებისა თუ არტკურატორების რაოდენობა, რომლებიც საზოგადოებამ ამ ქალაქის მეშვეობით გაიცნო.

მარინო აურიტის ენციკლოპედიური სასახლე
დღეს პავილიონებში წარმოდგენილი ექსპოზიციები ხშირად ისეთივე შოკისმომგვრელ ეფექტს ახდენს მაყურებელზე, როგორც ამას თავის დროზე პიკასოს კუბისტური და შემზარავი ფიგურები ახდენდა. შიშის მომგვრელი ინსტალაციები, არტპერფორმანსები, მოუხერხებელი საყოფაცხოვრებო ნივთები, მავთულხლართებისა და ნაგვისგან აწყობილი კომპოზიციები სათქმელს დამთვალიერებელს ხშირად მხოლოდ არტკრიტიკოსებისა და კურატორების ენით გადასცემენ. ამ ადამიანებს, წლებია, ბიენალეზე სპეციალური პრიზები გადაეცემათ და უკვე ფართოდ გავრცელებული მოსაზრების თანახმად, სწორედ ეს ხალხი წარმოადგენს თანამედროვე არტის მაცოცხლებელ ძალას. მეტიც, დღეს ხელოვნება მათ გარეშე, უბრალოდ, არ არსებობს.

ამიტომაც, ბიენალეს პავილიონები კონტრასტებისა და, ერთი შეხედვით, გაუგებრობების ადგილია, რომელსაც თუ უგულოდ და ზერელედ დახედე, მწარედ ინანებ ბილეთში გადახდილ თანხას. ხოლო თუ მოინდომე და წარმოსახვას მოუხმე, ბიენალეს მთელ ამ ფერადოვნებასა თუ სირუხეში რაღაც საიდუმლოებრივსა და მისტიკურსაც ამოიკითხავ. მაგალითად, ასე იყო 2009 წელს, როდესაც პავილიონიდან გამოსვლისას, უდიერად მიყრილი ღია ბარათების გროვისკენ გამეპარა თვალი, რომლებსაც ეწერა: „უფასო სუვენირები ვენეციიდან" – ეს უანგარო საჩუქრები კი წარმოადგენდა უსახური ფოტოების კოლექციას: ზღვაში ამოწვერილი კაშხლებით, წყალში ჩაყრილი ბეტონის ნარჩენებით, რომლებზეც მტრედები ისხდნენ და გაკვირვება ვერ მოვასწარი, რომ ადგილობრივი გიდის ნათქვამს მოვკარი ყური: „წაიღეთ ბარათები სახსოვრად. ყველა ამ ფოტოს ვენეცია ჰქვია, ავტორმა ისინი გადაიღო სულ სხვა კონტინენტებზე და სხვა გარემოში, რომელსაც არაფერი აქვს საერთო ამ ქალაქთან. მაგრამ იმ იმედით, რომ წყალი, რომელიც მიმოიქცევა, ოდესმე, ერთ სავსე მთვარობასაც, აქ მოხვდება, მან ყველა ამ სურათს საყვარელი ქალაქის სახელი უწოდა. ასე რომ, იცოდეთ, ყველა გზა თუ რომში მიდის, ყველა წყალი ვენეციაში მიედინება".

 

კომენტარები