უწყებათაშორისი კომისია

ბოკერია: პოლიციამ ვერც პირისპირ და ვერც ფიზიკური შეურაცხყოფა ვერ აღკვეთა

გიგა ბოკერია
tabula.ge

თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარემ გიგა ბოკერიამ ზუგდიდსა და ბათუმში ოპოზიციური პარტიის მიმართ განხორციელებული ძალადობრივი ქმედებების შესახებ განცხადება გაავრცელა.

ბოკერია შეშფოთებას გამოთქვამს, 2013 წლის 20 ივნისს ქალაქ ზუგდიდში და 21 ივლისს ქალაქ ბათუმში ოპოზიციური პარტიის მიმართ განხორციელებული ძალადობრივი ქმედებების და ამ ინციდენტებზე სამართალდამცავი ორგანოების არაადეკვატური რეაგირების გამო. მისი თქმით, მსგავსი ინციდენტები და მათზე არასათანადო რეაგირება წინააღმდეგობაშია იმ გზავნილებთან, რომლებიც საქართველოს პრემიერმინისტრმა 2013 წლის 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარებასთან დაკავშირებით გააკეთა.

"მიუხედავად იმისა, რომ ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია, რომლის მოქმედების შედეგად აქტივისტებს არ მიეცათ შესაძლებლობა, ჩაეშალათ ნაციონალური მოძრაობის ღონისძიება, პოლიციამ ვერც პირისპირ შეურაცხყოფა, ვერც ფიზიკური შეურაცხყოფა ვერ აღკვეთა. უფრო მეტიც, სახეზე იყო პოლიციის მიმართ კონტრდემონსტრანტთა მხრიდან წინააღმდეგობის გაწევა და აშკარა დაუმორჩილებლობა. ამასთანავე, მოძალადეთა მიმართ 100-ლარიანი ადმინისტრაციული ჯარიმის გამოყენება არაადეკვატური სასჯელია, რაც შემდგომში ძალადობის წამახალისებელ ფაქტორადაც კი შეიძლება იქცეს. მით უმეტეს, იმ ფონზე, როცა სახეზეა შემთხვევები, როცა მშვიდობიანი პროტესტის გამო სტუდენტებს 1000 ლარით აჯარიმებენ. აღსანიშნავია, რომ პრობლემები 2012 წლის 1 ოქტომბრის საარჩევნო კამპანიისას, ღია შეხვედრების დროსაც არსებობდა და მაშინ სამართალდამცავები ადმინისტრაციული პატიმრობის ფორმას მიმართავდნენ. 2012 წლის რამდენიმე საარჩევნო ინციდენტის დროს (მერეთი, კარალეთი) ადგილზე მობილიზებული არ ყოფილა პოლიცია, განსხვავებით ზუგდიდის შემთხვევისგან, როცა შინაგან საქმეთა სამინისტრო წინასწარ ფლობდა ინფორმაციას ოპოზიციის ღონისძიების პარალელურად კონტრაქციის ორგანიზების შესახებ. საპარლამენტო არჩევნების დროს დამკვიდრებული პრაქტიკის შესაბამისად, უწყებათაშორისი კომისიის მეშვეობით ხდებოდა სამართალდამცავთა ინფორმირება ოპოზიციური პარტიის მიერ დაგეგმილი აქციების თაობაზე, რაც ინციდენტების პრევენციის შესაძლებლობას იძლეოდა. თანამშრომლობის ამგვარი ფორმატის შედეგად, ქართული ოცნების წინასაარჩევნო შეხვედრებმა და მიტინგებმა ყოველგვარი ექსცესების გარეშე ჩაირა იმ შემთხვევებში, როცა პოლიცია წინასწარ ფლობდა ინფორმაციას დაგეგმილი საარჩევნო ღონისძიებების შესახებ. პოლიტიკური მოტივით ძალადობის პრევენციის მიზნით, მნიშვნელოვანია, ანალოგიურ შემთხვევებში სამართალდამცავმა ორგანოებმა ან ადმინისტრაციულ პატიმრობას ან, უფრო სერიოზულ ვითარებებში, როგორიცაა ზუგდიდის შემთხვევა, სისხლისსამართლებრივ დევნას მიმართონ. მით უმეტეს, რომ არსებობს გონივრული ეჭვი, რომ ეს აქცია ხელისუფლების ცალკეულ წარმომადგენელთა მიერ იყო ორგანიზებული. მნიშვნელოვანია ასევე, რომ წინასაარჩევნო პერიოდში პოლიციამ ითანამშრომლოს საარჩევნო სუბიექტებთან, როგორც ინფორმაციის გაცვლის, ასევე შესაძლო კონფრონტაციის შემთხვევაში მყისიერი და ეფექტური რეაგირების კუთხით", - ნათქვამია ბოკერიას განცხადებაში. 

 

 

 

კომენტარები