ბრიტანეთის სამეფო ოჯახი

ახალდაბადებული ბრიტანელი პრინცის სახელი ჯერ უცნობია

პრინცი უილიამი და ქეით მიდლტონი
პრინცი უილიამი და ქეით მიდლტონი / thesun.co.uk

პრინც უილიამსა და ქეით მიდლტონს ვაჟი შეეძინათ. ახალი ამბავი, რომელსაც მთელი ბრიტანეთი განსაკუთრებით მოუთმენლად ელოდა, სასახლის პრესსამსახურმა თითქმის 14-საათიანი ლოდინის შემდეგ გაახმოვანა. ბრიტანული მედიის ინფორმაციით, ბავშვი ჯანმრთელია და 3.8 კილოგრამს იწონის. ის წმინდა მერის სამშობიაროში დაიბადა - იქ, სადაც პრინცები - უილიამი და ჰარი დაიბადნენ. ტრადიციის თანახმად, ქეითმა და უილიამმა სამშობიაროს დატოვებისას ფოტოები უნდა გადაიღონ, როგორც პრინცესა დიანამ პრინც ჰარის და პრინც უილიამსის დაბადებისას გააკეთა.

ბავშვის სახელი ჯერჯერობით უცნობია. სასახლის პრესსამსახურის განცხადებით, მსოფლიო ბავშვის სახელს უახლოეს მომავალში გაიგებს. პრინც უილიამის მშობლებმა - პრინცმა ჩარლზმა და პრინცესა დიანამ - ზუსტად ერთ კვირაში გამოაცხადეს მისი სახელი. ქეთრინი და უილიამი, სავარაუდოდ, ტრადიციულ სახელს აირჩევენ, როგორიც არის ჯორჯი, ჯეიმსი, ალექსანდერი, ლუი ან ჰენრი, აცხადებს ბრიტანული წიგნის გამოშვება Ladbrokes.

ახალშობილის დაბადებას ბრიტანეთი უკვე ზეიმობს. ჰუნგერფორდის ხიდი პრინცის დაბადებიდან რამდენიმე წუთში ლურჯად განათდა, ლონდონ "eye" - კი წითლად, თეთრად და ლურჯად. პარალელურად, ლონდონის ყველაზე მაღალ შენობაზე გამოჩნდა წარწერა - It's a boy - ბიჭია.

სად გაატარებს წყვილი უახლოეს კვირებს სამშობიაროდან გამოსვლის შემდეგ, უცნობია. ცნობილია, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ ისინი კენსინგტონის სასახლეში იცხოვრებენ, სადაც ამჟამად სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. პრინცი უილიამი 2 კვირის შემდეგ დაუბრუნდება სამსახურს, როგორც RAF-ის პილოტი.

ახლადდაბადებული პრინცი სამეფო ტახტის რიგით მესამე მემკვიდრეა - ბაბუის, პრინც ჩარლზისა და მამის, პრინც უილიამის შემდეგ. ბრიტანული მედიის გამოთვლებით, კიდევ 60 წლის განმავლობაში ის მეფე ვერ გახდება.

ახალდაბადებულს პრინცის ტიტულის ტარება კიდევ დიდხანს მოუწევს. არსებობს სპეკულაციები იმის თაობაზე, ისწავლის თუ არა პრინცი სენტ ენდრიუს უნივერსიტეტში, სადაც უილიამი და ქეთრინი პირველად შეხვდნენ ერთმანეთს.

 

კომენტარები