სექსუალური ძალადობა არასრულწლოვანზე

მორიგი სექსუალური ძალადობა არასრულწლოვანზე კახეთში

შსს-ს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ლაგოდეხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1965 წელს დაბადებული ელიზბარ ფ. არასრულწლოვანთან სქესობრივი კავშირის დამყარების ბრალდებით დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა 1999 წელს დაბადებულ კლავდია მ-სთან სექსუალური კავშირი რამდენჯერმე დაამყარა. ძალადობის მსხვერპლი მცირე საოჯახო ტიპის სახლის აღსაზრდელია.

"სამართალდამცველებმა ელიზბარ ფ, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ლაგოდეხის რაიონში, დემეტრე თავდადებულის ქუჩაზე დააკავეს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება 16 წლის ასაკს მიუღწეველთან სქესობრივი კავშირის ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი მოქმედების ჩადენის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 140-ე მუხლით, რაც 1-დან 3 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს). გამოძიებას შსს-ს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ლაგოდეხის რაიონული სამმართველო აწარმოებს", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ პროკურატურამ 46 წლის მამაკაცთან, რომელიც გურჯაანის პოლიციის თანამშრომლებმა 10 წლის მოზარდზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით დააკავეს, საპროცესო შეთანხმება გააფორმა. მამაკაცს 1.6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. დაკავების დროს წაყენებული ბრალით მას 20 წლამდე პატიმრობა ემუქრებოდა. როგორც ნეტგაზეთს გურჯაანის რაიონულმა პროკურორმა განაცხადა, გამოძიებამ ძალადობის დამადასტურებელი მტკიცებულებები ვერ მოიპოვა. 

კომენტარები