საქართველოს პრეზიდენტი

სააკაშვილი: შეშფოთებას გამოვხატავ ნავალნის უსამართლო დაპატიმრების გამო

www.chveniambebi.info

რუსეთის სასამართლოს მიერ, ოპოზიციის ლიდერის, ალექსეი ნავალნისთვის პატიმრობის შეფარდებას, საქართველოს პრეზიდენტი გამოეხმაურა. მიხეილ სააკაშვილმა განცხადება გაავრცელა, სადაც ის შეშფოთებას გამოთქვამს რუსი აქტივისტის დაკავების გამო.

"პუტინის რეჟიმის მიერ კორუფციასთან და თაღლითობასთან მთავარი მებრძოლის თაღლითობის ბრალდებით გასამართლება დღევანდელი ოფიციალური რუსეთის ცინიზმის კლასიკური გამოვლინებაა, თუმცა ეს არათუ ვერ ჩაკლავს რუსი ხალხის ბრძოლას თავისუფლებისთვის, არამედ კიდევ უფრო გაამძაფრებს მას. დარწმუნებული ვარ, რომ სულ მალე თავად რუსი ხალხი, განსაკუთრებით კი თანამედროვე პირობებში გაზრდილი ახალი თაობა, ფუნდამენტურ ცვლილებებს მიაღწევს და რუსეთი რეგიონში არასტაბილურობისა და აგრესიის ფაქტორიდან თავისუფალ ქვეყნად და მეზობლებისთვის სასურველ პარტნიორად გარდაიქმნება", - აღნიშნულია განცხადებაში.

მიხეილ სააკაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ საბოლოოდ "თავისუფლება და პროგრესი იზეიმებს".

"დარწმუნებული ვარ, რომ თავისუფალი და დემოკრატიული რუსეთი სასურველი პარტნიორი იქნება როგორც მრავალრიცხოვანი მეზობლებისთვის, ასევე მთლიანად საერთაშორისოსაზოგადოებისთვის. ასეთ რუსეთთან ურთიერთობას მეზობლები თავს კი არ აარიდებენ, არამედ დიდი ენთუზიაზმით ითანამშრომლებენ მასთან, დაამყარებენ მჭიდრო პოლიტიკურ, ეკონომიკურ და ადამიანურ კავშირებს და საუკეთესო კეთილმეზობლურ ურთიერთობაში ჩაებმებიან. კიდევ ერთხელ, დიდ შეშფოთებას გამოვხატავ ცნობილი რუსი სამოქალაქო აქტივისტის უსამართლო დაპატიმრების გამო და გამოვთქვამ რწმენას, რომ ხალხის ძალისხმევით საბოლოოდ მაინც თავისუფლება და პროგრესი იზეიმებს როგორც რუსეთში, ასევე მთლიანად ჩვენს დიდ რეგიონში", - აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი.

შეგახსენებთ, ცნობილ ბლოგერსა და ოპოზიციის ლიდერს ალექსეი ნავალნის რუსეთის სასამართლომ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. ოპოზიციის ლიდერი დამნაშავედ ცნეს კრიმინალური სქემის ორგანიზებაში, რომლის მეშვეობითაც დიდი ოდენობით სახელმწიფო ფული მიითვისა. ნავალნი სასამართლო დარბაზშივე დააპატიმრეს.

37 წლის აქტივისტი და ბლოგერი მიიჩნევს, რომ ბრალდება, თითქოს მან 2009 წელს, როცა ჯერ კიდევ კიროვის რეგიონის გუბერნატორი იყო, სახელმწიფოს კუთვნილი 16 მილიონი რუბლი ანუ თითქმის ნახევარი მილიონი დოლარი მიითვისა, პოლიტიკურად მოტივირებულია და ამის მიზეზი მისი პუტინის რეჟიმთან დაპირისპირებაა.

კომენტარები