პრეზიდენტის ვეტო

პრეზიდენტმა ნორმატიული აქტების შესახებ კანონში ცვლილებებს ვეტო დაადო

მიხეილ სააკაშვილი
fb.com/SaakashviliMikheil

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ვეტო დაადო პარლამენტის 28 ივნისს მიღებულ ნორმატიული აქტების შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს - აღნიშნულ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

პრეზიდენტის ვეტოს მიზეზი გახდა ის გარემოება, რომ მიღებული კანონპროექტი განსაზღვრავს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო აქტების მიღებისა და ხელმოწერის წესებს, რაც, პრეზიდენტის აზრით, ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციით რეგულირებად საკითხებში ჩარევას იწვევს.

"კანონპროექტის მიღების საფუძველი, როგორც ჩანს, გახდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ლეგიტიმურ წარმომადგენლობით და აღმასრულებელ ორგანოებში შექმნილი პოლიტიკური კრიზისი. თუმცა, კანონპროექტით გათვალისწინებული დებულებები იწვევს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციით რეგულირებად საკითხებში ჩარევას და მეტიც, რეალურად ხელს უშლის  უმაღლეს საბჭოში წარმოდგენილ პოლიტიკურ ძალებს შორის თანამშრომლობასა და კონსენსუსის მიღწევას. საბოლოო ჯამში, კანონპროექტი აკნინებს ავტონომიური რესპუბლიკის ლეგიტიმური ორგანოების სტატუსს. აღსანიშნავია, რომ კანონპროექტის მიმართ კრიტიკული მოსაზრებები გამოითქვა  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრთა მხრიდანაც, ვეტოს თხოვნით პრეზიდენტს მიმართა დევნილთა საინიციატივო ჯგუფმაც.

ამგვარი საკანონმდებლო ცვლილებების ნაცვლად, მიზანშეწონილია, შესაბამისმა უფლებამოსილმა ორგანოებმა იმოქმედონ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციითა და სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრული წესით. მით უფრო, რომ აღნიშნული ნორმატიული აქტები ნათლად განსაზღვრავენ, როგორც შესაბამისი თანამდებობის პირის თანამდებობაზე დანიშვნის პროცედურებს, ისე ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო აქტების მიღებისა და გამოცემის წესს", - ნათქვამია ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.  

კომენტარები