განათლების რეფორმა

ნაციონალური მოძრაობა მარგველაშვილის ანგარიშს აკრიტიკებს

facebook.com/sergo.ratiani

კოალიცია ქართული ოცნების პრეზიდენტობის კანდიდატის გიორგი მარგველაშვილის მიერ განათლების მინისტრად საქმიანობის 8 თვის ანგარიში ნაციონალური მოძრაობის  დეპუტატმა სერგო რატიანმა პრესკონფერენციაზე გააკრიტიკა.

"მას დაავიწყდა, რომ ახალი მთავრობის ერთ-ერთი პირველი გადაწყვეტილება იყო ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის დახურვა, სადაც ქართველ სტუდენტებს საშუალება მიეცემოდათ, ესწავლათ 5-10-ჯერ უფრო იაფად, ვიდრე აშშ-ის სასწავლებლებში და მიეღოთ ამერიკული დიპლომი. მან ისაუბრა უწყების დეპოლიტიზაციაზე, მაშინ, როდესაც მისი გადაწყვეტილება იყო აგრარული უნივერსიტეტის ავტორიზაციის გაუქმება", - განაცხადა რატიანმა.

საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატმა მარგველაშვილს უმაღლესი განათლების სექტორში განხორციელებული "პრობლემური" ცვლილებებიც შეახსენა და განაცხადა, რომ  უმაღლესი განათლების შესახებ კანონის შეჩერება მხოლოდ ოპოზიციის, არასამთავრობო სექტორის, დიპლომატიური კორპუსისა და უმრავლესობის 12 წევრის აქტიურობის შედეგად მოხერხდა.

 "მან მოახდინა კანონის ინიცირება, რომლითაც უნივერსიტეტების რეორგანიზაცია შესაძლებელი გახდებოდა მათი კოლეგიური ორგანოს უკითხავად; მისი ინიცირებული იყო ოპოზიციის მიერ მომზადებული კანონის დაბლოკვა, რომლითაც უნივერსიტეტებს მიეცემოდათ ფართო ავტონომია; მან მოახდინა ინიცირება კანონისა, რომლითაც ახალი თაობის მეცნიერებს, დოქტორანტებს ეზღუდებათ ასისტენტ-პროფესორობა; მისი ინიცირებული იყო კანონი, რომლითაც პრემიერს ეძლეოდა საშუალება, დაენიშნა რექტორის მოვალეობის შემსრულებელი", - განაცხადა რატიანმა. 

კომენტარები