უგულავას საქმე

საქალაქო სასამართლოში გიგი უგულავას საქმის არსებითი განხილვა იწყება

facebook.com/pages/თბილისის-საქალაქო-სასამართლო

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, 16 ივლისს, გიგი უგულავასა და დავით კეზერაშვილის საქმის არსებითი განხილვა იწყება. თბილისის მერსა და თავდაცვის ყოფილ მინისტრს გამოძიება სხვისი ქონების მართლსაწინააღმდეგო მითვისებას ედავება. საქმე ეხება ტელეკომპნია იმედთან დაკავშირებულ საკითხებს, ასევე, თბილსერვისჯგუფის საქმეს.

წინასასამართლო სხდომაზე უგულავამ უარი თქვა მისი საქმის ნაფიცი მსაჯულების მიერ განხილვაზე. დედაქალაქის მერის თქმით, ნაფიცი მსაჯულების შემთხვევაში საქმეში კიდევ უფრო მეტი გაუგებრობა იქნება, ვიდრე ახლა არის.

უგულავასვე თქმით, ის ყველაფერს გააკეთებს, რათა საზოგადოებამ დაინახოს, რომ "ეს ყველაფერი ტყუილია და თითიდან გამოწოვილი".

"მე მზად ვარ დავადასტურო ჩემი სიმართლე, მიუხედავად იმისა, რომ პროკურატურამ უნდა დაადასტუროს ჩემი ბრალი. შევეცდები დავადასტურო, რომ ჯოზეფ ქეი არის ჩვეულებრივი აფერისტი. ორივე ბრალდება არის აბსურდული", - ამბობს თბილისის მერი.

"ბატონი უგულავა არ ცნობს თავს დამნაშავედ, შესაბამისად, გავაგრძელებთ დავას არსებით განხილვებზე. აქ არის ეგრეთ წოდებული იმედის თემა და მეორე თემა, რომელიც ეხება თვილსერვისჯგუფს, როდესაც ადამიანები იყვნენ დასაქმებულები და რატომღაც ბრალდებას მიაჩნია, რომ ეს ადამიანები არ ასრულებდნენ მათზე დაკისრებულ მოვალეობას. ჩვენ სასამართლოზე დავამტკიცებთ იმას, რომ ეს ადამიანები ასრულებდნენ ამ მოვალეობებს", - ამბობს უგულავას ადვოკატი გიორგი ჩივიაშვილი.

თბილისის მერს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე და 182-ე მუხლებით ედება (სხვისი ქონების მართლსაწინააღმდეგო მითვისება და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაცია).

კომენტარები