მეუფე იაკობი

მეუფე იაკობი: თქვენ ხომ მარტო 17 მაისების მოწყობა შეგიძლიათ

მეუფე იაკობი
ipn.ge
პატრიარქის ქორეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა, საკვირაო ქადაგებაში ქართველების ერთმანეთისთვის გადაკიდების მცდელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, ცალკეული ადამიანები ცდილობენ, სხვადასხვა კუთხეში მცხოვრები განსხვავებული რწმენის ქართველები ერთმანეთს გადაამტერონ.
 
"მინდა მივმართო იმ ადამიანებს, ვინც ცდილობენ საქართველოს სხვადასხვა კუთხის შვილები ერთმანეთს გადაამტერონ: ბატონებო, ნიგვზიანში არ გამოგივიდათ, წინწყაროში არ გამოგივიდათ, შერცხვით. ჩვენ ვიცით მათი სახელები, ვინც ყოველივე ამას გეგმავს, მაგრამ არ მინდა, ხმამაღლა ვთქვათ, იქნებ ცოტა შეინანონ. ისინი ჭკვიანი ადამიანები არიან. დღეს ბევრს აქვს იმუნიტეტი თავისი სამსახურიდან გამომდინარე. ზოგი სად მუშაობს, ზოგი სად. ხომ შეიძლება, დასხდეთ და თქვენი გონება ცუდით არ იყოს დაკავებული, კარგზე იფიქრეთ. გააკეთეთ პირველი სიკეთე თქვენი ერისთვის და იქნებ ძალიან ბევრი რამ შეიცვალოს თქვენში. სინამდვილეში არც მართლმადიდებლებზე შეგტკივათ გული და არც მუსულმანებზე. მხოლოდ იმას ფიქრობთ, როგორმე მუდმივად იყოთ თანამდებობაზე და ისე მართოთ ქვეყანა, როგორც თქვენს გაუკუღმართებულ აზროვნებას მოეწადინება. დაფიქრდით, იქნებ მიხვდეთ, რომ ქართველები ხართ. ერთი წვეთი სისხლი ხომ მაინც არის თქვენს ძარღვებში. საქართველოს ნუ ხდით აბუჩად ასაგდებს. უცხოელები ჩვენზე ვერ უნდა ბედავდნენ რაღაცების ლაპარაკს, ეს არის ერის ღირსების შეურაცხყოფა! ომის მოგება რომელიღაც ქვეყანასთან არ შეგიძლიათ და ღმერთს გინდათ მოუგოთ? გონიერება გეყოფათ? საქართველოში რელიგიური შუღლი არასოდეს ყოფილა და ნუ გამოგყავთ ჩვენი ქვეყანა ასე, თქვენ ხომ მარტო 17 მაისების მოწყობა შეგიძლიათ!", - აღნიშნა ეპისკოპოსმა. 
 
მეუფე იაკობმა განაცხადა, რომ 17 მაისს ქუჩაში მხოლოდ სამღვდელოება არ ყოფილა გამოსული და წინა ხელისუფლების წარმომადგენლებს მიმართა. 
 
"17-ში რომ სამღვდელოება იყო გამოსული, ეს თქვენი სირცხვილია, სამღვდელოების სირცხვილი კი არა! მარტო სამღვდელოება ნახეთ? 100 000 კაცი იყო ქუჩაში. ეს ერის შეურაცხყოფაა. მოსახლეობაში გამოკითხვა რომ ჩატარდეს, ხომ იცით, რომ ერთ პროცენტსაც ვერ აიღებთ. თუ ჩვენ შეგვიძლია, თქვენ, დამნაშავეები შეგიბრალოთ და არა მხოლოდ ჩვენს გვერდით ცხოვრების, არამედ ხელისუფლებაში ყოფნის საშუალება მოგცეთ, ასე რაღატომ ურევთ? ბედმა გაგიღიმათ, რომ მართლმადიდებლები შემწყნარებლები ვართ. სხვა ერს ამას ვერ გაუბედავდით. ჩვენ გპატიობთ, იქნებ მართლა დაფიქრდეთ, ერთი კონკრეტული სიკეთე გაუკეთოთ ქვეყანას, იქნებ მოგეწონოთ მერე, შეიცვალოთ და ადამიანებს დაემსგავსოთ, ადამიანის მარტო ტანსაცმელი ფორმა რომ არ გქონდეთ", - აღნიშნა მეუფე იაკობმა.
 
ეპისკოპოსმა უფლებადამცველებსაც მიმართა და მოუწოდა, იცოდნენ რას იცავენ. 
 
"უფლებადამცველობა და იურისტობა უფრო დიდია თუ წესიერად ცხოვრება? რას ვიცავთ, ხომ უნდა ვიცოდეთ? ვის წინააღმდეგ მივდივართ? ეკლესიას არასოდეს მოუწერია ხელი ჩვენი ტერიტორიების გასხვისებაზე. ჩვენი ტერიტორიები ოკუპირებულია და ძალიან ცდილობენ, ჩვენც დაგვიყოლიონ, რომ ის უფლება, რაც გვაქვს, სხვას გადავცეთ. იმის მაგივრად, რომ გვერდით გვედგეთ, ასე გვირტყამთ. შერიგება რომ მოხდეს და ერთად ცხოვრება გვიხაროდეს, შესაბამისად უნდა მოვექცეთ ერთმანეთს. დაფიქრდით, თქვენს შორის ბევრია ისეთი, ვისაც კარგის კეთება შეუძლია საკუთარი თავისთვის, ქვეყნისა და ხალხისთვის. სამთაწყაროში ყოფნისას რელიგიას მნიშვნელობა არ ჰქონდა, იქ საქართველო ერთიანი იყო. ჩვენ ქართველობა გვაერთიანებდა და ვერაფერი გვყოფდა. კარგი იქნება, ეკლესიაში ვიაროთ ხოლმე, მადლს წავიღებთ, ვისწავლით სიკეთისა და ბოროტების გარჩევას, წყვდიადში ხომ არ უნდა დავრჩეთ? ყველას შეაძლებინოს უფალმა, ერს ემსახუროს. მაბეზღარების ერი რა ერია ან იმან რა უნდა დამარიგოს, წელიწადში ერთხელ რომ ჩამოდის", - განაცხადა მეუფე იაკობმა. 

კომენტარები