სასამართლო

გიორგი ვაშაძე ჯოზეფ ქეის უჩივლებს

საპარლამენტო უმცირესობის წევრი გიორგი ვაშაძე ადვოკატებთან კონსულტაციებს გადის ბიზნესმენ ჯოზეფ ქეის წინაღმდეგ საპასუხო სარჩელის შესატანად. დეპუტატი აბსურდულს და უკანონოს უწოდებს სასამართლოს გადაწყვეტილებას მისი ბინის გასხვისებისა და იპოთეკით დატვირთვის აკრძალვის თაობაზე. 
თბილისის საქალაქო სასამართლომ ეს გადაწყვეტილება ბიზნესმენ ჯოზეფ ქეის სარჩელის უზრუნველსაყოფად მიიღო, რომელიც ვაშაძისაგან მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 50 ათას დოლარს მოითხოვს. ჯოზეფ ქეი დეპუტატისგან კომპენსაციას იმის გამო ითხოვს, რომ ვაშაძემ მას ერთ-ერთ ტელეგადაცემაში საერთაშორისიო თაღლითი უწოდა. 

სიტყვისა და გამოხტავის თავისუფლების შესახებ საქართველოს კანონის მე-18 მუხლი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების უკანონო შეზღუდვის მიზნით ცილისწამების შესახებ აშკარად უსაფუძვლო სარჩელის წარდგენის შემთხვევაში, მოპასუხეს უფლებას აძლევს, მოითხოვოს მოსარჩელისაგან გონივრულ ფარგლებში ფულადი ანაზღაურება.
ამავე კანონის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტი ერთმნიშვნელოვნად განსაზღვრავს, რომ პოლიტიკური დებატების ფარგლებში, აგრეთვე პარლამენტის ან საკრებულოს წევრის მიერ თავისი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადება ცილისწამებისათვის პასუხისმგებლობას არ იწვევს.

როგორც ტაბულას იურისტმა გიორგი მელაძემ უთხრა, რადგან მოსარჩელეც და მოპასუხეც საჯარო პირები არიან, ცილისწამების საქმეზე მტკიცება მაღალი სტანდარტით უნდა მოხდეს.

"მნიშვნელოვანია ფაქტისა და აზრის არგუმენტიც და კონტექსტი, თუ რაზე მიუთითებენ მხარეები, სადაც აშკარაა, რომ საკუთარ პოზიციას ვაშაძე ასაბუთებს გარკვეული არგუმენტებით და საქმე  გვაქვს ჩვეულებრივ პოლიტიკურ პოლემიკასთან", - აღნიშნა მელაძემ.   

მისი აზრით, ქეის სარჩელის დაკმაყოფილების შანსი პრაქტიკულად ნულის ტოლია, "ყველა არგუმენტით სრული სისულელეა ამ სარჩელის წარდგენა და უფრო დიდი სისულელე უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაა".  მელაძე უზრუნველყოფის ღონისძიების ამგვარ პრეცედენტს ვერცერთ მსგავს საქმეში ვერ იხსენებს.

როგორც ტაბულასთან საუბრისას გიორგი ვაშაძემ განაცხადა, "მე მკითხეს, რას ვფიქრობ ამის შესახებ და მე თქვი, რომ იგი თაღლითია. ეს საზოგადოებაში გავრცელებული აზრია", - მისი თქმით, მას ამის უფლება ჰქონდა, ვინაიდან ჯოზეფ ქეი საჯარო ფიგურაა.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ქეის თაღლითობაში ადანაშაულებენ. 2008 წლის აპრილში პატარკაციშვილის ოჯახმა ქეის წინააღმდეგ სარჩელი ნიუ იორკის სამხრეთ ოლქის სასამართლოში შეიტანა, რომლითაც ამტკიცებდა, რომ ქეიმ და მისმა ადვოკატმა იმანიულ ზელცერმა პატარკაციშვილის ანდერძი გააყალბეს, რომლის საფუძველზე გარდაცვლილი ბიზნესმენის აქტივების დაუფლებას ცდილობდნენ. 13 მაისს სასამართლომ სარჩელი დააკმაყოფილა და ქეის უფლებები პატარკაციშვილის ქონებაზე ბათილად ცნო. 

მანამდე, 2008 წლის მარტში, მინსკში ჯოზეფ კეის ადვოკატი იმანიულ ზელცერი დოკუმენტების გაყალბებისა და თაღლითობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს, როდესაც იგი ბელარუსში არსებული პატარკაციშვილის აქტივების საკითხის "დარეგულირებას" ცდილობდა. 

ბადრი პატარკაციშვილის ნათესავი, აშშ-ის მოქალქე ჯოზეფ ქეი (სოსო კაკალაშვილი) ფართო საზოგადოებისათვის ცნობილი გახდა მას შემდეგ, რაც 2008 წლის თებერვალში, გარდაცვალილი პატარკაციშვილის ქონებაზე განაცხადა პრეტენზია. მაშინ ქეიმ ტელეკომპანია იმედის 90 პროცენტი RAK Georgia Holding-ს მიჰყიდა. პატარკაციშვილს ქვრივმა განაცხადა, რომ ქეი ხელისუფლებასთან გარიგებაში შევიდა და იმედი უკანონოდ დაისაკუთრა. ტელეკომპანია იმედი პატარკაციშვილის ოჯახს უპირობოდ და უსასყიდლოდ გასულ წელს, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაუბრუნდა.

როგორც ბადრი პატარკაციშვილის დედა ნათელა პატრაკაციშვილი კვირის პალიტრისთვის მიcემულ ინტერვიუში აცხადებდა, "ჯოზეფ ქეი ალბათ ცოცხლად რომ შევჭამო, ამაზეც კი არ ვიტყვი უარს... იგი ხელისუფლებასთან ერთად გვითხრიდა ძირს და ფუძეს...  ბადრის სიცოცხლეშივე უღალატა და მთავრობას გაურიგდა, რადგან ბადრის ქონების ხელში ჩაგდება სურდა".

ჯოზეფ ქეიმ გამოძიებას ჩვენება მისცა გიგი უგულავასა და დავით კეზერაშვილის წინაღმდეგ, რომელიც რიყის ტერიტორიის გასხვისებას და ტელეკომპანია იმედის მითვისებას საქმეებს ეხებოდა. 3 ივლისს თბილსის საქალაქო სასამართლომ მისი ჩვენება დაუშვებლად ცნო, რადგან გამომძიებლის მიერ საზღვარგარეთ იყო ჩაწერილი.

კომენტარები