ტაბულა ART

მე არა მაქვს ფეხსაცმელი, შენ რომ შეგიყვარო

კონცერტები იშვიათად აქვს, თუმცა 20 წელზე მეტია, მუსიკას აკეთებს. ვისაც მის სახელს უხსენებ, ქართულ პანკზე დაგიწყებს ლაპარაკს და იტყვის, რომ რობი პირველი ქართველი პანკი და პანკ მოძრაობის ლიდერია. თვითონ თვლის, რომ მუსიკის ჟანრებისთვის მიკუთვნება მსმენელის და არა მუსიკოსის საქმეა და როცა ამას გეუბნება, ხვდები, რომ სულაც არ მოსწონს პანკ მოძრაობის ლიდერის სტატუსი. მართალიც არის, საქართველოში პანკ მოძრაობა არც არასოდეს ყოფილა ისეთი, სალაპარაკოდ რომ ღირდეს. ამიტომაც აუტსაიდერი. მაგრამ აუტსაიდერი არ ნიშნავს ლუზერს, ეს ნებაყოფლობით გაკეთებული არჩევანია, ცხოვრებისეული პოზიცია. თანამედროვე ქართულ მუსიკაში მნიშვნელობით და შეტანილი წვლილით ალბათ მხოლოდ მისი უგვირგვინო მეფე, ირაკლი ჩარკვიანი თუ დაუდგება გვერდით. მაგრამ ის მეორე პოლუსზეა, ინტელექტუალური, რაფინირებული, გაბურჟუებული საბჭოთა ნომენკლატურის წიაღში გაზრდილი პიროვნებისთვის დამახასიათებელი პროტესტით სავსე მუსიკით. რობის სიმღერები უფრო ღრმაა, უფრო არქეტიპული. სულ სხვა ემოციებს ეხება. პირველყოფილი შიშები და თავად ავტორის მიერ ბოლომდე გაუაზრებელი, ველური პროტესტი მოაქვს. „აუტსაიდერის" პირველი ვინილი – Inside 1992 წელს ჩაიწერა მოსკოვში. ალბომის მნიშვნელობას ზრდიდა ის ფაქტი, რომ ის ქართული როკ-ჯგუფის მიერ საზღვარგარეთ გამოცემული პირველი დისკი იყო. 1996 წელს აწ უკვე ლეგენდარულ ფესტივალ მარგარიტაზე გამოსვლამ ჟიურიში მყოფ მუსიკათმცოდნეს და „ილუზიონთან" ერთად 80-იანი წლების ქართული ტელევიზიის ერთადერთი ნათელი წერტილის, მუსიკალური გადაცემის „ეს ესტრადაა" წამყვანს, ევგენი მაჭავარიანს ათქმევინა: „ახლა შემიძლია მშვიდად მოვკვდე, საქართველოში ისეთი კონცერტი ვნახე, რომლისაც სექს პისტოლსს და იგი პოპსაც კი შეშურდებოდა". მას შემდეგ „აუტსაიდერში" ბევრი რამ შეიცვალა – დაწყებული ჯგუფის შემადგენლობით და დამთავრებული მუსიკის ჟღერადობით. უცვლელი დარჩა მხოლოდ მისი ფრონტმენის, რობი კუხიანიძის დამოკიდებულება სამყაროს მიმართ.

მე მოვძებნი ჩემ თავში ძალას
და დავიწყებ ნერვებზე თამაშს,
მე ავდგები და თქვენს სურათს დავწვავ
და შევუდგები მე ახლის ხატვას...

– პანკობის „ბრალდებები" დიდი ხანია გრძელდება. ჩემი აზრით კი, ჯგუფი „აუტსაიდერი" ემსახურება ალტერნატიული ფორმით შემოქმედებას, რაც ვიღაცისთვის პანკია, ვიღაცისთვის ჰარდი. საერთოდ, მსმენელმა უნდა გადაწყვიტოს, რას დაარქმევს. ისე პანკი გამოხატვის კარგი საშუალებაა. თავისუფალი ხარ, მოქმედებ ნერვებზე, ფსიქიკაზე და აღწევ შედეგს. ამ საშუალებების გამოყენებით კარგად ვსარგებლობ. არის სიმღერები, რომელიც მე არა და ვინმე სხვამ რომ იმღეროს, ისეთი თბილი გამოვა, ისეთი მშვიდი, გაგიკვირდება. ჩემი ჯგუფი რომ მღერის ჩემ გარეშე, შეცვლილი განწყობით, სულ სხვა ჟღერადობა აქვს. უბრალოდ, ის, რასაც მე ვუკრავ, ჩემი განწყობაა, ჩემი ემოციაა და ამიტომ გამოდის ასეთი. ჩემი სიმღერები ჩემი ნაცხოვრებია, ჩემი განწყობებია. წელიწადში ერთხელ შეიძლება დავწერო სიმღერა. სპეციალურად არასოდეს დამიწერია. დავდივარ ასე და ვღიღინებ. განწყობები გიტივტივდება და მერე ერთმანეთს მიყვება. თუ მივიტანე სახლამდე ან მანამდე ინსტრუმენტი შემხვდა, დავწერ, თუ არა და მერე სხვა რამე გამოდის.

მე ჩემს მოგონილ ზღაპარს
ვჩუქნი შენსავით ბავშვს,
მე თქვენს დაგებულ მახეს ვამჩნევ
და მაინც არ გარიდებთ თავს,
არ გარიდებთ თავს, არ გარიდებთ თავს,
ვერც გისწორებთ თვალს...

– დღეს ხელოვნებაში ბევრი შეუვსებელი ადგილია, სიცარიელეებია. შოუბიზნესი ფაქტობრივად არ არსებობს. როცა ქვეყანაში საავტორო უფლებები არ არსებობს შენს ნაშრომზე, მრავალფეროვნება დაცული არ არის, კანონი შენზე არ ზრუნავს. სიტუაციას ვინც ქმნის, კულტურას, ის უნდა ზრუნავდეს იმაზე, რომ სახელმწიფოს მხარდამჭერა მხოლოდ ერთ ჯგუფს არ ჰქონდეს. ბევრი სხვადასხვა მიმართულების ჯგუფი უნდა იყოს. აი, ნიაზი თავის სიმღერებს მღერის, ქათამაძე თავის სიმღერებს მღერის, „მგზავრები" თავის სიმღერებს, ყველა სხვადასხვა ჟანრია, მნიშვნელობა არ აქვს, შენ რომელი ჟანრი მოგწონს, მთავარია მრავალფეროვანი სცენა გქონდეს. მაგრამ არ შეიძლება იყოს ისე, რომ ამ მრავალფეროვნებიდან მხოლოდ ერთი ჯგუფი იყოს მხარდაჭერილი. მაშინ რიღასთვის გვინდა მრავალფეროვნება, თუ იქიდან მხოლოდ ერთს უნდა ვუსმინოთ. გამოდის, რომ სულერთია, ბევრი ჯგუფი გყავს თუ ერთი, მაინც ერთს თუ გასმენინებენ. აი, ხომ ჩამოიყვანეს ბევრი ინგლისურის მასწავლებელი, ერთს არ მოუვიდა თავში აზრად, მათთვის ქართველი მუსიკოსების კონცერტი ჩაეტარებინათ. არადა, საინტერესო იქნებოდა. მე მგონია, სულაც არ აღფრთოვანდებოდნენ ისინი ჩვენი მუსიკით, მარტივად გამოჩნდებოდა, რომ თანამედროვე დასავლურ აზროვნებასთან თანამედროვე ქართულ მუსიკას არაფერი აქვს საერთო.

ტაია, ტაია, ტაია, ვატატაია,
ყველი, პური, ხაჭაპური, წიწილა და
ყველი, პური, ხაჭაპური, წიწილა და
მსხალი, ვაშლი, ხაჭაპური, პოლიტრა...

– ამისთანა მაგარ ადგილას ვართ გაჩითულები, ორი საუკუნის გასაყარზე გვიცხოვრია, 21-ე საუკუნეა და რა ხდება? 21-ე საუკუნეში კედლებზე მაინც აქვთ დაკიდებული ყანწები, მაინც უყვართ რესტორნები. არ მიყვარს რესტორნები, მირჩევნია ბარში შევძვრე ან ქუჩაში დავლიო, ვიდრე სადმე რესტორანში შალახოს ცეკვას ვუყურო და იმ საშინელებებს ვუსმინო, რასაც იქ უკრავენ. რუსული სიმღერები კი არა, საერთოდ ყველა სიმღერაა ასაკრძალი რესტორანში. მარტო რესტორანში კი არა, საერთოდ, რა ხდება? გოგო რომ გამოდის და „უი, გოგო, რა კარგია ცხოვრება" და ორი ბეხლეწი, ღიპიანი ვაჟკაცი ერთმანეთს უხსნის, როგორ უყვართ ერთმანეთი, უკან კაპელა მღერის, სცენა განათებულია, ტაშს უკრავენ და მერე მე ვარ პანკი? ეგენი არიან ყველანი პანკები.

რობი კუხიანიძე
ფოტო: ხათუნა ხუციშვილი / ტაბულა

დიმპიტაური, ტაური, ტაური...

– მარტო რესტორნების გამო არა, მაინტერესებდა ყოველდღე შოუბიზნესობანას თამაში როგორი იქნებოდა. აუცილებელიც კია ამ ჭაობისთვის, რომ ხანდახან გამოჩნდე. თან არავინ არ ელოდა ჩემგან პრიალა მანქანებიან და წითელ პერანგიან კლიპს. ვინც არ მიცნობს, ყველას არანორმალური ვგონივარ, დადის, ყვირის, იგინება, მთვრალია და ეს რომ გავაკეთეთ, ვიფიქრეთ, აი, დავანახოთ ხალხს, რომ ჩვენც შეგვიძლია სხვანაირი სახის ქონა.

შეწყვეტილი აზრის იქეთ დარჩენილი ფიქრივით
ნერვებს მიშლის თქვენს სახეზე
მოცეკვავე დუმილი...

– ვერ ჩაძირავ სხვას მაინც, მაგრამ ის უნდა აცადო ადამიანს, რომ თავისი სიმღერა აკეთოს. წელიწადში ერთი კონცერტი რომ გქონდეს, ეგეც კარგია. ვერ გავიგე, რას ელოდებიან, მაინცდამაინც უნდა მოკვდე, რომ მოგისმინონ და დაგაფასონ? მარტო მუსიკაში არა, საერთოდ არის დადებილების სინდრომი. რომ ზიხარ და ელოდები, ვიღაცა შენზე დიდი და კაი ტიპი მოვა და რამე კარგ რჩევას მოგცემს. აი, მამა რომ გყავს, რომელიც არაფერს არ გეუბნება და შენ ზიხარ, ზიხარ და ელოდები, რომ რამეს გეტყვის, იმან კიდე სულაც არ იცის, რომ რამე უნდა გითხრას, ეგრეა ახლაც. მანდ სადმე დედა უნდა გყავდეს, რომელიც გეტყვის, არა, შვილო, მამას ტყუილად უსმენ, ეგ არაფერს არ გეტყვის, არ იცის. ჩვენ არავინ არაფერს გვეუბნება, არც მამა, არც დედა. ჩვენც ვზივართ და ველოდებით, როდის მოვა ვინმე შენზე კაი ტიპი და მოგცემს რჩევას

ჩემ ქალაქში დღეს საშინლად ბნელა...

- გაყინული პერიოდი იყო. შევარდნაძეს ყველაფერი ეკიდა, აი, მართლა ეკიდა და ყველას ეკიდა შევარდნაძე რას ფიქრობდა. მთავარია სტაბილურობა ყოფილიყო. ჩემს ქალაქში კიდევ ბნელოდა. ძველბიჭური ქალაქი იყო ქუთაისი. ქუთაისი კი არა, მთელი საქართველო ეგრე იყო, მაგრამ ქუთაისს დღემდე დიდ შეურაცხყოფას აყენებენ მაგ მხრივ და ბავშვებს ფსიქიკას უნგრევენ, მასმედიის საშუალებები ქუთაისის შესახებ გაკეთებული 10 სიუჟეტიდან რვაში მაინც აღნიშნავენ, რომ ქუთაისი ქურდული მენტალიტეტის ქალაქია. ამის პარალელურად ვიცით, რომ თბილისში კარგი ცხოვრებაა, ბათუმში ზღვაა, ქუთაისში რა ხდება? მხოლოდ ქურდები რჩებიან. ძალიან რთულია, ერთი კლუბი არ არის, ერთი გასართობი ადგილი არ არის. არ არის სწორი. ენგრევათ ბავშვებს ფსიქიკა. რადიკალურად განსხვავდებიან ქუთაისელი ბავშვები მთელი საქართველოს ბავშვებისგან, სტრესში არიან.

მე თქვენში ვეძებ ადამიანებს,
მე თქვენში ვეძებ კეთილს,
მე მინდა ვიძინო...

– კლუბები გავაკეთეთ. კლუბი არასწორად არის გაგებული ჩვენთან. კლუბი შეკრების ადგილია, ერთი ინტერესების ხალხის შეხვედრის, აზრების გაცვლა-გამოცვლის. კლუბი იგივე ეკლესიაა, რაღაც იდეის გარშემო ხარ გაერთიანებული და იცი რისთვისაც იკრიბები. რადიოების ბუმი იყო, ტელევიზიაში პირდაპირი ეთერი გვქონდა, თბილისამდე ვერ ვაღწევდით, მხოლოდ დასავლეთ საქართველოში ვმაუწყებლობდით. მაგარი ადგილი იყო, 13-15 წლის ბავშვები მოდიოდნენ ჩვენთან. წერდნენ, ხატავდნენ, კითხულობდნენ, ურთიერთობა ჰქონდათ ერთმანეთთან, სწავლობდნენ რაღაცებს. კაციშვილი ფულს არ იღებდა იქ მუშაობაში, მივდიოდით, ვუკრავდით, წიგნებს ვცვლიდით, ბავშვებს ვეუბნებოდით, რომ გაზეთებისთვის დაეწერათ სტატიები, მერე ამ ნაწერებით ვხვდებოდით ვის რა უჭირდა, რა სჭირდებოდა. იქვე, რადიოში ვამუშავებდით მერე ამ ბავშვებს. ყოველი თვის 8 რიცხვში პერფორმანსებს და აქციებს ვატარებდით. რვაც სიმბოლურად ავირჩიეთ, რომ გაშალო, წრეა. წრე სიყვარულია, მარადიულობა, რწმენაა. ამ ყველაფერს იმიტომ ვამბობ, რომ „აუტსაიდერი" მარტო ჯგუფი არ იყო, მთელი ქუთაისის ალტერნატიულ მოძრაობას განსაზღვრავდა. ჩვენ გარდა 8 სხვადასხვა ჯგუფი მაინც გაკეთდა მაშინ. თბილისში რომ კეთდებოდა კონცერტი, მომზადებულები ჩამოვდიოდით. ერთმანეთის მიყოლებით გამოვდიოდით ხოლმე ქუთაისური ჯგუფები და იგრძნობოდა განსხვავება. თავიდანვე მივხვდით, რომ წინასწარი მოლოდინი: „სოფლელები და ქაჯები ჩამოვიდნენ და დაუკრავენ ახლა რაღაცას" – არც უნდა შეგვეცხადებინა, არც უნდა შეგვემჩნია, უბრალოდ, უნდა დაგვეკრა. ვიცოდით, რომ იმის მაქსიმუმი უნდა გაგვეკეთებინა, რაც შეგვეძლო და ვაკეთებდით კიდეც.

რობი კუხიანიძე
ფოტო: ხათუნა ხუციშვილი / ტაბულა

დავხუჭავ თვალებს, ჩაგიკრავ გულში
და შეგადარებ ტოლსტოის ანას,
ანას, გავკარი ანას, ტოლსტოის ანას...

– ანას არა, დამწერს უფრო. შემეცოდა ეს საწყალი ქალი, ხან ერთი ქინძავდა, ხან მეორე, ყველა გვერდიდან უყურებდა, მერე ეს უბედური ადგა და თავი მოიკლა. არანაირი სლავი ქალის განზოგადებული სახე და პოლიტიკური ქვეტექსტი არ არის, ადამიანური ფაქტორების გამო დავწერე ჯერ კიდევ მაშინ, რუსეთში რომ ვცხოვრობდი.

მე ვგრძნობ სიცარიელეს და
სწორედ ამიტომ ვერიდები ძილს...

– რუსული ბაზარი რომ არ ჩაკეტილიყო, მაშინ კიდევ შეიძლებოდა ქართველი მუსიკოსები სადმე გასულიყვნენ. მთელი საქართველო იქ ცხოვრობდა. სლავური ბაზარი ადვილია ამათთვის ასათვისებლად, მაგრამ რეალურად, თითქმის არ არის საქართველოში მუსიკოსი, რომელსაც გარეთ გაიტან. პოსტსაბჭოთა გარემოს იქით სხვა აზროვნებაა, სხვა მოთხოვნებია, რომელსაც, ჯგუფი არ მეგონება საქართველოში, აკმაყოფილებდეს. ამ დინოზავრის ნაკვალევიანი ინსტრუმენტებით და ხროვა-ხროვა ჯგუფებით თანამედროვე მუსიკა არ იქმნება. ან ფოლკლორთან ნაზავი სიმღერებია მოდაში, ან ეს ალტერნატიული ბენდები. მაგრამ ეგეც რა, ან „სლეიერი" მოსწონდა მამამისს, ან კურტ კობეინი. ეგ ხომ მოუშორებელი ჭირია საერთოდ. კი, კურტი კარგი მუსიკოსი იყო, მაგრამ ამერიკული კულტურის და სახელმწიფოს წესების პროდუქტი იყო. თავისი ყველა სიმღერა გააპახავა. ისიც კი ცხადი იყო თავიდანვე, რომ 27 წლის ასაკში მოკვდებოდა. როცა დგახარ და მაგათ მუსიკას ერთი ერთში აკოპირებ და ხალხს ეუბნები, რომ, აი, შენ კარგ მუსიკას ქმნი, არ ხარ მართალი. აქ კიდევ როგორ იქნება მუსიკა, როცა წესიერი სარეპეტიციოებიც კი არ არის.

გადაღლილი სხეულიც უფრო გვიძაბავს ტვინს...

– კი, კარგია, რომ კეთდება სტადიონები, სპორტული ცხოვრება წინ მიდის და ჯანმრთელ ცხოვრებას ვიწყებთ. სპორტის განსაკუთრებული მხარდაჭერა განვითარებადი და არშემდგარი ქვეყნების ზოგადი ნიშანია. კულტურა და სპორტი ერთიანდება, სპორტია წინა ადგილზე, პატრიოტიზმი, სიგარეტს თავს ვანებებთ, ჯარში მივდივართ, ვემსახურებით სამშობლოს, ვწერთ ჰიმნებს, მაგრამ სადღა რჩება თავისუფალი მუსიკის ადგილი ცხოვრებაში? ის მუსიკალური პროექტები, რომლებიც ახლა ხორციელდება, მხოლოდ იმისთვის არის მოგონილი, რომ მერე მონაწილეები უფრო კარგად გათხოვდნენ და მოიყვანონ ცოლები.

მე არა მაქვს ფეხსაცმელი, შენ რომ შეგიყვარო...

– სიყვარული იმდენად არა, ეგ რომ გავაკეთეთ, ისეთი პერიოდი იყო, ყველა „არას" გავიძახოდით. – გიყვარს? – არა. – აბა? – არა. – მიდიხარ? – არა. არა და არა. და სულ ასე. არა და არ არის „არა" კარგად მოსასმენი სიტყვა, უარყოფაა, უარია, ამ სიმღერაში კიდევ ისე დარბილდა, უფრო ადვილად გადასატანი გახდა.

დამჭკნარ სურვილს აგიცეკვებ,
ოღონდ შენ გამოჩნდი,
მტკივა, გამოდი,
მცივა, გამოდი,
მინდა და ვიცინი,
მე ვიცინი,
მტკივა და ვიცინი,
იე, იე, და და და...

ნასტასია არაბული

კომენტარები