ტაბულა ART

დედა ორშაბათობით მამის უჯრიდან

პატარა ფრაგმენტი „პირადი 90-იანებიდან": ბავშვობაში სახლში ჩემი საყვარელი ადგილი მამაჩემის საწერი მაგიდის საკმაოდ დიდი ზომის უჯრა იყო (რომელიც ალბათ მაშინ კიდევ უფრო დიდი მეჩვენებოდა). ის მთლიანად კასეტებით იყო სავსე და კოლექციონერისთვის დამახასიათებელი წესრიგით გამოირჩეოდა. ეს იმდენად შთამბეჭდავი სანახაობა იყო, რომ, როცა ჩემთან ამხანაგები მოდიოდნენ, ჩუმად მივიყვანდი ხოლმე მაგიდასთან, უჯრას გამოვაღებდი და მათ რეაქციას სიამაყით ვაკვირდებოდი. ამ კასეტებში დასავლურ ჩანაწერებთან ერთად, ადგილობრივი ნაწარმიც ერია. მათგან ზოგიერთი განსაკუთრებულ ინტერესს იწვევდა. ერთ-ერთი ნაცრისფერყდიანი კასეტა იყო. ყდის ცენტრში შავი წრე ეხატა, წრეზე ვარდისფერი ყვავილები, ზედ კი ეწერა: Mother on Mon­days, Friends. ნაწილობრივ ამიტომაც, ჩემთვის ძალიან სასიამოვნო იყო შეხვედრა და საუბარი 90-იანი წლების ქართული მუსიკალური სცენის გამორჩეული ჯგუფის, Mother on Mondays-ის ვოკალისტთან, გოგლიკ ფარეშიშვილთან, რომელიც უკვე 11 წელია, ამერიკაში ცხოვრობს და რომელშიც (ბევრი ჩვენგანისგან განსხვავებით) იგივე 90-იანები არანაირ სენტიმენტებს არ იწვევს. თუმცა ამაზე ქვემოთ.

 

I Came across a cache of old photos

And invitations to teenage parties…

ყველაფერი კლასიკურად დაიწყო: „16 თუ 17 წლის ვიყავი, ვსწავლობდი სამხატვრო აკადემიაში და ძალიან მიყვარდა მუსიკა. ბავშვობიდან მინდოდა მომღერალი გამოვსულიყავი, სახლში საკუთარ თავთან კონცერტებს ვაწყობდი“. უსმენდა The Smith-ს, The Cure-ს, Duran Duran-ს, Depeche Mode-ს, Soft Cell-ს. ცხოვრობდა ლენინის 75-ში, ახლანდელ კოსტავაზე. მის მეზობლად კი ზურა ცხოვრობდა, რომელიც თავის მეგობარ კახასთან ერთად უკრავდა. გოგლიკა ბიჭებს დაუმეგობრდა და ერთ მშვენიერ დღეს გადაწყვიტა მათთან ერთად ემღერა. ფილარმონიაში (საკონცერტო დარბაზის სახელის გახსენებაში გოგლიკას ვეხმარები) იმდროინდელი ქართული ჯგუფების კონცერტი ეწყობოდა. ბიჭები დასაკრავად დაპატიჟეს. „მგონი, ლადო ბურდულმა. ეს ყველაფერი ბუნდოვნად მახსოვს. ის მახსოვს, რომ არც რეპერტუარი გაგვაჩნდა და არც სახელი გვქონდა მოფიქრებული. სცენაზე გამოსვლამდე რამდენიმე წუთით ადრე დავირქვით – Out of Need. ეს ერთგვარი თვითირონია იყო. რეალურად არ გვქონდა პრეტენზია, რომ ჯგუფი ვართ და ამ სახელწოდებით გვინდოდა გვეთქვა, რომ არავის ვჭირდებით და არავინ გვჭირდება. დრამერიც კი არ გვყავდა. კაკადუ, რომელთან ერთადაც ხატვაზე დავდიოდი, სხვა ჯგუფთან ერთად გამოდიოდა. ჩვენ ვთხოვეთ, ჩვენთვის დრამზე დაეკრა და ასე შემთხვევით მოვხვდით სცენაზე – ნათხოვარი ინსტრუმენტებით და იქვე მოგონილი სახელით და რეპერტუარით“.

ასე იყო თუ ისე, სწორედ ამ კონცერტზე გაიცნო მომავალი Mother on Mondays-ის წევრები გოგი ძოძუაშვილი და ლევან ჯავახიშვილი. ისინიც უკრავდნენ. გოგლიკას მათი ჯგუფის სახელის გახსენება უჭირს: „Soft Eject?!“ ნამდვილად არა. მაგრამ ამ ფრაზით ქართული მუსიკის გულშემატკივარი ადვილად მიხვდება, როგორია გოგლიკას დამოკიდებულება წარსულის მიმართ – შესაშური. გოგის და ლევანს გოგლიკას ვოკალი და არტისტული ბუნება მოეწონათ და თანამშრომლობა შესთავაზეს, რაზეც დათანხმდა. არ ჰქონია განცდა, რომ წინა ჯგუფი მიატოვა, „იმიტომ რომ ის ჯგუფი არც იყო, უფრო – გართობა. ასე კი უფრო სერიოზული მუსიკალური ეტაპი დაიწყო ჩემს ცხოვრებაში და შეიქმნა Mother on Mondays“. გოგის და ლევანს ფრენკ ზაპა უყვარდათ, ზაპას ჯგუფს The Mother of Invention ერქვა და აქედან წამოვიდა ქართული ჯგუფის სახელიც. გოგლიკა ვოკალისტი იყო, გოგი ბასზე უკრავდა, ლევანი გიტარაზე. შემდეგ დათო ჩხიკვიშვილი და ვაჟა („იცი, სამწუხაროდ არ მახსოვს ვაჟას გვარი, მე მგონი არც არასდროს ვიცოდი“) შეუერთდნენ. დათო და ლევანი სინთეზატორზე და გიტარაზე მონაცვლეობდნენ, ვაჟა დასარტყამ ინსტრუმენტებს მიუჯდა. დაიწყეს სერიოზული რეპეტიციები, დაწერეს სიმღერები და 1993-ში სტუდია მელოდიაში ალბომი Clear and Cold ჩაწერეს. „არ გაგვიყიდია. ამ ალბომიდან სიმღერებს კონცერტებზე ვუკრავდით და მეგობრებს ჩავუწერეთ კასეტებზე, ვისაც მოსწონდა. თან მაშინ ხომ ყველა ერთმანეთისგან იწერდა, უფრო სწორად, ყველა, ვისაც ორკასეტიანი მაგნიტოფონი ჰქონდა“. Clear and Cold გოგლიკას სახლში ფირზე იყო შემონახული, მაგრამ ერთ-ერთი დალაგების დროს ვიღაცამ გადააგდო. თუმცა ალბომი მაინც არსებობს ბუნებაში, ლოს ანჯელესში, გოგლიკასთან – „DAT-ზე მაქვს ჩაწერილი“.

Mother on Mondays, 1994
ფოტო: გურამ წიბახაშვილი

We were never feeling bored

‘Cause we were never being boring…  

პირველი ალბომის ჩაწერის შემდეგ მოსკოვში წავიდნენ. „ესე, ავდექით და წავედით. იქ თითქმის ერთი წელი გავატარეთ. ფანტასტიური ცხოვრება გვქონდა, ძალიან ვერთობოდით. თან ყველანი ვმუშაობდით. რაღაც პერიოდი თანამედროვე ხელოვნების ცენტრში კურატორის ასისტენტი ვიყავი. საღამოობით კლუბებში ვუკრავდით. მათ საკუთარი პირობები ჰქონდათ. გარანტია უნდა მიგეცა, რომ გარკვეული რაოდენობის ხალხს მიიყვანდი. ამ რიცხვის ზევით რამდენი ბილეთიც გაიყიდებოდა, იქიდან წილი ჩვენ გვრჩებოდა“. ჰქონდათ ინტერვიუები რადიოგადაცემებში, გაიცნეს არტიომ ტროიცკი, რომელიც მათი მუსიკით დაინტერესდა, „მაგრამ ამ ნაცნობობას გაგრძელება არ ჰქონია, რადგან მოსკოვიდან ნაადრევად წამოვედით. ცოტა უთანხმოებასავით გაჩნდა ჯგუფში. რეპეტიციები არაორგანიზებული გახდა. ყველა თითქოს თავისთვის ცხოვრობდა და ისე გამოვიდა, რომ რისთვისაც წავედით, იმას აღარ ვაკეთებდით, მუსიკას ვგულისხმობ“.

თბილისში დაბრუნდნენ და 1995 წელს სწორედ ის ალბომი გამოუშვეს, ზემოთ რომ ვახსენე, Friends რომ ჰქვია და უნიკალური მოვლენა რომ იყო ჩვენს იმდროინდელ პოპმუსიკაში. Mother on Mondays პირველი ქართული ჯგუფი იყო, რომელმაც ყველა სალიცენზიო უფლების დაცვით, უცხოურ, კერძოდ კი ბულგარულ ლეიბლზე, დასავლური სტანდარტების შესაბამისი ხარისხის ალბომი გამოსცა. მუსიკის შესაქმნელად Mother on Mondays სხვა მაშინდელ ქართულ ჯგუფებზე მეტად სარგებლობდა თანამედროვე ტექნოლოგიებით და პირველი იყო, ვინც ქვეყანაში ელექტროპოპი დაუკრა. „სინთ-პოპი იყო ალბათ, ცოტა New Wave-თან შეზავებული – აკუსტიკურ ინსტრუმენტებს ვიყენებდით – და ტექნო-პოპიც იყო საწყის ფორმებში“. Friends-ის ჩაწერაში ძირითადად გოგლიკა, ლევანი და გოგი მონაწილეობდნენ. „მგონი, დათომ ცოლი მოიყვანა და ოჯახურ ამბებზე გადაერთო, ვაჟასაც თითქოს დაეკარგა სერიოზული მიდგომა. მართალია, ორივე მათგანმა შეიტანა თავისი წვლილი ამ ალბომში, მაგრამ ის თითქმის სრულად სინთეზატორზე და ორ გიტარაზეა გაკეთებული. ცოცხალი დრამი დრამ-მანქანით ჩავანაცვლეთ. Friends ძირითადად მოსკოვში ყოფნისას დაწერილი კომპოზიციებისგან შედგებოდა, სახელწოდება კი მიუთითებდა, რომ ის მეგობრებისთვის შეიქმნა. რომ თითქოს თითოეული სიმღერა რომელიღაც მეგობარს ეკუთვნის. ალბომის გამოცემით ერთი ადამიანი დაინტერესდა, რომელიც ბულგარულ ლეიბლთან თანამშრომლობდა, შეთანხმება არ მახსოვს, როგორი იყო, ბიზნესის მხარე უფრო ლევანის და გოგის დამსახურებაა. დიდი ტირაჟით არ დაგვიბეჭდავს, მაგრამ მგონი გაიყიდა“. ჟღერადობით, ვიზუალური გაფორმებით თუ განწყობით Friends სრულად შეესაბამებოდა 90-იანი წლების მსოფლიო მუსიკაში არსებულ ტენდენციებს და იმ ჯგუფების და მუსიკოსების გავლენის შედეგი იყო, რომლებსაც გოგლიკა მაშინ უსმენდა: Pet Shop Boys, Depeche Mode, Morrissey, David Bowie, Kraftwerk, Brian Ferry, Klaus Nomi, Brian Eno…

 

In my nineteen-nineties…

როგორ აღწევდა მაშინ ეს მუსიკა გოგლიკამდე? „სხვადასხვა გზით – ამხანაგებისგან; მაგალითად, რაღაცები ოთო ჟღენტისგან გავიგე. ამერიკიდან ახალი ჩამოსული იყო და Morrissey და Smiths, პრაქტიკულად, მან ჩამოიტანა. კიდევ ღამღამობით რომელიღაც რუსული არხი MTV Top 20-ს გადმოსცემდა, ერთ-ერთი გადაცემა კი BBC-ის Top of The Pops-იდან ამონარიდებს უშვებდა. კიდევ არსებობდა მაღაზია – მელოდია, პეკინზე, ყოფილ ელექტრონიკასთან, სადაც ლიმიტირებულად, მაგრამ იშოვებოდა საინტერესო ფირფიტები და, რაც ყველაზე საინტერესოა, რუსთაველზე, ყოფილ ლაღიძის წყლებს რომ გასცდები, ერთ-ერთ ეზოში ვიღაც პიროვნებას ჩამწერი სტუდია ჰქონდა, უფრო სწორად – ბიზნესი. ეტყობა, საზღვარგარეთ დადიოდა და იქიდან ახალი დისკები ჩამოჰქონდა. მგონი, ყოველ კვირას ამ ახალი დისკების სიას აქვეყნებდა. მიდიოდი, ირჩევდი და შენთვის სასურველ მუსიკას კასეტაზე გიწერდა (კასეტებსაც იქვე ყიდდა ან შეგეძლო შენით მიგეტანა) და სახლში უკვე ახალი ჩანაწერით ბრუნდებოდი. ბევრი მუსიკა, რაც მინდოდა, ამ კაცთან ჩამიწერია. კიდევ ფოსტით მქონდა გამოწერილი რაღაც რუსულენოვანი ახალგაზრდული ჟურნალი, რომელსაც ბოლოში ჰქონდა რუბრიკა „კინო და მუსიკა“ – აქაც ლიმიტირებულად, მაგრამ მაინც იყო ახალი ინფორმაცია, საიდანაც ჩემთვის საინტერესოს ვარჩევდი და მერე იმ კაცს ვაწერინებდი. სიგიჟეა, არა?! ახლა წარმოუდგენელია ასეთი რამე. აღარ მჯერა“.

Mother on Mondays, 1994
ფოტო: გურამ წიბახაშვილი

We had too much time to find for ourselvses

And we were never being boring

We dressed up and thought: „Make amends“

ქართული 90-იანები. პერიოდი, რომელიც ყველა იმ ადგილობრივისთვის, ვინც – ვუდი ალენის ნათქვამის პერიფრაზს თუ მოვახდენთ – სულ ცოტა, გაგარინის კოსმოსური მოგზაურობის მერე და ბერლინის კედლის დაცემამდე დაიბადა, დღემდე შთაგონების თუ არა, უშრეტი მხატვრულ-რომანტიკული მოგონებების წყაროდაა ქცეული. ერთგვარი პარადოქსია – 90-იანებში, ერთი მხრივ, ყოფნა-არყოფნის მთელი დრამატურგია საკუთარ თავზე გამოვცადეთ, მეორე მხრივ კი – ამ პერიოდს ნოსტალგიის გარეშე თითქმის ვერავინ იგონებს და ერთმანეთს იმ ატრიბუტების გახსენებაში ვეჯიბრებით, რაც იმ წლებს ახლდა თან. იქნება ეს მწვანე ნავთქურა, ყვითელი ჯიხურები, პურის რიგები, ვირთხებიანი სადარბაზოები, ჯადოსნური მე-9 ბლოკი, შოკოლადი Luna, საღეჭი რეზინი Love is…, თუ რა … თავადაც იცით, რაც.

გოგლიკაც, ზედმეტი სენტიმენტების გარეშე, მაგრამ თვლის, რომ კარგი დრო იყო. „და იცი, რატომ? ცოტა გაურკვეველი პერიოდი იდგა – ძველი სისტემა მთელი თავისი ფასეულობებით დღითი დღე იშლებოდა და ჩნდებოდა ახალი სივრცე, რომელშიც ჯერ არ იყო ჩამოყალიბებული ცხოვრების წესები და ფორმები. ეს ექსპერიმენტების და რისკის საშუალებას იძლეოდა. სწორედ ამით იყო მომხიბლავი და საინტერესო ის დრო. მაშინ გაიხსნა პირველი კლუბები, სადაც ცეკვა შეიძლებოდა. ამას ჯერ ბიზნესის ფორმა არ ჰქონდა მიღებული. ყველაფერი ენთუზიაზმის ხარჯზე კეთდებოდა და ამაში გულწრფელი ენერგია იდებოდა – ყველაფერი გულით კეთდებოდა და არა ტვინით. ერთმანეთს არავინ უშლიდა. არ იყო ნიშები დაკავებული. იყო სივრცე, სადაც შეგეძლო, შენი თავი გამოგეხატა. თითქოს გართობა იყო. ბავშვს ვგავდით, რომელიც ყოველგვარი მიზნის გარეშე თამაშობს და თავად თამაშის პროცესისგან იღებს სიამოვნებას. ვთვლი, რომ ეს ჯანმრთელი მიდგომაა. დღესაც ასე ვცხოვრობ…“

 

We were in London

Tell it like it is …

90-იანები ნელ-ნელა დასასრულისკენ მიიწევდნენ. Mother on Mondays დაიშალა. თავისით, ბუნებრივად – ყოველგვარი კონფლიქტის გარეშე. „გოგის დათო დოიაშვილმა ერთ-ერთი სპექტაკლის მუსიკალური გაფორმება შესთავაზა. ისიც მთლიანად ამ საქმეზე გადაერთო და ცოტა ხანში ინგლისში მოუხდა წასვლა. დავრჩით მე და ლევანი და გავაგრძელეთ მუსიკის კეთება სახლში. ახალი სინთეზატორები და დრამ-მანქანა ვიყიდეთ“. ამ პერიოდში რამდენიმე პროექტზე იმუშავეს ირაკლი ჩარკვიანთან ერთად, რომელსაც მოსკოვში ყოფნისას დაუმეგობრდნენ. პოსტპროდუქცია გაუკეთეს მის „შენ აფრენ“-ს და სიმღერას, რომელიც „მგონი, ნანი ბრეგავაძესთან ერთად უნდა ემღერა, „ისტორიას დარჩება“ ერქვა“. ირაკლის Love is All კი საერთოდ დუეტია – გოგლიკას ვოკალით. ამავე პერიოდში, გოგლიკას „ხარისხზე გართულება“ დაეწყო. „როცა იწყებ მუსიკის კეთებას, თავიდან გიხარია, ერთობი, მერე დეტალებში შედიხარ, უფრო პროფესიონალური გინდა გამოვიდეს. მეც მნიშვნელობის მინიჭება დავიწყე იმისთვის, თუ როგორი ჟღერადობა ექნებოდა ჩვენს მუსიკას“. ლევანი და გოგლიკა ბევრს მუშაობდნენ, 15 ახალი სიმღერა გააკეთეს. „ბევრი ფულიც გადავყარეთ სტუდიაში, მაგრამ სასურველ ხარისხს მაინც ვერ ვაღწევდით. ამიტომ, გადავწყვიტეთ, ჩაწერა შეგვეწყვიტა და ახალი ჟღერადობის საძიებლად და გაზრდის მიზნით ლონდონში წავსულიყავით“. ამ ფონზე სახელწოდებაც შეიცვალეს და „ესტრადა“ დაირქვეს. „ეს უფრო თვითირონიული სახელი იყო. იმ პერიოდში ძალიან ხშირად ფიგურირებდა სიტყვა „ალტერნატიული“, განსაკუთრებით თბილისში, რაც ცოტა არ იყოს პრეტენზიულად გვეჩვენებოდა და ზოგჯერ გამაღიზიანებელიც კი იყო. სახელი „ესტრადა“ ამ მიდგომას უპირისპირდებოდა და ჩვენი მხრიდან მის აგდებასა და არასერიოზულად აღქმაზე მიუთითებდა. მოკლედ, „ესტრადა“ ამ ალტერნატივის ალტერნატივა იყო“.

ლონდონში 1998-ში წავიდნენ და თითქმის ერთი წელი იცხოვრეს. მუშაობდნენ და იქაურ კლუბებში უკრავდნენ. BBC-ის რადიოში საკუთარი სიმღერები გაგზავნეს, ჯონ პილის ცნობილ გადაცემაში. ჩანაწერი მოეწონათ, გამოეხმაურნენ და გერმანიაში გადაამისამართეს – იქაურ ბაზარს უფრო მოუხდება თქვენი მუსიკაო. ამ დროს გოგლიკას ვიზა უმთავრდებოდა, ლევანმა კი გოგონა გაიცნო, რომელმაც ხელის მოწერა შესთავაზა. საბოლოოდ ლევანი ლონდონში დარჩა. გოგლიკა თბილისში დაბრუნდა.

გოგლიკ ფარეშიშვილი, 2011

Go West …

1999 წელი იდგა. „საქართველოში ცხოვრება ჩემთვის უკვე აუტანელი ხდებოდა. პრინციპში, სულ მინდოდა აქედან წასვლა. ყოველთვის შეზღუდული იყო ჩემთვის ეს სივრცე. ტრადიციებზე, იდეოლოგიაზე, დოგმასა და წესებზე დაფუძნებულ ნებისმიერ სივრცეს თავისი ლიმიტი გააჩნია და ვინაიდან აქაური ცხოვრების წესი ჩემთვის მიუღებელი იყო და სივრცეც ამოიწურა, აქედან წასვლა გადავწყვიტე“. ამჯერად მეგობრის შემოთავაზებით ამერიკაში გაემგზავრა. 2000 წლის 12 მარტს გოგლიკა ნიუ იორკში ჩავიდა და იქ 8 წელი გაატარა. იმუშავა ბევრ ცუდ და კარგ სამსახურში. მათგან ყველაზე უჩვეულო ოსკარზე ნომინირებულ დოკუმენტურ ფილმზე (Winged Migration, 2001) მუშაობის დროს ჰქონდა. სურათის ავტორები წლების მანძილზე, შვიდივე კონტინენტზე ფრინველთა მიგრაციას აკვირდებოდნენ. ამერიკაში, ჩრდილოეთის საზღვართან მიმოფანტული ტბებით სავსე, ულამაზეს ბუნებაში კანადური ბატების გადაღება მიმდინარეობდა. გოგლიკა ყოველ დილით, 6-7 საათზე პარაპლანზე ჯდებოდა და 44 ბატთან ერთად ტბებზე დაფრინავდა. „ჩიტების ტრენერი ვიყავი, ჩამწკრივებული ფრენისთვის უნდა მომემზადებინა. როცა მოემზადებოდნენ, ოპერატორი პარაპლანზე ჩემთან ერთად ჯდებოდა და ამ სანახაობას იღებდა. სრული სიგიჟე იყო და კარგი ფულის მომტანიც“. იმდენის, რომ ამ ფულით 2002-ში 6 თვე კალიფორნიაში მშვენივრად იცხოვრა. ნიუ იორკში წასვლის შემდეგ, თბილისში პირველად 2008-ში ჩამოვიდა და ამერიკაში დაბრუნებულმა, საბოლოოდ კიდევ უფრო დასავლეთით, ლოს ანჯელესში გადასახლება გადაწყვიტა. „ჩარჩენილი მქონდა. ზღაპრული კლიმატია, ყველაფერი ყვავის, სულ მზეა. აქედან გამომდინარე, მუდამ კარგი განწყობა გაქვს. ჯანმრთელობის და სხეულის მოვლის კულტია, რისი დიდი მომხრეც ვარ. მომწონს ის, რომ ჩვეულებრივ ქალაქში ხარ, სადაც ყველაფრის ბაზარია – მუსიკის, კინოს, მოდის – და ბევრი რამეც კეთდება, მაგრამ, ამავე დროს, ნიუ იორკისგან განსხვავებით, არაა შფოთვით გადატვირთული და კურორტული ენერგია აქვს. ნიუ იორკმა დამღალა. კალიფორნიაში, ზოგადად, მოშვებული ცხოვრებაა, დაძაბულობის გარეშე. აქ გაქვს საშუალება, დაჯდე, დაფიქრდე და იმას დაუთმო ყურადღება, რაც გიყვარს. ლოს ანჯელესი მანქანების ქალაქია. დაბალი, გაშლილი და უზომო. გგონია, რომ კოსმოსურ ხომალდში ხარ“.

გოგლიკა დღემდე ლოს ანჯელესში ცხოვრობს და უკვე ამერიკელია, სახელად ჯორჯ ალექსანდერ დელონი. სახლში ძალიან ლამაზი, თეთრი ციფრული პიანინო აქვს, ნამდვილი სპილოს ძვლის კლავიშებით. მუსიკა ისევ უყვარს, უსმენს და თავისთვის უკრავს კიდეც. ხანდახან Neiman Marcus-ის მაღაზიაში მყიდველთა პირად ასისტენტად მუშაობს. პარალელურად Gucci-ს ხაზის წარმომადგენელია. გამოწერილი აქვს ფოტო და კომპიუტერული გრაფიკის სახელმძღვანელოები, სწავლობს სხვადასხვაგვარ პროგრამებს და გატაცებულია ფოტოგრაფიით. საქართველოში რომ ჩამოვიდა, დავითგარეჯსა და ბეთანიაში იყო და ძალიან ლამაზი ფოტოები გადაიღო. „დავითგარეჯში ბუნებამ მომხიბლა – ხელშეუხებელი და ძალიან დიდი სივრცეა. საერთოდ, ბუნებაში ყოფნა მამშვიდებს და პოზიტიურად მოქმედებს. არაორგანული ცხოვრებისგან დავიღალე, სადაც ყველა ფულის კეთებითაა დაკავებული. თუ ამდენი ენერგია დახარჯე ფულის შოვნაზე, მერე ეგ ფული საგიჟეთისთვის თუ დაგჭირდება“. საქართველოში, ქალაქში სიარულს, ისევ სახლში და ბუნებაში ყოფნა ურჩევნია. „თბილისი შეიცვალა. ადრე სივრცე და არქიტექტურა ჰარმონიულად იყო დაბალანსებული, ახლა ეს ბალანსი დარღვეული მეჩვენება. ენერგეტიკულად მძიმეა აქ ცხოვრება, მოუგვარებელია ყოფა თითქმის ყველანაირი ადამიანისთვის. ეს ჩემზე მძიმედ მოქმედებს და გულს მტკენს“. აღიზიანებს სიტყვები „იმედი“ და „ტრადიცია“, რომლებიც საქართველოში ხშირად ესმის. „იმედი ილუზიაა, ტრადიცია – წარსული და მასზე ჩაბღაუჭებაა, კონფლიქტია ცხოვრების ბუნებრივ მსვლელობასთან, მის ტრანსფორმაციასთან და, აქედან გამომდინარე – მავნეა და დამანგრეველი. ბუნებაში ყველაფერი მოძრაობს და იცვლება. მე ვთვლი, რომ ადამიანმა ეს უნდა დაინახოს და არ შეუშალოს ხელი თავისი შეზღუდული ფიქრებით, დოგმებით, წესებით და მიზნებით, რომლებიც თავადვე მოიგონა ან გარე ზეგავლენით თავზე მოიხვია. ადამიანები ანგრევენ და ანადგურებენ გარემოს და ეს ძალიან მტკივნეული და თავზარდამცემი ფაქტია. ბედნიერი ვიქნები, თუ შევძლებ შემოქმედებით გამოვხატო ის, რაც არის მთავარი – ულიმიტო, სუფთა სივრცე კონფლიქტის გარეშე“.

P.S. შემთხვევითი ნამდვილად არაა, რომ ამ ტექსტს Pet Shop Boys-ის სიმღერების ამონარიდები წავუმძღვარე. ეს ის ჯგუფია, რომელიც გოგლიკას ბავშვობიდან უყვარს და რომლის წევრებიც, როგორც იქნა, ლოს ანჯელესში გაიცნო – საკმაოდ მოულოდნელად, მეგობრულ სიტუაციაში, რამაც მასაც და მის ახალ ნაცნობებსაც უამრავ საინტერესო თემაზე საუბრის საშუალება მისცა.

კომენტარები