საპრეზიდენტო არჩევნები 2013

ბოკერია: დღევანდელი ვითარება პრემიერის განცხადების საპირისპიროა

დიმა ჩიკვაიძე / ტაბულა

უშიშროების საბჭოს მდივანი იმედოვნებს, რომ ბიძინა ივანიშვილის მიმართვას წინასაარჩევნო პერიოდთან დაკავშირებით, რეალური შედეგები მოჰყვება. გიგა ბოკერია, რომელიც ამავდროულად უწყებათაშორისი კომისიის ხელმძღვანელია, ქვეყანაში შექმნილ ძალადობრივ ფონზე საუბრობს:

"ჩვენ მოვისმინეთ პრემიერმინისტრის განცხადება მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით. ამ განცხადების ერთი ნაწილი სწორ გზავნილს შეიცავს - ვგულისხმობ ნაწილს, სადაც პრემიერი საუბრობს იმაზე, რომ მისი და მისი გუნდის ამოცანა უნდა იყოს არა მარტო მათი პოლიტიკური გუნდის გამარჯვება, არამედ ზრუნვა სამართლიან და თავისუფალ არჩევნებზე. მაგრამ მთავარი, როგორც ყოველთვის, არის ის, თუ რა საქმე მოჰყვება ამ სიტყვას. იმიტომ, რომ დღეს არსებული ვითარება, რასაც ყველანი ვხედავთ, პრემიერის განცხადების საპირისპიროა. ჩვენ ადრეც ვიხილეთ პრემიერის განცხადება იმაზე, რომ უნდა შეწყდეს თვითმმართველობის ორგანოების ხელში ჩაგდება ძალადობით, მუქარით ან დაჭერებით, მაგრამ რეალურად ვხედავთ, რომ ეს პროცესი გრძელდება", - ამბობს გიგა ბოკერია.

მისივე თქმით, ამის დასტურად ბოლო პერიოდში, თბილისის საკრებულოს გარშემო განვითარებული მოვლენებიც გამოდგება:

"თბილისის საკრებულოში ბოლო მოვლენები, ეს სამარცხვინო დაჭერა-გაშვება-ისევ დაჭერა, რასაც მოჰყვა საკრებულოს პრაქტიკულად ხელში ჩაგდება ქართული ოცნების მხრიდან, ადასტურებს, რომ ამ განცხადებას სრულიად საპირისპირო ქმედება მოჰყვა. ათასობით აქტივისტს პერმანენტულად კითხავენ. ეს ფონი არის შეუთავსებელი თავისუფალ და სამართლიან არჩევნებთან. ამის პრალელურად, ვხედავთ, რომ, როგორც ჩანს, იწყება დეპუტატებზე ზეწოლის ახალი ეტაპი საკონსტიტუციო უმრავლესობის ხელში ჩასაგდებად - იმ უმრავლესობის, რომლის მანდატიც ქართულ ოცნებას ამომრჩევლისგან არ მიუღია", - აცხადებს ბოკერია და ასევე აღნიშნავს, რომ სამართლებრივი საფუძვლის გარეშე წინასწარ პატიმრობაშია მთავარი ოპოზიციური ძალის გენერალური მდივანი.

უშიშროების საბჭოს მდივანი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში ფონი ძალადობრივია და ამ ფონზე თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება პრობლემატური იქნება:

"საერთოდ, ფონი არის საკმაოდ ძალადობრივი ქვეყანაში - ჩვენ ვნახეთ არაერთი ძალადობის ფაქტი პოლიტიკური ოპოზიციის წინააღმდეგ, უმცირესობების წინააღმდეგ. ამისთვის ან საერთოდ არ ისჯებიან, ან სიმბოლურად ისჯებიან. ამ ფონზე თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება იქნება ძალიან პრობლემატური და ეს სერიოზულ საფრთხეს უქმნის მომავალ არჩევნებს. მე ვიმედოვნებ, რომ ამ განცხადებას მოჰყვება რეალურად ამ კურსის შეცვლა. წინააღმდეგ შემთხვევაში, საქმე გვექნება ძალიან რთულ წინასაარჩევნო პროცესთან, რომელიც საერთოდ ქართულ დემოკრატიას საფრთხის წინაშე დააყენებს", - ამბობს გიგა ბოკერია.

 

კომენტარები