ბედუკაძის საქმე

ბედუკაძე ადამიანის უფლებების დასაცავად არასამთავრობო ორგანიზაციას ქმნის

timer.ge

ვლადიმერ ბედუკაძე მთავარ პროკურორს, არჩილ კბილაშვილს, მადლობას უხდის და არასამთავრობო ორგანიზაციას ქმნის, რომელიც, მისი თქმით, ძალოვან უწყებებს მონიტორინგს გაუწევს - ამის შესახებ ციხის წამების კადრების ავტორმა 10 ივლისს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

პრესკონფერენციას, ბედუკაძისა და მისი ადვოკატის გარდა, ასევე ესწრებოდა ციხის ყოფილი თანამშრომელი და წამებაში ბრალდებული ბორის ფარულავა.

"მადლობელი ვარ ბატონი კბილაშვილის, რომ არ დაკარგა სიმართლე. მე თავს არ მივიჩნევ დამნაშავედ, მთლიანი გამოძიება დაწყებული იყო მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიზნით, მომხდარიყო ჩემი დისკრედიტაცია, როგორმე მიეღოთ ჩემი აღიარებითი ჩვენება და დაედასტურებინათ ჩემი და ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის კავშირი, თითქოსდა ფინანსურ გარიგებასთან დაკავშირებით. ვიდეოები გამოტანილი იყო გასავრცელებლად და გავრცელდა. მიზეზებს რომ არკვევენ, რაღაც დეტალებს ეძიებიან, თუ როდის გასაჯაროვდა - გასაჯაროვდა მაშინ, როცა იყო ამის რეალური საშუალება და ამის აუცილებელი გარემო პირობები შექმნილი", - ამბობს ბედუკაძე.

რაც შეეხება არასამთავრობო ორგანიზაციას, ბედუკაძის თქმით, მისი მეშვეობით ძალოვან უწყებებში ადამიანის უფლებებს დაიცავს:

"ეს იქნება რეალურად მებრძოლი ორგანიზაცია, რომელიც დაიცავს ადამიანის უფლებებს ძალოვან სტრუქტურებში. ნებისმიერ მსურველთან თანამშრომლობისთვის მზად ვარ. ამით დავამტკიცებ, რა მიზანი მამოძრავებდა ციხის კადრების გავრცელებისას", - განაცხადა ბედუკაძემ.

კომენტარები