ბედუკაძის საქმე

სააკაშვილი მზად არის, კბილაშვილის გათავისუფლებაზე ხელი მოაწეროს

მიხეილ სააკაშვილისა და შტეფან ფულეს ერთობლივი პრესკონფერენცია
facebook.com/SaakashviliMikheil

საქართველოს პრეზიდენტი ვლადიმერ ბედუკაძის საქმის გარშემო განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება. მიხეილ სააკაშვილის თქმით, ის მზადაა, არჩილ კბილაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლებას დღესვე ხელი მოაწეროს, თუ ამ საკითხს მთავრობა წარმოადგენს.

ამასთან, სააკაშვილის თქმით, ნიშანდობლივია, რომ პროკურორმა ვიდეომასალის 2011 წელს გადაცემა დაადასტურა:

"ეს ტიპაჟი, ბედუკაძე, რომელმაც თვითონ აწამა, გადაიღო, თვითონ იყო პროდუსერი, რეჟისორი და მთავარი როლის შემსრულებელი, ლამის ოსკარზე წარადგინა შემდეგ პროკურატურამ. გამოაცხადეს პრაქტიკულად გმირად. დღეს ძალიან საინტერესო დეტალი გაირკვა, რასაც მე დიდი ხანია, ვამბობ, რადგან მქონდა ჩემი ინფორმაცია ამაზე, რომ უკვე 2011 წლის ზაფხულში ეს ფირები კონკრეტული ჯგუფის თუ ადამიანის და არცთუ ისე ღარიბის, შეკვეთით გადაღებული აღმოჩნდა ამ, რბილად რომ ვთქვათ, არაღარიბი ადამიანის ხელში, შემდგომი პოლიტიკური გამოყენების მიზნით. დღეს, მთავარმა პროკურორმა დაადასტურა, რომ ეს ფირები გადეცა რაღაც ჯგუფებს 2011 წლის აგვისტოში - 2 თვით ადრე, ვიდრე დღევანდელი პრემიერმინისტრი გამოაცხადებდა, რომ ის აპირებს საქართველოს ხელში ჩაგდებას", - ამბობს სააკაშვილი.

პრეზიდენტმა ბარბარე რაფალიანცის საქმეც გაიხსენა და აღნიშნა, რომ ხელისუფლებამ უარი თქვა არჩევნებამდე წამოჭრილი ორ მთავარი თემის გამოძიებაზე, რომელიც დღევანდელ მმართველ გუნდს გამარჯვებაში დაეხმარა.

"ის, რომ კბილაშვილმა თვითონ მიიღო გადაწყვეტილება, იმავე ზღაპრიდანაა, სადაც მიწაში ჩაფლულ კასრებში ახალ ვიდეოჩანაწერებს შემთხვევით პოულობენ მუდმივად. მთავრობას, იუსტიციის მინისტრს, პრემიერის დავალებით, დღესვე შეუძლია წარმოადგინოს ბატონი კბილაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხი და მე დღესვე დავაკმაყოფილებ. თუ ეს არაა საბავშვო ბაღი და თამაშები, წარმოადგინონ", - აცხადებს პრეზიდენტი.

 

კომენტარები