საქართველოს პრეზიდენტი

პრეზიდენტი: ნუ გგონიათ, რომ ქვეყანა ჩალითაა დახურული

Georgia's President Saakashvili holds a news conference after meeting EU Council President Van Rompuy in Brussels
Francois Lenoir / REUTERS

საქართველოს პრეზიდენტი დინამოს სტადიონის გარშემო 7 ივლისს საღამოს განვითარებულ მოვლენებს საგანგებო განცხადებით გამოეხმაურა.

„რაც მოდა სტადიონზე და მის გარშემო, ბევრს მეტყველებს იმაზე, თუ რა მდგომარეობაშია საქართველო, რა საფრთხეებისა და გამოწვევების წინაშე დგას“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. მისი თქმით, იგი მიესალმება საფეხბურთო მატჩის გამართვას და ხალხებს შორის კონტაქტების გააქტიურებას ტურიზმის, კულტურისა და სპორტის სფეროში. 

„მაგრამ გუშინ საქართველოში ჩამოიყვანეს რუსეთის დუმის დეპუტატი (სერგეი გავრილოვი), რომელსაც ხმა აქვს მიცემული 2008 წელს საქართველოს დანაწევრებისთვის, აფხაზეთის და ცხინვალის ე. წ. დამოუკიდებლობისთვის. ეს კაცი აქტიურად მონაწილეობდა აფხაზეთის ომში საქართველოს წინააღმდეგ. არსებული ინფორმაციით, აქტიურად არის დაკავშირებული რუსეთის სპეცსამსახურებთან და, პრაქტიკულად, არის საქართველოს დაუძინებელი მტერი, ერთ-ერთი პასუხისმგებელი საქართველოს წინააღმდეგ აგრესიაზე და საქართველოს დაქუცმაცების მცდელობაზე. ამიტომ ერთია, როცა ქვეყანაში უშვებ ტურისტს, სპორტსმენს და მეორე - საქართველოს მტერს. მინდა ვთქვა, დუმის ყველა წევრი, რომელმაც ხმა მისცა საქართველოს დაქუცმაცებას, მანამ, სანამ სიტუაცია არ შეიცვლება, საქართველოსთვის საფრთეს წარმოადგენს“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მისი თქმით, ასეთი ადამიანების შემოშვება საქართველოში არ შეიძლება, „თუ ჩვენ გვაქვს ღირსება, თავმოყვარეობა და ჩვენი ქვეყნის სიყვარული“. სააკაშვილმა დაგმო შს სამინისტროს მოქმედება, რომელმაც რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს წევრი საქართველოში შემოუშვა.

რაც შეეხება ახალგაზრდების საპროტესტო აქციას დინამოს სტადიონთან, პრეზიდენტის თქმით, ისინი იქ კანონისა და კონსტიტუციის სრული დაცვით შეიკრიბნენ და „ამ სუბიექტის საქართველოში ვიზიტს აპროტესტებდნენ“.     

 „სამართალდამცველებმა გამოიყენეს გადამეტებული ძალა და აღკვეთეს მათი კონსიტუტიციური უფლება, გაემართათ მშვიდობიანი აქცია. საქმე გვქონდა პოლიციის მხრიდან პოლიტიკური შინაარსის ქმედებასთან... ვთხოვ და ვავალებ ღარიბაშვილს, რომ ეს ხალხი იყოს გაშვებული. ნუ გგონიათ, რომ ქვეყანა ჩალითაა დახურული, არსებობს რაღაც წესები, რომელიც ყველა თავმოყვარე ქვეყანამ უნდა დაიცვას", - აღნიშნა პრეზიდენტმა.

პრეზიდენტის თქმით, საქართველომ კვლავაც უნდა გააგრძელოს რუსეთთან ჰუმანიტარული კონტაქტების გაღრმავება და იმუშაოს რუსეთის საზოგადოებასთან. მან გამოთქვა რწმენა, რომ რუსეთში მალე ცვლილებები მოხდება.  

„მაგრამ, უნდა ვიცოდეთ, ვინ არის მტერი და მოყვარე, ვისთან შეიძლება მუშაობა და ვისი საქართველოსთან სათოფეზე გაკარებაც არ შეიძლება. მე ვფიქრობ, ამ შემთხვევაში დარღვეულია ჩვენი უსაფრთხოება, შელახულია ჩვენი ეროვნული ღირსება და დარღვეულია კანონი ამ ახალგაზრდების მიმართ. ეს ყველაფერი დაუყოვნებლივ უნდა გამოსწორდეს“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.  

კომენტარები