საპროტესტო აქცია

პოლიციამ დინამოს სტადიონთან საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავა

RFE/RL

პოლიციამ დინამო არენასთან კლუბ თავისუფალი ზონის სამი აქტივისტი დააკავა, რომლებიც თბილისისა და მოსკოვის დინამოს ამხანაგურ მატჩზე რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს წევრების ყოფნას აპროტესტებდნენ.

სტადიონის VIP-შესასვლელთან პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის ფიზიკური შეხლა-შემოხლა მოხდა, რის შემდეგაც დააკავეს აქტივისტები - ირაკლი ჩხირკვია, დავით გოგოხია და ლაშა რუხაია.

აქციის მონაწილეების განცხადებით, პატრულის ერთ-ერთმა თანამშრომელმა მათ პლაკატი დაუხია, რომელზეც ეწერა "ერთიანი საქართველო ოკუპანტების გარეშე". ასევე, მათი თქმით, პოლციელებმა გოგონებს მსუბუქი დაზიანებები მიაყენეს და პლაკატები ჩამოართვეს.  

როგორც ინტერპრესნიუსს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებსათან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნინო გიორგობიანმა განუცხადა, დაკავებულები წინასწარი დაკავების საკანში იმყოფებიან, მათი სასამართლო პროცესი 8 ივლისს გაიმართება. გიორგობიანის განმარტებით, თავისუფალი ზონის სამი აქტივისტი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამო დააკავეს - მათ ბრალი ხულიგნობასა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევაში, 166-ე და 173-ე მუხლებით ედებათ. 

კომენტარები