სახელმწიფო აუდიტი

აუდიტის სამსახურმა ნაციონალურ მოძრაობას უკანონო შემოწირულობა აღმოუჩინა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახური აცხადებს, რომ ნაციონალური მოძრაობის მიერ საპარლამენტო არჩევნების წინ დიდი ოდენობით უკანონო შემოწირულობის მიღების ფაქტი გამოავლინა და ანგარიშს გამოვლენილი ფაქტების შესახებ დამატებითი შესწავლისთვის პროკურატურას უგზავნის.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურში საგანგებო განცხადება მონიტორინგის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა ზურაბ აზნაურაშვილმა გააკეთა.
"ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა პროკურატურიდან მიღებული მასალების შესწავლის შედეგად გამოავლინა, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ კანონის გვერდის ავლით, პარტიული მიზნებისთვის გამოიყენა დასაქმების პროგრამისთვის გათვალისწინებული სახსრები და მიიღო უკანონო შემოწირულობა 5 მილიონ 240 ათას 880 ლარის ოდენობით. კერძოდ, 2012 წელს, სოციალური მომსახურების სააგენტომ, დასაქმების პროგრამის ფარგლებში განახორციელა შრომითი ხელშეკრულების დადება 21 837 პირთან, რომლებმაც განახორციელეს პარტიის სასარგებლოდ წინასაარჩევნო სააგიტაციო სამუშაოები. აღნიშნული ცხადყოფს, რომ მოხდა დასაქმების პროგრამით გათვალისწინებული მიზნების უგულებელყოფა და მის ფარგლებში გათვალისწინებული თანხები მიმართულ იქნა ნაციონალური მოძრაობის წინასაარჩევნო კამპანიის სასარგებლოდ", - განაცხადა აზნაურაშვილმა.
მისივე განმარტებით, რადგან პარლამენტის მიერ 2012 წლის 19 დეკემბერს მიღებული ამნისტიის აქტის შესაბამისად, უწყება მოკლებულია შესაძლებლობას განახორციელოს ადმინისტრაციული საქმის წარმოება და რადგან საქმეში იკვეთება მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ნორმების დარღვევის ნიშნები, აღნიშნულ ანგარიშს დამატებითი შესწავლისთვის პროკურატურას გადაუგზავნიან.

კომენტარები