ირან-საქართველოს ურთიერთობა

ირანელი პარლამენტარი: სავიზო რეჟიმის დაწესებით საქართველო სანქციებს იწესებს

Fars News

ტურიზმი ერთ-ერთი უდიდესი ბიზნესია და სავიზო რეჟიმის შემოღებით და ტურიზმის შეზღუდვით, საქართველო თავის თავს სანქციებს უწესებს, აცხადებს ირანელი პარლამენტარი და ირანის პარლამენტის ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე ალადინ ბურუჯერდი. მისი თქმით, სამწუხაროა, რომ საქართველოს წარმომადგენლები თავისივე ხელმოწერას არ სცემენ პატივს. პარლამენტარმა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მომხდარის შესწავლისკენ მოუწოდა. 

დღეს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაია ფანჯიკიძემ დაადასტურა, რომ ირანთან უვიზო რეჟიმი ცალმხრივად გაუქმდაფანჯიკიძის განმარტებით, ეს გადაწყვეტილება არა საგარეო საქმეთა სამინისტრომ, არამედ მიგრაციის საკითხებზე მომუშავე კომისიამ მიიღო, რომელსაც იუსტიციის მინისტრი ხელმძღვანელობს.

მისი განცხადებით, ახალი საიმიგრაციო პოლიტიკის შემუშავება "ახალი გამოწვევების“ გათვალისწინებით ხდება. "ამ პოლიტიკის შემუშავების ფარგლებში უნდა გადაიხედოს და მოწესრიგდეს სავიზო რეჟიმები სხვადასხვა ქვეყნებთან. ამ კომპლექსური საკითხის ნაწილია ის, რომ დროებით, ცალმხრივად შეჩერდა უვიზო მიმოსვლა ირანთან. სხვათა შორის, ასეთი შემთხვევა 2012 წელს იყო, როდესაც ირანმა შეაჩერა ცალმხრივად ეს ხელშეკრულება და არავითარი ვნებათაღელვა ამას არ მოჰყოლია. მაშინ ეს რამდენიმე თვით იყო შეჩერებული, ახლაც ასეა", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.  

კომენტარები