ეკონომიკური ზრდა

ეკონომიკის მინისტრი: 6%-იანი ზრდის მიღწევა არარეალისტური იქნება

government.gov.ge

მთავრობის მიერ დაანონსებული 6%-იანი ეკონომიკური ზრდა არარეალისტურია - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის შემდეგ განუცხადა.

"ჩემი აზრით, 6%-იანი ზრდის მიღწევა, ალბათ, არარეალისტური იქნება. ჩვენ ვფიქრობთ, 4.5-5%-ის მიღწევა კიდევ შესაძლებელია, უბრალოდ, ამისთვის ძალიან ბევრი წინაპირობაა, მათ შორის, ის უარყოფითი პიარი, რომლის მსოფლიოს მასშტაბით გავრცელდება უნდა შეწყდეს. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩვენ ყოველდღიურად ვმუშაობთ იმ ფაქტორების მოხსნაზე, რომელიც ამ ეკონომიკური ზრდის ნაკლებობის შემადგენელია. ჩვენი მხრიდან ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მთავრობის ეფექტურობა ამ მიმართულებით გაიზარდოს. გუშინ მქონდა შეხვედრა ეკონომიკურ გუნდთან და დავგეგმეთ ის ნაბიჯები, რომლებიც უნდა გადაიდგას ამ შემაფერხებელი ფაქტორების აღმოსაფხვრელად", - განაცხადა კვირიკაშვილმა.

შეგახსენებთ, საქართველოს მთავრობის პროგნოზით, 2013 წლის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 6% უნდა ყოფილიყო. თუმცა, ბოლო თვეებში IMF-მა, EBRD-იმ, Fitch Ratings-მა ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად დასწიეს. საპროგნოზო მაჩვენებლები შეამცირა საქართველოს ეროვნულმა ბანკმაც

კომენტარები