განათლება

ივანიშვილი: გუნდის წევრებს არ წაუკითხავთ უმაღლესი განათლების შესახებ კანონი

Reuters

ჟურნალისტებთან პრესკონფერენციაზე საქართველოს პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი უმაღლესი განათლების შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს გამოეხმაურა. მისი თქმით, შესაძლოა კანონპროექტიდან ამოიღონ პუნქტი, რომლიც პრემიერის მიერ რექტორის მოვალეობის შემსრულებლების დანიშვნას ეხება. თუმცა, ივანიშვილმა იქვე აღნიშნა, რომ იგი ამ ზომას ეთანხმებოდა.

"მე ვფიქრობ, რომ ეს იყო დროებით დანიშვნა და არა ის, რომ მუდმივად. ეს იყო ნორმალური", - განაცხადა ივანიშვილმა.

პრემიერმინისტრმა თავისი კოალიციის ის დეპუტატები გააკრიტიკა, რომლებმაც უმაღლესი განათლების შესახებ კანონში მთავრობის მიერ წარდგენილ ცვლილებებს მხარი არ დაუჭირეს. 

"მე ვფიქრობ, რომ ბევრი გუნდის წევრს არც წაუკითხავს, იქ რა ეწერა და ისე მოისურვეს თავის გამოჩენა. მაგრამ მიუხედავად ამისა, ანგარიში მაქსიმალურად გავუწიეთ და ეს პუნქტი, მე მგონი, მეორე განხილვიდან საერთოდ ამოდის", - განაცხადა ივანიშვილმა.

ივანიშვილი აცხადებს, რომ განათლების რეფორმის კუთხით მინისტრი მარგველაშვილი ძალიან კარგად მუშაობს. პრემიერი აცხადებს, რომ მარგველაშვილი განათლების საკითხებში აქტიურად თანამშრომლობს პარლამენტის განათლების კომიტეტთან თავმჯდომარე ივანე კიღურაძესთან. ივანიშვილის თქმით, მარგველაშვილის მოღვაწეობა განათლების რეფორმის კუთხით "შეუმჩნეველია საზოგადოებიდან და ჩემი მხრიდან ძალიან შესამჩნევი და დასაფასებელია".

შეგახსენებთ, რომ 13 ივნისს განათლების სამინისტროს მიერ ინიცირებული უმაღლესი განათლების შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები, პარლამენტმა პირველი მოსმენით, 72 ხმით 28-ის წინააღმდეგ დაამტკიცა. ცვლილებების პროექტს კოალიცია ქართული ოცნების რამდენიმე წევრმა მხარი არ დაუჭირა. დეპუტატები მიუღებლად მიიჩნევდნენ პრემიერის მიერ რექტორის მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნას. კანონპროეტის ინიცირებას სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების ნაწილის საპროტესტო გამოსვლებიც მოჰყვა. პირველი მოსმენის შემდეგ კანონპროექტის განხილვა დროებით შეჩერდა. 

კომენტარები