საქართველოს პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა 3 ივლისს გამართულ პრესკონფერენციაზე რუსეთთან ურთიერთობების მოწესრიგების პროცესზე ისაუბრა.
„კონკრეტული ნაბიჯები უკვე გადაიდგა. ჩვენ მოვახერხეთ პროდუქციის შეტანა რუსულ ბაზარზე... იმავდროულად, შემაშფოთებელია კითხვები, რომლებიც ე. წ. საზღვართან დაკავშირებით არსებობს“, - განაცხადა პრემიერმინისტრმა.
ამავე დროს, მისი თქმით, იგი „არ ელოდება რაღაც სასწაულს“ და არ ჰგონია, რომ „ხვალ მოხდება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ან რომ ეს მარტო რუსეთის გადასაწყვეტია“.
მან რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის ერთ-ერთი ინტერვიუ გაიხსენა, რომლის დიდი ნაწილი საქართველოსთან ურთიერთობებს დაეთმო.
„პრეზიდენტის (პუტინის) გამოსვლაში იყო რამდენიმე მინიშნება იმაზე, რომ არსებობს ტერიტორია და არსებობს ხალხი, საქართველოს ერთ ტერიტორიად მოიხსენიებდა, და მინიშნება იყო ჩვენს ძმებზე, აფხაზებსა და ოსებზე, რომ ჩვენ თვითონ უნდა გადავწყვიტოთ და ჩვენი გადასაწყვეტია ეს პრობლემები... აბსოლუტურად კარგად გავიგე ეს მინიშნება და აბსოლუტურად ვიზიარებ და ვეთანხმები. და თქვენც ნუ გგონიათ, რომ მარტო რუსეთის გადასაწყვეტია... რუსეთს აქვს დიდი როლი, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია და შესაძლოა უფრო მნიშვნელოვანიც, რომ არა ტერიტორიებზე და მათ დაბრუნებაზე, არამედ ადამიანების დაბრუნებაზე ვიფიქროთ“, - განაცხადა ივანიშვილმა.
მისი თქმით, „ჩვენ უნდა მოვახერხოთ და დავარწმუნოთ ჩვენი ძმები, ოსები და აფხაზები, რომ ჩვენთან თანაცხოვრება არის უფრო საინტერესო, ვიდრე ის, რაც ხდება დღეს“.
პრემიერის განცხადებით, „პრობლემის გადაწყვეტის გასაღები ეკონომიკაში დევს“ და „ჩვენი ქვეყანა უნდა გავხადოთ საინტერესო საცხოვრებლად ჯერ ჩვენთვის და შემდეგ ჩვენი ოსებისთვის და აფხაზებისთვის. ეს იქნება გადამწყვეტი პროცესი და აუცილებლად მოხდება ეს დროთა განმავლობაში და აუცილებლად მოვახერხებთ თანაცხოვრებას, როგორც ვახერხებდით საუკუნეების მანძილზე“.
ივანიშვილის განცხადებით. „სხვა გადამწყვეტ და მკვეთრ ნაბიჯებს“ იგი რუსეთისგან არც ელოდება და არც ითხოვს, რადგან „კარგად აანალიზებს და ხედავს რეალობას“.
მისი თქმით, ამჟამად რუსეთთან მომდინარეობს მოლაპარაკებები მუდმივი რეისების განახლებაზე და სავიზო რეჟიმის შემსუბუქებასა ან გაუქმებაზე.
მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველო მაქსიმალურად შეეცდება, რუსეთს დაეხმაროს სოჭის ოლიმპიადის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.
პრემიერის აზრით, „რუსეთი აცნობიერებს, რომ ასეთი სეპარატისტული ტერიტორიები არ არის საინტერესო მისთვის, რუსეთის სახელმწიფოს უსაფრთხოებისთვისაც“.
„შესაბამისად, ვფიქრობ რომ ნაბიჯ-ნაბიჯ... არის შედარებით პატარა ამოვარდნა, რასაც საზღვრებთან დაკავშირებით ვხედავთ, რაც შემაშფოთებელია... მაგრამ მოთმინებით ჩვენ დავალაგებთ დიდ მეზობელთან ურთიერთობას“, - აცხადებს ივანიშვილი.





