ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

იონათამიშვილის გადადგომას თბილისის მერი და ენმ-ის წევრები აფასებენ

კოკი იონათამიშვილის საქციელი "მორალთან მწყრალია" - ამ სიტყვებით შეაფასა თბილისის მერმა გიგი უგულავამ, იონათამიშვილის მიერ ნაციონალური მოძრაობის დატოვება.

"ვთვლი, რომ მან, მისთვის შეიძლება პერსონალურად სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღო და აქედან სარგებელი ნახოს. ასევე ვთვლი, რომ ასეთ ვითარებაში ეს საქციელი, თუნდაც მეგობრული, თუნდაც კოლეგიალური კუთხით, არასწორი და, რბილად რომ ვთქვა, მორალთან მწყრალია", - განაცხადა უგულავამ.

საპარლამენტო უმცირესობის წევრის დავით დარჩიაშვილის აზრით კი, იონათამიშვილმა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება "პირადი კარიერული კომფორტისთვის" მიიღო.

"მიმაჩნია, რომ კონკრეტულად ამ პირმა ვერ გაუძლო ფსიქოლოგიურ და პოლიტიკურ კლიმატს, რაც აშკარად დევნის ხასიათს ატარებდა. თავისი პიროვნული თუ კარიერული კომფორტისთვის მიიღო ეს გადაწყვეტილება. ეს ჩემთვის აბსოლუტურად ნათელია", - აღნიშნა დარჩიაშვილმა.

იონათამაშვილის მიერ პარტიის დატოვებასთან დაკავშირებით კომენტარი საპარლამენტო უმცირესობის კიდევ ერთმა წევრმა ირმა ნადირაშვილმაც გააკეთა.

"ეს არის ომი, ერთის მხრივ პოლიტიკური ომი და მეორეს მხრივ ნერვების ომი, სადაც ძალიან მძიმეა რომ გაძლო. როდესაც შენს თანაპარტიელებს, შენს გვერდზე მდგომ ადამიანებს ხანდახან სამჯერ ან ოთხჯერ იჭერენ, შემდეგ ორი საათით უშვებენ, ძალიან მძიმეა ეს ჩემთვისაც. ვიღაცას ნერვები ყოფნის, ვიღაცს - არ ყოფნის. არ ვთვლი, რომ ეს ძალიან დიდი ტრაგედიაა. რა თქმა უნდა, გულდასაწყვეტია ჩემთვის ნებისმიერი თანაპარტიელის წასვლა. მე მირჩევნია, რომ ის ადამიანები, ვინც იყვნენ ცხრა წლის მანძილზე ჩვენთან და იზიარებდნენ წარმატებებს თუ შეცდომებს, ისევ დარჩნენ ჩვენთან და ერთად ვიბრძოლოთ, მაგრამ როდესაც ეს ვერ ხერხდება, ეს არის სამწუხარო, მაგრამ ეს არ არის ჩემთვის ფარ-ხმალის დაყრის მიზეზი", - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

მოგვიანებით, კოკი იონათამიშვილმა თავად გააკეთა დამატებითი კომენტარი ჟურნალისტებთან და განაცხადა, რომ საკრებულოში მუშაობას დამოუკიდებელ დეპუტატად გააგრძელებს. 
"არანაირ თავშესაფარს არ ვეძებ. ქართულ ოცნებაში გადასვლა არც მიფიქრია. ჯერ ვიქნები დამოუკიდებელი წევრი, შემდეგ ვნახოთ", - განაცხადა იონათამიშვილმა.

კომენტარები