ნაციონალური მოძრაობა

დავით ბაქრაძე წინა ხელისუფლების შეცდომებზე საუბრობს

wikipedia.org
ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა საპრეზიდენტო კანდიდატმა და საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა, დავით ბაქრაძემ, წინა ხელისუფლების შეცდომებზე ისაუბრა. 
 
როგორც ბაქრაძემ ქუთაისში, პრაიმერის ფარგლებში მიმდინარე დებატების დროს განაცხადა, ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პირობებში ორი მთავარი შეცდომა იყო დაშვებული, რომელთაგან ერთი ეკონომიკური ზრდის ხალხამდე ვერ მიტანაა.
 
"ძალიან ხშირად, ეს ეკონომიკური ზრდა, რაზეც ვსაუბრობდით, ვერ მიდიოდა უბრალო ადამიანების ოჯახში. ადამიანებს, როდესაც რთავდნენ ტელევიზორს და უყურებდნენ სადღაც აშენებულ ლამაზ შენობას, სადღაც გახსნილ ახალ, ლამაზ უბანს, ისეთი განცდა ჰქონდათ, რომ ეს ყველაფერი მათ ქვეყანაში არ ხდებოდა. ეს იყო ერთ-ერთი ჩვენი პრობლემა და ეს იქნება ერთ-ერთი ჩვენი პრიორიტეტი სამომავლოდ, რომ ეკონომიკური ზრდა თითოეულ ოჯახამდე მივიტანოთ", - განაცხადა დავით ბაქრაძემ. 
 
მისი თქმით,  მეორე შეცდომა სახელმწიფოს ბიზნესთან დამოკიდებულებას ეხება.
 
"თუ მკაცრი ადმინისტრირება სრულიად აუცილებელი იყო პირველ ეტაპზე, მე ვფიქრობ, რომ შემდგომ წლებში მკაცრი ადმინისტრირება იყო პრობლემური. პრობლემური იყო ის, რომ ზედმეტად მკაცრად ხდებოდა საგადასახადო სამსახურების მხრიდან ბიზნესების შემოწმება. პრობლემური იყო ის, რომ ზედმეტად მაღალი იყო ჯარიმები, განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესთან მიმართებაში. მე, როგორც მაშინდელი პარლამენტის თავმჯდომარე, ვიღებ ჩემს პასუხისმგებლობას იმაზე, რომ ასეთი მაღალი ჯარიმები უნდა ყოფილიყო შემცირებული. პრობლემური იყო ის, რომ ხშირად სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან იყო ჩარევა ბიზნესში და არ იყო მომხდარი ბიზნესის სრული დეკრიმინალიზაცია. პრობლემური იყო ის, რომ მიუხედავად ბევრი საკანონმდებლო გარანტიისა, არ არსებობდა კერძო საკუთრების დაცულობის უფლება. ამ თვალსაზრისით დღესაც არის პრობლემა და იყო წინა წლებშიც",-აღნიშნა დავით ბაქრაძემ.
 
ამ წუთებში, ქუთაისის ოპერაში, ნაციონალური მოძრაობის პრაიმერის პირველ ტურში კენჭისყრის პროცედურა მიმდინარეობს.
 
ნაციონალური მოძრაობის  პრაიმერიში მონაწილეობას ოთხი კანდიდატი - ზურაბ ჯაფარიძე, შოთა მალაშხია, დავით ბაქრაძე და გიორგი ბარამიძე იღებს.
 
კენჭისყრა ფარულ რეჟიმში მიმდინარეობს.

კომენტარები