რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა

აბაშიძე: ცეკვის, თამაშის და სადღეგრძელოების დრო ჯერ არ მოსულა

Zurab Abashidze
Tabula

ყველანი უნდა დავირაზმოთ იმ განწყობის წინააღმდეგ, თითქოს რუსეთთან ურთიერთობაში ყველაფერი კარგად არის, განაცხადა რუსეთთან ურთიერთობის საკითხში პრემიერმინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ. აბაშიძის თქმით, სავაჭრო-სატრანსპორტო ურთიერთობების გაუმჯობესებამ რუსეთის მიმართ კრიტიკა არ უნდა შეამციროს. 

"რუსეთი, როგორც მას საგარეო ურთიერთობათა დოქტრინაში უწერია, მართლა ცდილობს საქართველოსთან ურთიერთობების გაუმჯობესებას, ისევე როგორც რეგიონის სხვა ქვეყნებთან - მათ შორის, აფხაზეთთან, სამხრეთ ოსეთთან, აზერბაიჯანთან და სომხეთთან, ანუ რუსეთი თვლის, რომ რეგიონში ხუთი ქვეყანაა და ყველა მათგანთან უნდა, რომ კარგი ურთიერთობები იქონიოს. ასეთი ვითარება ქმნის განწყობას, რომ თითქოს მართლაც ყველაფერი კარგად არის - ღვინო გადის, აქეთ-იქით მოძრაობაა და აბა, რას ვერჩით ამ რუსეთს. ასეთი განწყობის წინააღმდეგ ყველანი უნდა დავირაზმოთ. ნათლად უნდა დავინახოთ წყალგამყოფი პოზიტიურსა და ნეგატიურს შორის. ჩვენ თავიდანვე ვამბობდით და ახლაც ვიმეორებთ, რომ გადადგმული ნაბიჯები არანაირად არ ნიშნავს იმას, რომ რუსეთის მიმართ უნდა შევარბილოთ ან შევამციროთ კრიტიკა იმ წითელი ხაზების გამო, რასაც ჰქვია აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარება, აღებული შეთანხმებების და ვალდებულებების  შეუსრულებლობა და რაც ხდება ადმინისტრაციულ საზღვრებზე და მის შიგნით. ამ თვალსაზრისით პროცესი რთულია და მისი გამიჯვნა ძალიან ნათლად უნდა მოხდეს. არ უნდა შევიქმნათ ილუზია იმისა, რომ ყველაფერი კარგად არის - ყველაფერი კარგად არ არის და ალბათ, დიდხანს არ იქნება! ასევე არ უნდა შევუქმნათ ჩვენს დასავლელ პარტნიორებს ილუზია იმისა, რომ მათი დახმარება აღარ გვჭირდება. პირიქით, როგორც არასდროს, ისე გვჭირდება დახმარება, რათა იყო რუსეთზე ზეწოლა, მათთან მოლაპარაკებების დროს საქართველოს თემა მუდმივად ფიგურირებდეს და ეს ვითარება სწორად იყოს გაცნობიერებული", - განაცხადა აბაშიძემ.

აბაშიძის თქმით, ცეკვის, თამაშისა და სადღეგრძელოების დრო ჯერ არ მოსულა.  

დღესვე გამოცემა ამერიკის ხმამ გაავრცელა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინის განცხადება, რომლის მიხედვითაც, ჟენევის მოლაპარაკებების შეწყვეტა გამორიცხული არ არის. 

 

 

კომენტარები