NATO-საქართველო

უსუფაშვილი: NATO-ში გაწევრიანებას ემსახურება დღევანდელი და წინა ხელისუფლება

დავით უსუფაშვილი
netgazeti.ge

საქართველო მტკიცე ნაბიჯებით უახლოვდება ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებას, რომელიც ქართველი ხალხის არჩევანია, რა მიზანსაც ემსახურება დღევანდელი მთავრობა და რა მიზანსაც ემსახურებოდა წინა ხელისუფლება, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ქართველ დეპუტატებთან ჩრდილოატლანტიკური საბჭოს წევრების  შეხვედრაზე.

"ეს არის ძალიან მკაფიო დემონსტრირება იმისა, რომ საქართველო ძალიან მტკიცე ნაბიჯებით მიემართება, მტკიცე ნაბიჯებით უახლოვდება ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებას, რომელიც ქართველი ხალხის არჩევანია, რა მიზანსაც ემსახურება დღევანდელი მთავრობა და რა მიზანსაც ემსახურებოდა წინა ხელისუფლება. ქართველი ხალხის არჩევანი არის მშვიდობა, თანამშრომლობა, დემოკრატია - ეს კი ის ღირებულებებია, რომელიც სწორედ NATO-ს ფუნდამენტური და სახელმძღვანელო პრონციპებია", - განაცხადა უსუფაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველო ალიანსში გაწევრიანებისთვის ძალას არ იშურებს, თუმცა, მიზნის მისაღწევად ქვეყანა გაცილებით უკეთესი უნდა გახდეს:

"ჩვენ ვართ ამაყნი, რომ შეგვიძლია მივიღოთ მონაწილეობა და შევიტანოთ ჩვენი წვლილი დემოკრატიული სამყაროს მცდელობაში, რომ თანამედროვე მსოფლიო იყოს უსაფრთხო, დაცული ტერორიზმისგან, ძალადობისგან და სწორედ ამ მიზნით ჩვენი თანამოქალაქენი და სამხედრო ძალების წარმომადგენლები ყოველდღიურად არ იშურებენ თავიანთ ძალას, ენერგიას და ხშირად, სამწუხაროდ, სიცოცხლეს იმისთვის, რომ ვიყოთ ჩვენი მეგობარი და პარტნიორი სახელმწიფოების გვერდით, მსოფლიოს ყველაზე ცხელ წერტილებში. ამასთანავე, ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ საქართველო უნდა გახდეს გაცილებით უკეთესი, როგორც ჩამოყალიბებული, დემოკრატიული სახელმწიფო, იმისათვის რომ მივაღწიოთ მიზანს და გავხდეთ სრულფასოვანი წევრი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის და შესრულდეს ის განაცხადი, რაც ჯერ კიდევ 2008 წელს გაკეთდა, რომ საქართველო გახდება NATO-ს წევრი", - განაცხადა უსუფაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ამ მიზნით, ბევრი მიმართულებით ვითარება ჯერ კიდევ გასაუმჯობესებელია - მათ შორის, დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების და სიღარიბის დაძლევის თვალსაზრისით.

"ყველა მოქალაქემ, მიუხედავად მისი კუთვნილებისა, თავი უნდა იგრძნოს დაცულ და სრულფასოვან მოქალაქედ. ამისთვის ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი. საქართველოს პარლამენტი მზად არის, თავისი წვლილი შეიტანოს ამ უმნიშვნელოვანეს საქმეში", - განაცხადა უსუფაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველო შემხვედრ ნაბიჯებს NATO-სგანაც ელის:

"გაცხადებულ მიზნებს ჩვენ აუცილებლად შევასრულებთ. ამასთანავე, რა თქმა უნდა, პირველ რიგში საქართველოს მოსახლეობა და ჩვენ, პარლამენტის წევრები და პოლიტიკოსები, ველით იმასაც, რომ NATO-ს წევრი სახელმწიფოების მხრიდან იქნება გარკვეული შემხვედრი ნაბიჯები, მომავალი წლის განმავლობაში შევძლებთ იმის დემონსტრირებას, რომ ინტერგაციის პროცესი გაღრმავდა და წინ წავიწიეთ ამ მიმართულებით. კიდევ გვესტუმრებით და გვეტყვით რა გაკეთდა ჩვენს ქვეყანაში", - აღნიშნა უსუფაშვილმა.

 

კომენტარები