მიმართვა

ცენტრი ემპათია წამების ფაქტებზე: ეჭვქვეშ დგება გამოძიების ადეკვატურობა

წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრმა - ემპათიამ და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ გაეროს მიერ გამოცხადებულ წამების მსხვერპლთა დახმარების საერთაშორისო დღეს განცხადებით მიმართეს იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს, პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს და პრემიერმინისტრ ბიძინა ივანიშვილს. მათი განცხადებით, ხელისუფლება ვერ ახერხებს ადეკვატურად და სწრაფად გამოიძიოს წამების ფაქტები და ადეკვატურად დასაჯოს ის ადამიანები, რომლებიც პატიმრებს წლების განმავლობაში აწამებდნენ.

"2012 წლის სექტემბერში გამჟღავნებული პატიმართა სასტიკი წამების ამსახველი ვიდეოკადრებისა და ზუგდიდის სამალავებში ნაპოვნი შემაძრწუნებელი წამების ფაქტების შემდეგ, საზოგადოებისათვის ცხადი გახდა, რომ წამებას საქართველოს ძალოვან სტრუქტურებში თუ ციხეთა სისტემაში ჰქონდა სისტემური ხასიათი. თუმცა, იმ ფონზე, როდესაც 2013 წლის 14 ივნისს, 16 ჯალათს, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით მიესაჯა არაადეკვატური სასჯელები, რომელთაგან ზოგი გათავისუფლდა, ხოლო უმაღლესი სასჯელი მხოლოდ ერთ პირზე განისაზღვრა 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთით და თანამდებობის დაკავების უფლება ზოგიერთს საერთოდ არ ჩამორთმევია, ზოგ მათგანს კი ჩამოერთვა მაქსიმუმ 1 წლითა და 3 თვის ვადით, ეჭვქვეშ დგება გამოძიების ადეკვატურობის, ეფექტურობისა და მიუკერძოებლობის საკითხი, ისევე, როგორც სასამართლო გადაწყვეტილების ადეკვატურობა. თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში საერთოდ არ არის განმარტებული, თუ რა მუხლებით გასამართლდნენ ჯალათები და იყო თუ არა ბრალი წაყენებული სისხლის სამართლის კოდექსის 1441 (წამების) მუხლით. შესაბამისად, გაუგებარია, თუ ვის ეკისრება პასუხისმგებლობა სასამართლო გადაწყვეტილების არაადეკვატურობაზე: პროკურატურას, სასამართლოს, თუ ორივეს ერთად?! ასევე მიგვაჩნია, რომ წამების ფაქტებთან დაკავშირებით, გაეროს წამების საწინააღმდეგო კონვენციის მუხლი 11 და მუხლი 12-ის შესაბამისად, სწრაფად, ეფექტურად და მიუკერძოებლად უნდა წარმოებდეს გამოძიება", - ნათქვამია წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრის - ემპათიას - განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილიც.

წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობისა და დასჯის წინააღმდეგ გაეროს კონვენციაზე და სტამბოლის პროტოკოლის პრინციპებზე დაყრდნობით, ემპათია მთავრობას დაუსჯელობასთან ბრძოლისთვის ურჩევს:

1. საქართველოში წამების აღკვეთისა და პრევენციისათვის, გაეროს "წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობისა და დასჯის შესახებ" კონვენციის 1-ლი, მე-2 და მე-4 მუხლის შესაბამისად, აუცილებელია, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში სპეციალური მუხლების ზუსტ შესაბამისობაში მოყვანა და გაუმჯობესება, რომელშიც "წამების" განსაზღვრება სრულად იქნება ასახული, კერძოდ კი, განსაზღვრების შემდეგი მონაკვეთი: "აგრეთვე დააშინონ ან აიძულონ იგი ან მესამე პირი ან ნებისმიერი მიზეზით, რომელსაც საფუძვლად უდევს ნებისმიერი ხასიათის დისკრიმინაცია, როცა ასეთ ტკივილსა და ტანჯვას აყენებს, სახელმწიფოს თანამდებობის პირი ან სხვა ოფიციალური პირი, ან მათი წაქეზებით, ნებართვით და მდუმარე თანხმობით";

2. იმავე კონვენციის მე-12, მე-13 მუხლებიდან გამომდინარე (რომელიც ეხება სახელმწიფოს ვალდებულებას წამების ფაქტების სწრაფი და მიუკერძოებელი, ანუ ეფექტური გამოძიების შესახებ), მნიშვნელოვნად მიგვაჩნია "სტამბოლის პროტოკოლის" სახელმძღვანელო პრინციპების მიღება, წამების დოკუმენტირებისა და ეფექტური გამოძიებისათვის; "სტამბოლის პროტოკოლის" პრინციპების სავალდებულო დანერგვა და საკანონმდებლო ბაზის შექმნა წამების ფაქტების დოკუმენტირებისათვის;

3. აუცილებლად მიგვაჩნია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შეტანილ იქნას სპეციალური მუხლი სტამბოლის პროტოკოლის სახელმძღვანელო პრინციპების შესაბამისად კომპლექსური სასამართლო-სამედიცინო და ფსიქოლოგიურ-ფსიქიატრიული ექსპერტიზის სავალდებულო დანიშვნის შესახებ;

4. იმავე სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში აუცილებელია განისაზღვროს წამების მსხვერპლის - დაზარალებულის უფლება - ჰქონდეს ხელმისაწვდომობა გამოძიების მასალებთან, ჰქონდეს პროკურორისა და სასამართლოს გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრების უფლება, ჰქონდეს სუბსიდიური დევნის განხორციელების უფლება, მსხვერპლთან დაკავშირებული წამებისა და სამოხელეო დანაშაულის საქმეებზე, წამებისა და სამოხელეო დანაშაულის შესახებ განმცხადებელი - მსხვერპლი, მიჩნეული იქნას დაზარალებულად განცხადების გაკეთების მომენტიდანვე;

5. წამების პრევენციისათვის აუცილებელია, აღნიშნული კონვენციის მე-10 მუხლის შესაბამისად, სახელმწიფომ უზრუნველყოს სასწავლო-საგანმანათლებლო პროგრამებში "სტამბოლის პროტოკოლის" შეტანა, განსაკუთრებით, იურისტებისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენელთათვის;

6. სახელმწიფო ვალდებულია კონვენციის მე-14 მუხლის შესაბამისად, უზრუნველყოს წამების მსხვერპლთა კომპენსაციისა და სრული რეაბილიტაციის შესაძლებლობა. ამ მიზნით, აუცილებელია, წამების მსხვერპლთა კომპენსაციისა და რეაბილიტაციის ფონდის ან/და პროგრამების შექმნა და, რაც მთავარია, წამების მსხვერპლთა აღიარება;

7. მსოფლიოს ექიმთა ასოციაციის ჰამბურგის დეკლარაციის (1997) შესაბამისად, აუცილებელია, "რისკის ზონაში" (ციხეები, სამედიცინო ექსპერტები და ა.შ.) მომუშავე ექიმების უფლებების დაცვის მექანიზმების შექმნა. აუცილებელია, იმავე ორგანიზაციის ჰელსინკის რეზოლუციის (2003, 2007), საქართველოს შესაბამის საკანონმდებლო ბაზაში ასახვა;

8. აუცილებლად მიგვაჩნია შეიქმნას სპეციალური საპარლამენტო კომისია, რომელიც წამების ფაქტების გამოძიების ეფექტურობაზე მონიტორინგს განახორციელებს.

წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრს - ემპათიას და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს აუცილებლად მიაჩნიათ ეფექტური ბრძოლა დაუსჯელობის წინააღმდეგ, რაც გულისხმობს სწრაფ, ადეკვატურ და ეფექტურ გამოძიებას და დამნაშავეთა სამართლებრივ დევნასა და ადეკვატურ დასჯას; ასევე, მსხვერპლს მიეცეს გამოძიების მასალების ხელმისაწვდომობისა და სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების საშუალება და სრული რეაბილიტაციის ხელმისაწვდომობა.

 

კომენტარები