მიმართვა

მიხეილ სააკაშვილი: შევთანხმდეთ, რომ არასდროს აღარ ვიქცევით მონებად

პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პოლიტიკურ ძალებს ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხების ირგვლივ გაერთიანებისკენ მოუწოდა.  პოლიტიკურ ოპონენტებს ქვეყნის პირველმა პირმა 14 სექტემბერს, ბაგრატის ტაძრის ეზოდან მიმართა.

პრეზიდენტის თქმით,  დემოკრატიის მონაპოვარია ის, რომ პარტიათა ხედვები მკვეთრად განსხვავდება ერთმანეთისგან. ამასთან, პოლიტიკაში ჩართული ადამიანები ხშირად იდეების ჭიდილისა და ჯანსაღი პოლემიკის ნაცვლად ღვარძლსა და შეუწყნარებლობის ენას იყენებენ. საქართველოში არსებობენ პოლიტიკოსები, რომლებიც პარტიულ წარმატებას ქვეყნის წარმატებაზე წინ აყენებენ. პრეზიდენტის თქმით, არცერთი პოლიტიკური მიზანი, არცერთი პარტიული ამბიცია არ ღირს იმად, რომ ამას ქვეყნის ერთიანობა და პერსპექტივა შეეწიროს. მისი თქმით, ის რაც სხვადასხვა პარტიებს ერთმანეთისგან განასხვავებს ძალიან მცირეა იმასთნ შედარებით, რაც მათ აერთიანებს - ძლიერი და ერთიანი საქართველო.

„ჩვენს შორის მრავალი განსხვავების მიუხედავად ყველა ძალას მოვუწოდებ, იყოს ერთიანი, უპირველესად, როგორც ქართველები და როგორც საქართველოს პატრიოტები. გავერთიანდეთ საქართველოს მთავარი მიზნის ირგვლივ, რათა არასდროს დაბრუნდეს საქართველო კორუფციულ გარემოში. შევთანხმდეთ, რომ გავაერთიანებთ საერთო ნებას იმასთან დაკავშირებით, რომ აღარასდროს დავუშვებთ კანონიერი ქურდებისა და ორგანიზებული დანაშაულის თარეშს ჩვენს ქვეყანში, ერთიანი ძალებით ვიბრძოლებთ რუსული საოკუპაციო ძალების გასაყვანად და ქვეყნის გასაერთიანებლად. გავერთიანდეთ იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთთან ურთიერთობას არასდროს ავაწყობთ ჩვენი ეროვნული ინტერესებისა და სუვერენიტეტის დათმობის ხარჯზე. არასდროს აღარ ვიქცევით მონებად. შევთანხმდეთ, რომ ერთად ვიქნებით ერთგული ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებისა და ერთად ვიღვაწებთ საქართველოს ნატო-ს წევრობის სტატუსის მოსაპოვებლად“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

ამასთან, მიხეილ სააკაშვილის შეფასებით, შიდაგანხეთქილება და პარტიული დაპირისპირებები ქვეყანას კარგს არაფერს მოუტანს: „ის, რაც ჩვენ ყველაზე მეტად გვჭირდება, სტაბილურობა და ეკონომიკური განვითარებაა. ახლა არაა ნგრევისა და არასტაბილურობის დრო, ახლა შენების დროა. არც ერთი პოლიტიკოსის პირადი ამბიცია არ ღირს, რომ თუნდაც ერთი ოჯახის წინსვლა შეჩერდეს. მოდით, ნუ შევუშინდებით ერთიანობას! შევთანხმდეთ, რომ ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებში ვართ ერთად და ყველას, მტერსაც და მოყვარესაც ხმამაღლა განვუცხადოთ, რომ ყველა ჩვენგანი პირველ რიგში საქართველოს პატრიოტია და მხოლოდ ამის შემდეგ არის ქრისტიან-დემოკრატი, ლეიბორისტი, მეოცნებე, მემარჯვენე, ნაციონალი თუ მემარცხენე. ბაგრატის ტაძარი უკვე აღდგენილია, როგორც ერთიანობის, უკვდავების სიმბოლო, როგორც გატეხილის აღდგენის სიმბოლო. მე ვუერთდები პატრიარქის მოწოდებას, რომ ყველა მოვიდეთ ტაძრის კურთხევაზე. არის საკითხები, რაშიც არ შეიძლება გაყოფას გავუსვათ ხაზი“.

კომენტარები