სახალხო დამცველი

სახალხო დამცველი ბოდიშს იხდის

facebook.com/UchaNanuashvili

საქართველოს სახალხო დამცველი წუხილს გამოთქვამს და უბოდიშებს საზოგადოებას იმის გამო, რომ ქვეყნის ომბუდსმენმა ვერ შეძლო, სათანადოდ წინ აღდგომოდა ადამიანის წამების პრაქტიკას - ამის შესახებ ომბუდსმენის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი:

"უკვე მრავალი ათეული წელია, ცივილიზებული სამყარო მუშაობს წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობისა თუ სასჯელის აღმოფხვრის მექანიზმების სრულყოფაზე.

26 ივნისი გაეროს მიერ წამების მსხვერპლთა დახმარების საერთაშორისო დღედ არის გამოცხადებული. ეს დღე ყოველწლიურად სხვადასხვა აქციით აღინიშნება მსოფლიოს 70-ზე მეტ ქვეყანაში.

სამწუხაროა, რომ წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური მოპყრობის პრობლემების აღმოსაფხვრელად საქართველოს მთავრობას წლების განმავლობაში არ მიუღია სათანადო და ადეკვატური ზომები, მეტიც, ტენდენციად იქცა გამოვლენილი სისტემური დარღვევების სრული იგნორირება.

ეს დაადასტურა 2012 წლის 18 სექტემბერს მედიასაშუალებებით გავრცელებულმა ე.წ. "ციხის კადრებმაც", სადაც ასახული იყო პატიმართა წამების, დამცირებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტები. მსოფლიო შეძრა ქართულ ციხეებში მომხდარი წამების ფაქტებმა, რის შემდეგაც წამებასთან ბრძოლის ღონისძიებები და მათში სამოქალაქო საზოგადოების უფრო მეტი ჩართულობა კვლავ პრიორიტეტი გახდა. არანაკლებ შემაშფოთებელია ბოლო დღეებში ეგრეთ წოდებულ იარაღის სამალავებში ადამიანთა წამებისა და ღირსებისშემლახავი ქმედებების შემცველი ვიდეოფაილების აღმოჩენა, რაც ამ უმძიმესი დანაშაულის სავარაუდოდ სისტემურ ხასიათს ააშკარავებს.

საქართველოს სახალხო დამცველი გამოთქვამს უდიდეს წუხილს და გულწრფელად უბოდიშებს საზოგადოებას იმის გამო, რომ ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დამცველმა უმთავრესმა და კონსტიტუციურმა ორგანომ ვერ შეძლო, სათანადოდ წინ აღდგომოდა, ემხილა და შეეჩერებინა სამართალდამცავი სტრუქტურებისა თუ სასჯელაღსრულების სისტემის მაღალი თანამდებობის პირების მიერ წლების განმავლობაში დანერგილი ადამიანის წამებისა და ღირსებისშემლახავი მოქმედებების გაუგონარი პრაქტიკა და უზრუნველეყო ქვეყანაში ადამიანის ძირითად უფლებათა და თავისუფლებათა ეფექტური დაცვა", - ნათქვამია განცხადებაში.

ომბუდსმენი ასევე აღნიშნავს, რომ სასამართლომ გამატყუნებელი განაჩენი გამოიტანა პატიმართა წამებაში ბრალდებული 16 ადამიანის მიმართ, რაც ქვეყნის მართლმსაჯულების ისტორიაში პოზიტიური პრეცედენტია:

"მიუხედავად აღნიშნული პოზიტიური პრეცედენტისა, სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას, ყველა დაინტერესებულ მხარეს, არ დაზოგონ ძალისხმევა ადამიანის უფლებათა დაცვის ეფექტური მექანიზმებისა და მონიტორინგის რეალური, შედეგზე ორიენტირებული ინსტრუმენტების შესაქმნელად. სახალხო დამცველი თავის მხრივ გამოთქვამს მზადყოფნას გამოიყენოს მის ხელთ არსებული და კანონით მინიჭებული ყველა სამართლებრივი საშუალება, რათა მომავალში თავიდან იქნეს აცილებული წამებისა და ადამიანის ღირსებისშემლახავი მოქმედებების ნებისმიერი გამოვლინება და ქვეყანაში გაძლიერდეს სამართალდამცავ სტრუქტურებზე მაღალი საზოგადოებრივი კონტროლი, რაც ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა საყოველთაო პატივისცემის, მათი შეუფერხებელი რეალიზაციის აუცილებელი წინაპირობა და კანონის უზენაესობის ფუნდამენტური პრინციპების დამკვიდრების საფუძველია.

ამ ეტაპზე ასევე მნიშვნელოვანია ყურადღების გამახვილება წამების მსხვერპლთა დარღვეული უფლებების აღდგენასა და რეაბილიტაციის მექანიზმების დანერგვაზე. ასობით ადამიანი საჭიროებს დაუყოვნებელ დახმარებასა და თანადგომას, რის გამოც სახელმწიფომ ჯეროვნად უნდა იზრუნოს ამ საკითხზე", - ვკითხულობთ განცხადებაში.

ომბუდმენი ასევე იუწყება, რომ გაიზარდა პრევენციის ეროვნული მექანიზმის ექსპერტთა რიცხვი და უახლოეს ხანში 40 სხვადასხვა დარგის სპეციალისტი, სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებთან ერთად, მუდმივად მიიღებენ მონაწილეობას სახალხო დამცველის სპეციალური პრევენციული ჯგუფის გეგმიურ მონიტორინგსა და საჭიროებიდან გამომდინარე, არაგეგმიურ ვიზიტებში. დამოუკიდებელ ექპერტებთან ერთად ჯგუფში 20-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას.

საქართველოს ამჟამინდელი სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი ომბუდსმენის პოსტზე პარლამენტმა 2012 წელს, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ დაამტკიცა. მისი წინამორბედი, გიორგი ტუღუში, ციხეში პატიმართა წამების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ სასჯელაღსრულების მინისტრი გახდა.

რაც შეეხება გლდანის N8 დაწესებულების პატიმართა წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში ბრალდებულებს, რვა მათგანთან პროკურატურამ საპროცესო შეთანხმება გააფორმა, ვლადიმერ ბედუკაძე კი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლა.

 

კომენტარები