სახალხო დამცველი

სახალხო დამცველი პაპუაშვილს მედიის აკრედიტაციის შესახებ წესის ცვლილებისკენ მოუწოდებს

ლევან იოსელიანი

საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი პარლამენტის აპარატის მიერ სხვადასხვა დროს კრიტიკული მედიის ჟურნალისტებისა და ოპერატორებისთვის აკრედიტაციის შეჩერების საკითხს ეხმიანება და განცხადებას ავრცელებს. იოსელიანი პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს მოუწოდებს სადავო წესში ცვლილება შეიტანოს იმგვარად, რომ რეგულაცია არ იწვევდეს მედიის წარმომადგენლის საქმიანობაში გაუმართლებელ ჩარევას. ამასთან, მისივე განცხადებით ჟურნალისტების მიმართ გატარებული ნებისმიერი კანონიერი ღონისძიება უნდა ეფუძნებოდეს თანასწორობის პრინციპს.

''სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ - პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 6 თებერვლის ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს პარლამენტში მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის წესი, რომელიც ამგვარ პრაქტიკას უდევს საფუძვლად, პრობლემურია. ამასთან, აღნიშნულ წესში არ არის გაწერილი მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების საკითხი, ჟურნალისტებისთვის აკრედიტაციის შეჩერების გადაწყვეტილებაში კი, არ არის მითითებული მისი გასაჩივრების ვადა და პროცედურა, რაც კანონმდებლობის აუცილებელ მოთხოვნას წარმოადგენს".- ნათქვამია განცხადებაში. 

სახალხო დამცველის თქმით, მედიის წარმომადგენლების მიმართ მსგავსი დამოკიდებულება და გადაწყვეტილებები ქვეყანაში პოლარიზაციის შემცირებას უშლის ხელს.

პირველი მარტიდან პარლამენტში ამოქმედდა მედიის საქმიანობის შესახებ ბრძანება, რომელიც ჟურნალისტის აკრედიტაციას და საკანონმდებლო ორგანოში ქცევის წესებს განსაზღვრავს. კერძოდ, ახალი წესის თანახმად, ჟურნალისტმა "ხელი არ უნდა შეუშალოს პარლამენტში მიმდინარე ღონისძიებების მსვლელობას; წინასწარი ნებართვის გარეშე არ გადაიღოს პარლამენტის წევრის ან აპარატის თანამშრომლის სამუშაო ოთახი; პარლამენტის წევრის, აპარატის თანამშრომლის ან სტუმრად მყოფი პირის მიერ ინტერვიუს ჩაწერაზე უარის თქმის შემთხვევაში შეწყვიტოს ინტერვიუ". წინააღმდეგ შემთხვევაში, ჟურნალისტს აკრედიტაცია ერთი თვით შეუჩერდება.

კომენტარები