პრეზიდენტის ვეტო

პრეზიდენტმა რამდენიმე კანონპროექტს ვეტო დაადო

primetimenews.ge

მიხეილ სააკაშვილმა ვეტო კიდევ რამდენიმე კანონპროექტს დაადო - ამის შესახებ განცხადება პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ გააკეთა.

საქმე ეხება კანონპროექტს, რომლითაც ცვლილებები შედის კანონში მაუწყებლის შესახებ, ასევე საკანონმდებლო ცვლილებებს საარჩევნო კოდექსსა და სახალხო დამცველის შესახებ ორგანულ კანონში.

მანანა მანჯგალაძის თქმით, შენიშვნები, რომლითაც პრეზიდენტმა კანონპროექტი საქართველოს პარლამენტს უკან დაუბრუნა, საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებლობასა და მის საქმიანობაში ჩაურევლობის გარანტიების შენარჩუნებასა და განმტკიცებას ითვალისწინებს.

"პარლამენტის მიერ მიღებული კანონის პროექტი არსებითად ამცირებს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის მიმართ პარლამენტის მიერ უნდობლობის გამოცხადებისთვის საჭირო კვორუმს, რაც ცალსახად უქმნის საფრთხეს მეურვეთა დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის პრინციპს. ამავდროულად, კანონპროექტის მიხედვით, შესაძლებელი ხდება არა მხოლოდ სამეურვეო საბჭოს ცალკეულ წევრთა, არამედ მთლიანად სამეურვეო საბჭოს მიმართ უნდობლობის გამოცხადება და უფლებამოსილების შეწყვეტა. მოქმედი კანონი ამგვარ შესაძლებლობას არ ითვალისწინებს.
კანონპროექტის აღნიშნული დებულებები არსებითად ამცირებს საზოგადოებრივი მაუწყებლის, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოსა და მის წევრთა სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებისაგან დამოუკიდებლობას და ქმნის პოლიტიკური მოტივაციით საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრთა თანამდებობიდან გათავისუფლების საფრთხეს", - აცხადებს პრეზიდენტის პრესსპიკერი.

კომენტარები