შს მინისტრი

ღარიბაშვილი: დღეს შსს-მ კიდევ 4 კასრი იპოვა

ირაკლი ღარიბაშვილი
facebook.com/irakli.garibashvili.96

შინაგან საქმეთა მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, შსს-მ სამეგრელოში დღეს კიდევ 4 კასრი იპოვა. ღარიბაშვილის თქმით, კასრებში დოკუმენტები და ვიდეომასალაა. აღნიშნული განცხადება მინისტრმა ტელეკომპანია რუსთავი 2-ზე, გადაცემა "პოზიციაში" გააკეთა. 

ღარიბაშვილმა პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოფირების არქივის არ განადგურების მიზეზებზეც ისაუბრა. მინისტრის თქმით, წინა ხელისუფლების წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ მსგავსი ფაქტები ლოკალური და არა სისტემური ხასიათის იყო, სწორედ ამის გასარკვევად არის საჭირო კადრების არქივის შენარჩუნება. 

"ეს იყო კომისიის ერთობლივი გადაწყვეტილება. ჩვენ გავაანალიზეთ არსებული ვითარება, ვნახეთ, რომ გამოიკვეთა ახალი გარემოებები, ამას დაემატა ის, რომ მოვისმინეთ ძალიან “საინტერესო” განცხადებები, მათ შორის პრეზიდენტის და კრიტიკოსების მხრიდან გამოითქვა ვარაუდი, რომ საქმე არ გვაქვს სისტემურ დანაშაულთან, რომ ეს იყო ლოკალური დანაშაული, ჩადენილი რამდენიმე სადისტის მიერ. მაგრამ ჩვენ ვართ დარწმუნებული, რომ ეს არის სისტემური დანაშაული და არა ლოკალური გამოვლინება. ჩვენ, პრაქტიკულად, დავასრულეთ იმ არქივის აღრიცხვა, რომელიც ხელთ გვაქვს. დავახარისხეთ. იქაა სხვადასხვა კატეგორიის მასალა, იქნება ეს პოლიტიკოსების, ჟურნალისტების, საზოგადოებისთვის ცნობილი თუ უცნობი პირების ამსახველი ვიდეომასალა. ანალიზი გავაკეთეთ და გვინდა ეს ანალიზი წარვუდგინოთ დიპლომატიურ კორპუსს, არასამთავრობოებს და მედიის წარმომადგენლებს,” განაცხადა ღარიბაშვილმა. 

ღარიბაშვილის თქმით, კრიტიკოსები ვანო მერაბიშვილს პოლიტიკურ დევნილად აცხადებენ, და სწორედ ამ მიზეზით აჩვენებენ დიპლომატიურ მისიებს, საერთაშორისო საზოგადოებას და კრიტიკოსებს აღნიშნულ ვიდეოკადრებს.მინისტრის თქმით, გამორიცხული არ არის ახლადნაპოვნი კადრების საფუძველზე მერაბიშვილს ბრალი დაუმძიმდეს. ღარიბაშვილის თქმით, შეუძლებელია ვანო მერაბიშვილს მსგავსი ფაქტების შესახებ არაფერი სცოდნოდა. მინიტრმა რამდენჯერმე აღნიშნა, რომ საქმე სისტემურ დანაშაულს ეხება. 

კომენტარები